გლდანში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის ნაწილი ჩაინგრა. ასფალტის საფარი გუშინ გვიან ღამით ჩავარდა. თბილისის მერიის სხდომაზე კი ამტკიცებენ, რომ პრობლემა ჭარბ ნალექს უკავშირდება.

როგორც მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა მთავრობის სხდომაზე თქვა, ხიზანიშვილის რეაბილიტაცია დაექსპერტებული პროექტით განხორციელდა. მანვე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ადგილას, მათ შორის ხიზანიშვილის ქუჩაზე პრობლემა შექმნა.

"კერძო მოხდა ამ უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე არხების შეტბორვა, გადავსება, რაც არის, პირველადი მონაცემებით, ამ დაზიანების გამომწვევი მიზეზი", — განმარტა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ, რათა პრობლემა მოგვარდეს.

თბილისის მერის, კახა კალაძის კითხვაზე შესრულებულ სამუშაოებს აქვს თუ არა რაიმე პრობლემა, ბენდელიანმა კვლავ აღნიშნა, რომ რეაბილიტაცია დაექსპერტებული პროექტის მიხედვით შესრულდა და ხარვეზი, პირველადი მონაცემებით, ნალექითაა გამოწვეული.

თვითონ მერმაც დაადასტურა, რომ დედაქალაქში უხვი ნალექი იყო, თუმცა შიდა აუდიტი რეაბილიატაციის პროექტს მაინც შეისწავლის.