ხელოვანი, სახელად კრისტალ უოლტერი, რომელიც ინტერნეტში Neoqlassical Art-ად არის ცნობილი, ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ცოტა ხნის წინ დისნეის პერსონაჟების ნახატები მისეული ინტერპრეტაციით გამოაქვეყნა.

უოლტერის ნამუშევრებში ცნობილი ანიმაციების გმირები "არასტანდარტული ზომით" არიან წარმოჩენილნი. როგორც ხელოვანი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის გამოხმაურება მეტწილად დადებითი იყო, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც იგი გააკრიტიკა და "სიმსუქნის განდიდებასა" და არაჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზებაში დასდო ბრალი. კრისტალის თქმით, მისი მიზანი ეს არ ყოფილა და ნაცვლად ამისა, სურდა, ეგრეთ წოდებული ჭარბწონიანობის შესახებ არსებული ტაბუ დაემსხვრია და განეცხადებინა, რომ ჩვენი თავი ისეთი უნდა გვიყვარდეს, როგორიც ვართ.

"არასდროს მითქვამს ვინმესთვის, უფრო გასუქებულიყო ან ის, რომ სიმსუქნე სიგამხდრეზე უკეთესია. უბრალოდ, მსურდა, მეჩვენებინა, რომ ეგრეთ წოდებული ჭარბწონიანებიც იმსახურებენ ისეთივე პატივისცემას, როგორც ყველა. ჩვენს კულტურაში არაერთი გზით ხდება ისეთი პროდუქციის მიწოდება, რაც წონის მატებას იწვევს, თუმცა ამის პარალელურად მუდმივად გვეშინია შედეგის, რადგან არასტანდარტული ზომის მქონე ადამიანებს ჩაგრავენ, არცხვენენ და დასცინიან", — ამბობს ხელოვანი.

ფოტო: neoqlassicalart

ფოტო: neoqlassicalart

ფოტო: neoqlassicalart

უოლტერი ამბობს, რომ მისი პროექტი მხოლოდ სხეულის პოზიტიურად აღქმის პოპულარიზებას ემსახურებოდა. სწორედ საკუთარი თავის პოზიტიურად აღქმის ნაკლებობამ უბიძგა, საზოგადოების ცნობიერში გამჯდარი პერსონაჟების სახეები ახალი კუთხით წარმოეჩინა.

"როცა ვიზრდებოდი, მედიასივრცეში არასტანდარტული ზომის მქონე გმირებს ვერ ვხედავდი. ისტორიულად, ხშირად ხდებოდა ჭარბწონიანი ადამიანების დემონიზება, ან მათი გამოჩენა კომიკურ ეფექტს ემსახურებოდა ხოლმე — თითქოს ისინი უფრო ნაკლებად ჭკვიანები და მოხერხებულები იყვნენ მათ ტანწერწეტა მეგობრებთან შედარებით. ეს მიდგომა შეუმჩნევლად აზიანებს ბავშვს, და როგორც ყველას, მეც ზიზღი გამიჩნდა საკუთარი სხეულისადმი. არ შემეძლო, ფიზიკურად გამეიგივებინა თავი იმ გმირებთან, რომლებიც მიყვარდა. მაგალითისთვის, დისნეის ის პრინცესები, რომელთა სახეცვლილი ვერსიებიც მე შევქმენი", — ამბობს კრისტალი.

ხელოვანი გვიზიარებს, როგორ გაუჩნდა კვების დარღვევები თინეიჯერობის ასაკში, რადგან არ სულ რამდენიმე კილოგრამის დასაკლებად არ ჭამდა საჭმელს და მეტისმეტს ვარჯიშობდა. მცდელობისდა მიუხედავად, იგი შეუქცევადად იმატებდა წონაში. საბოლოოდ, ამ ყველაფრის გამო კრისტალი მოზარდობისას ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. ამ დროს იგი ვარჯიშობდა, შიმშილობდა და თავს საშინლად გრძნობდა.

"ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიგნალის მომცემი იყო, რათა საკუთარი თავი და სხეული შემეყვარებინა. გავიაზრე, რომ სხეულის ფორმასა და განწყობას შორის დამოკიდებულება არ არსებობს. ასევე არ არსებობს დამოკიდებულება სხეულის ფორმასა და ცხოვრების ხარისხს შორის", — აცხადებს კრისტალი, — "ჩემი გამოცდილებიდან, შევიცანი, რომ მიუხედავად იმისა, რამდენი კილოგრამი ხარ, თუკი ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებ და თავს ბედნიერად გრძნობ, მაშინ ზუსტად ამდენი კილოგრამი უნდა იყო".

ფოტო: neoqlassicalart

ფოტო: neoqlassicalart

უოლტერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს არ ნიშნავს, "სიგამხდრე ცუდია" ან "შეუძლებელია". ამის ნაცვლად მას სურდა, ყურადღება გაემახვილებინა, რომ ნებისმიერი ფორმის სხეულის პატრონი იმსახურებს პატივისცემას და მიღებას, მიუხედავად იმისა, რამხელა ადგილს იკავებენ ისინი და რას აკეთებენ ან ვერ აკეთებენ.

"პერსონაჟები, რომლებიც მე დავხატე ნაკლებად რეალისტურები იყვნენ თავდაპირველად. მათი წელი თავთან შედარებით შეუსაბამოდ წვრილი იყო, თუმცა ჩემი მიზანი არ ყოფილა, ისინი მეტად რეალისტურად მექცია. მე მსურდა, მათში საკუთარი თავი დამენახა, რათა ჩემ მსგავსად ეს სხვებსაც შეძლებოდათ", — ამბობს ხელოვანი.

ფოტო: neoqlassicalart

ფოტო: neoqlassicalart

უოლტერის თქმით, ხალხი მას დიდი სიყვარულს უზიარებს:

"ისინი ამ ნახატებს საკუთარ შვილებს აჩვენებენ და თავადაც ძალიან მოსწონთ".

ფოტო: neoqlassicalart

ფოტო: neoqlassicalart

კრისტალი აგრეთვე ამბობს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას "სიმსუქნის პანდემიის" პრობლემა. ამის ერთ-ერთი გზა კი ადამიანების დაცინვა არ არის. მისი თქმით, მსოფლიოს კულტურული ცვლილება ესაჭიროება.

"გვჭირდება ჯანსაღი კვების ობიექტი იქ, სადაც ასეთი არაა. გვჭირდება სახალისო აქტივობების წახალისება და ადგილი, სადაც ამ აქტივობებით დავკავდებით. ადგილი, რომელიც ბუნებასთან იქნება ახლოს და სადაც სიკეთე ისუფევს. გვჭირდება "არასტანდარტული ზომის" მქონე ადამიანების ხილვადობის გაზრდა — მოწოდება, რომ მათ არა წონა დაიკლონ, არამედ იცხოვრონ ისე, როგორც სურთ".

ფოტო: neoqlassicalart

ფოტო: neoqlassicalart

კრისტალის აზრით, საზოგადოებისგან "მსუქნად" წოდებული ხალხი "უბრალოდ, ხალხია — და არა ხალხი, რომელიც რაღაცის (წონის დაკლების) მოლოდინშია". ისინი იმსახურებენ, რომ მათზე არ გაიცინონ, არ დასცინონ და არ შეხედონ "შიშით, ზიზღით ან შეცოდებით".

"იმის განდიდება, რასაც დანარჩენი მსოფლიო მუდმივად ამცირებს, სულაც არაა ამ რაღაცის პოპულარიზება ან წახალისება. ეს, უბრალოდ, იმის გაცხადებაა, რომ ეს რაღაც ცუდ ადამიანად არ გაქცევს, ან რამეს არ გაკლებს. არ მგონია, რომ ამის მოთხოვნა ნამეტანია", — ამბობს უოლტერი.

ფოტო: neoqlassicalart

ფოტო: neoqlassicalart

ფოტო: neoqlassicalart

ორიგინალური ნამუშევრების ავტორი ასევე საუბრობს, რამდენად უყვარს ხელოვნება. უოლტერის თქმით, მას მხატვრობა ბავშვობიდან სურდა.

"როცა ბავშვობაში მეკითხებოდნენ, რა მინდოდა, გამოვსულიყავი, ვპასუხობდი — 'მხატვარი' — ხოლო, თუ ეს არა, მაშინ როკ-ვარსკვლავობა მინდოდა. მცირე პერიოდის განმავლობაში, მერვე კლასში ბიჭივით ვიცვამდი და ვფიქრობდი, რეპერი გავხდები-მეთქი. თუმცა, განა ყველა ასე არ ვფიქრობდით? ამისდა მიუხედავად, მხატვრობა ყოველთვის ჩემი მიზანი იყო — ის, რაზეც დანამდვილებით იცი, რომ შენი მოწოდებაა".

კრისტალი ყველა დამწყებ მხატვარს და ნებისმიერს, ვისაც საკუთარ სფეროში წარმატების მიღწევა სურს, ურჩევს, რომ საქმისადმი სიყვარულით დაიწყონ.

"იპოვე ის, რაც გაჯაჭვავს. თუკი რაღაც სფერო გიტაცებს და შთაგაგონებს, მაშინ იგი მუდმივად გიბიძგებს, რომ განაგრძო, მაშინაც კი, თუ გამოხმაურება და ფინანსური სარგებელი დიდი არ გაქვს. და არასდროს შეგეშინდეს, მოითხოვო ის, რაც გსურს. ეს პირველი ტაბუა, რომელიც უნდა დავამსხვრიოთ", — ამბობს ხელოვანი.

ფოტო: neoqlassicalart

ფოტო: neoqlassicalart

ამ პროექტის სხვა ნამუშევრების დათვალიერება შეგიძლიათ ხელოვანის ვებგვერდსა და ინსტაგრამზე.