ლელოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ამავე რაიონის ორგანიზაციის წევრზე, მანანა სულთანიშვილზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, პირდაპირი ზეწოლა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან იყო.

მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ, თბილისის საკრებულოს წევრის, რიმა ბერაძისა და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირის, მაკა სამნიაშვილის, ასევე ქეთი ღვინიაშვილის მხრიდან ლელოს ჩუღურეთის ორგანიზაციის წევრზე ზეწოლა განხორციელდა.

ლევან სამუშიას თქმით, ქართულმა ოცნებამ უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია მოსახლეობის დაშინებით.

"მე მინდა მივმართო ყველას, თუ ვინმეს მიმართ განხორციელდება ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, ლელო იქნება მათი უსაფრთხოების ქოლგა და არავის არ მივცემთ ამ ადამიანების დაშინების უფლებას. ის, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ვითომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებასა და გამკაცრებას ითხოვენ კანონის სახით, არის ტყუილი. არც ერთი ამომრჩევლის დაშინება არ გაუვათ, ბოლომდე მივყვებით თითოეული დაშინებული მოქალაქის საქმეს", — განაცხადა ლევან სამუშიამ.

პარტია ლელო საქართველოსთვის და მისი ლიდერი მოითხოვენ, დაუყონებლივ მოხდეს სამართლებრივი რეაგირება კონკრეტულ შემთხვევაზე.

ლელოს წევრისა და მხარდამჭერის, მანანა სულთანიშვილის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა მისგან მოითხოვეს, შეწყვიტოს ლელოს მხარდაჭერა და იმუშაოს სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუწყდება სოციალური დახმარება და შეუჩერდება უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლება.