ქეით უინსლეტმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ისეთ ცნობილ და კონტროვერსულ რეჟისორებთან თანამშრომლობა, როგორებიც ვუდი ალენი და რომან პოლანსკი არიან: ოსკაროსანი მსახიობის განცხადებით, ის ამ გამოცდილებით არ ამაყობს.

როგორც ბევრისთვის ცნობილია, ვუდი ალენი თავისმა შვილმა, დილან ფეროუმ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, პოლანსკი კი 1977 წელს 13 წლის გოგოს გაუპატიურების გამო დამნაშავედ ცნეს, თუმცა ის აშშ-ის მართლმსაჯულებას გაექცა და მრავალი მოთხოვნის მიუხედავად, რეჟისორს ჩადენილ დანაშაულზე პასუხი დღემდე არ უგია.

ქეით უინსლეტმა როგორც პოლანსკის 2011 წლის ფილმში Carnage, ისე ვუდი ალენის Wonder Wheel-ში ითამაშა, რომელიც 2017 წელს გამოვიდა. Vanity Fair-ში 10 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას ნანობს.

"რა ჯანდაბას ვაკეთებდი, როცა ვუდი ალენთან და რომან პოლანსკისთან ვთანამშრომლობდი? ჩემთვის დაუჯერებელია, რომ ამ კაცებს ასეთ დიდ პატივს მიაგებენ მთელ კინოინდუსტრიაში ამდენი ხნის განმავლობაში. ეს საშინლად სამარცხვინოა. იმის გამო, რომ ორივე მათგანთან ვთანამშრომლობდი, მეც უნდა ავიღო პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ, დროის უკან დაბრუნება არ შემიძლია", — ამბობს მსახიობი.

ქეით უინსლეტი რომან პოლანსკის ფილმში Carnage.

ფოტო: Sony

ქეით უინსლეტი ვუდი ალენის ფილმში Wonder Wheel.

ფოტო: Amazon Studios

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს The New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში ქეით უინსლეტს ამავე საკითხზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა:

"როგორც მსახიობმა, ფილმში მონაწილეობისას უბრალოდ უნდა დაივიწყო, თუ რა იცი, თუნდაც ეს სიმართლე იყოს ან ტყუილი. ეს საკითხი უბრალოდ გვერდით უნდა გადადო და ისე ითანამშრომლო ადამიანთან. ვუდი ალენი შესანიშნავი რეჟისორია, ისევე, როგორც რომან პოლანსკი. ორივე მათგანთან არაჩვეულებრივი სამუშაო გამოცდილება მქონდა და ეს სიმართლეა".

წელს ქეით უინსლეტის მონაწილეობით ახალი ფილმი Ammonite გამოვა, რომელიც 1800-იანი წლების ინგლისში შეყვარებული ქალების თავბრუდამხვევი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. როგორც მსახიობი აღნიშნავს, სწორედ ამ პროექტზე მუშაობამ მას ბევრ რამეზე წარმოდგენა შეუცვალა:

"უკეთ გავიგე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა საკუთარი თავების შესახებ თავად მოგვითხრონ და მათი ისტორიები ისე ასახონ, როგორც თავად სურთ, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა და მინდა, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, რათა ახალგაზრდა ქალებს უკეთესი მაგალითი ჰქონდეთ".