ოცნების პარტიულ სიაში მოხვდნენ დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში აქტიურობით არ გამოირჩევიან და მეტიც,"მდუმარე დეპუტატების" სახელიც შეარქვეს. ისინი წლების განმავლობაში არ იყენებდნენ პარლამენტის ტრიბუნას ან იმდენად იშვიათად იყენებდნენ, რომ ერთეული შეთმხვევების დათვლა შეიძლება. მიუხედავად ამისა, ქართულმა ოცნებამ მოისურვა მათ კიდევ ერთხელ მისცეს კანონშემოქმედებითი საქმიანობის საშუალება.

On.ge ეყრდნობა პარლამენტიდან სხვადასხვა წლებში გამოთხოვილ ინფორმაციებს.

ეს დეპუტატები არიან:

  • დიმიტრი სამხარაძე — ახალ სიაში 23-ე ნომერი;
  • სავალან მირზოევი — ახალ სიაში 35-ე ნომერი;
  • ვიქტორ ჯაფარიძე — ახალ სიაში 51-ე ნომერი;
  • ედიშერ თოლორაია — ახალ სიაში 53-ე ნომერი;
  • გოდერძი ჩანქსელიანი — ახალ სიაში 54-ე ნომერი;
  • ელგუჯა გოცირიძე — ახალ სიაში 55-ე ნომერი;
  • შალვა კიკნაველიძე — ახალ სიაში 78-ე ნომერი;
  • სამველ მანუკიანი — ახალ სიაში 134-ე ნომერი;
  • ირაკლი ხახუბია — ახალ სიაში 145 ნომერი.

მაგალითად, გოდერძი ჩანქსელიანს, ელგუჯა გოცირიძეს, ირაკლი ხახუბიას, ვიქტორ ჯაფარიძეს, დიმიტრი სამხარაძეს და სამველ მანუკიანს, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2019 წლის ნოემბრამდე, ანუ სამი წლის განმავლობაში ხმა არცერთხელ ჰქონდათ ამოღებული. როგორც პარლამენტის აპარატში განმარტავენ,ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში მათ მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავთ.

გარდა დუმილისა, ამ დეპუტატების ნაწილი გაცდენებითაც გამოირჩევა, რის გამოც ისინი არაერთხელ დაჯარიმდნენ. მაგალითად, 2019 წელს დიმიტრი სამხარაძე გაცდენებისთვის 5 654 ლარით დააჯარიმეს, ირაკლი ხახუბია კი 2 370 ლარით.

გაიგეთ მეტი "მდუმარე დეპუტატებზე":

გაიგეთ მეტი ქართული ოცნების პარტიულ სიაზე: