ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჯადოსნური ცხოველების ფილმების სერიის ახალ ნაწილში ჯონი დეპს მადს მიკელსენი ჩაანაცვლებს.

BBC-ის ინფორმაციით, კინოსტუდია Warner Bros-მა 25 ნოემბერს დააანონსა, რომ თავისი ამ გახმაურებული ფრენჩაიზისთვის მთავარი ანტიგმირის — გრინდელვალდის როლზე ჯონი დეპის შემცვლელი იპოვა.

მადს მიკელსენი დანიური წარმოშობის ცნობილი მსახიობია, რომელსაც მაყურებლები კარგად იცნობენ ფილმით ნადირობა (The Hunt) და სერიალით ჰანიბალი (Hannibal). მომავალი პროექტი მისი პირველი ბლოკბასტერი არ იქნება: მიკელსენს აქამდე ისეთ მაღალბიუჯეტიან და ასეთივე შემოსავლების მქონე სურათებშიც უთამაშია, როგორებიცაა კაზინო როიალი (Casino Royale) და დოქტორი სტრეინჯი (Doctor Strange).

მადს მიკელსენი ფილმში დოქტორი სტრეინჯი.

ფოტო: Warner Bros.

აღასანიშნავია, რომ ჯადოსნური ცხოველების მესამე ნაწილში მიკელსენის მიერ ჯონი დეპის შესაძლო ჩანაცვლების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ დაახლოებით ორი კვირის წინ, ნოემბრის დასაწყიში გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპმა გრინდელვალდის როლზე უარი კინოსტუდია Warner Bros-ის თხოვნით მას შემდეგ თქვა, რაც ლონდონის სასამართლოს გამოცემა Sun-თან დავა წააგო: გაზეთმა 2018 წელს მას "ცოლის მცემელი" უწოდა, რასაც მსახიობი ცილისწამებად მიიჩნევდა, თუმცა მოსამართლემ დაადგინა, რომ ჯონი დეპი თავის ყოფილ ცოლზე, ამბერ ჰერდზე ნამდვილად ძალადობდა.

ეს ინფორმაცია მაშინ გახდა ცნობილი, როცა ჯადოსნური ცხოველები 3-ის გადაღებები უკვე დაწყებული იყო დიდ ბრიტანეთში, თუმცა, როგორც ცნობილია, ჯონი დეპი ჯერ მხოლოდ ერთ სცენაში იყო გადაღებული, შესაბამისად, მადს მიკელსენს უკვე გადაღებულ კადრებში თავიდან მონაწილეობა არ მოუწევს.