როგორც უკვე იცით, სულ ცოტა ხნის წინ წარსულში ელენ პეიჯად წოდებულმა მსახიობმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია.

ელიოტ პეიჯმა სოციალურ მედიაში თავისი იდენტობის შესახებ ემოციური ტექსტი გამოაქვეყნა, რასაც ადამიანების უმეტესობა დადებითად შეხვდა. მათ შორის არიან სერიალ The Umbrella Academy-ის მსახიობები, რომლებთან ერთადაც პეიჯი ნეტფლიქსის ამ გახმაურებულ სატელევიზიო შოუში სუპერგმირის როლს ასრულებს.

"კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში, ელიოტ", — წერს მსახიობი ჯასტინ მინი, რომელიც სერიალში ელიოტის პერსონაჟის, ვანიას ძმის როლს ასრულებს.

ელიოტ პეიჯს მხარდაჭერა გამოუცხადა დიეგო ჰარგრივზის როლის შემსრულებელმა დევიდ კასტანედამაც.

"ძალიან ვამაყობთ ჩვენი სუპერგმირით. გვიყვარხარ, ელიოტ", — ვკითხულობთ The Umbrella Academy-ის ოფიციალურ გვერდზე.

მსგავსადვე ეხმიანება ამ ფაქტს ნეტფლიქსი ტვიტერის ანგარიშზე, სადაც აცხადებენ, რომ ერთი სული აქვთ, როდის იხილავენ ელიოტს მესამე სეზონში.

პეიჯი, რომელსაც წარსულში ელენის სახელით ვიცნობდით, პირველ დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ საკუთარ თავს ტრანსგენდერ და არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანთან აიდენტიფიცირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გენდერული იდენტობა არც ქალია და არც კაცი.

"საოცარი შეგრძნებაა, რომ საკუთარი ბუნებრივი მე იმდენად შემიძლია მიყვარდეს, რომ მისი მიღება შევძლო. ტრანსგენდერთა თემიდან უამრავი ადამიანი დამეხმარა და მეც ვაგრძელებ მათ მხარდაჭერას, რათა უფრო თანასწორი და მზრუნველი საზოგადოება გვყავდეს", — წერს ელიოტ პეიჯი თავის განცხადებაში, რომელიც პირველ დეკემბერს გამოაქვეყნა.

ამ 33 წლის მსახიობმა პოპულარობა ფილმში Juno შესრულებული როლით მოიპოვა, რომლითაც ის ოსკარზეც იყო ნომინირებული. პეიჯი ასევე ასრულებდა როლს მარველის ბლოკბასტერში X-Men და ის ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად გვხვდება კრისტოფერ ნოლანის ფილმში Inception.