მეცნიერებმა ადამიანის ჩანასახს პლაცენტაში პირველად აღმოაჩინეს პლასტმასის მიკრონაწილები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილაკების ზემოქმედება ჯანმრთელობაზე ჯერ არ არის შესწავლილი, მკვლევრები მაინც ფიქრობენ, რომ ეს საკითხი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს, რადგან იგი შეიძლება საკმაოდ საზიანო აღმოჩნდეს.

მეცნიერების აზრით, აღნიშნულ ნაწილაკებში, შესაძლოა, აღმოჩნდეს ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ჩანასახს გრძელვადიან ზიანს მიაყენებს, ან მისი იმუნური სისტემის განვითარებას შეუშლის ხელს. ეს ნაწილაკები, სავარაუდოდ, დედების ორგანიზმში საკვებისა და ჰაერის გზით ხვდებიან.

პლასტმასის მიკრონაწილაკები ოთხი ჯანმრთელი ქალის პლაცენტაში აღმოაჩინეს. მათ ნორმალური ორსულობა და მშობიარობა ჰქონდათ. მიკრონაწილაკები აღმოაჩინეს პლაცენტაში როგორც ჩანასახის, ასევე დედის მხარეს. ისინი ასევე აღმოჩენილ იქნა მემბრანაში, რომელშიც ჩანასახი ვითარდება.

აღსანიშნავია, რომ თითოეული პლაცენტის მხოლოდ 4% იქნა შესწავლილი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პლასტმასის მიკრონაწილაკების კონცენტრაცია პლაცენტებში იმაზე ბევრად მაღალია, ვიდრე ამ 4%-ში აღმოჩნდა. პლაცენტაში აღმოჩენილი თითოეული არაავთენტური ნაწილაკი იყო პლასტმასის, ლურჯად, წითლად, ნარინჯისფრად ან ვარდისფრად შეღებილი. ისინი დედის ორგანიზმში, სავარაუდოდ, საკვების შეფუთვიდან, საღებავებიდან, კოსმეტიკიდან და პირადი მოხმარების პროდუქტებიდან მოხვდა.

მიკრონაწილაკები ზომით, დაახლოებით, 10 მიკრონს (0.01 მმ) აღწევს. მცირე ზომის გამო, სისხლის ნაკადთან ერთად მათი გადაადგილება სირთულეს არ წარმოადგენს. ნაწილაკებმა, შესაძლოა, ჩანასახის სხეულშიც შეაღწიონ, თუმცა, ჯერჯერობით, მკვლევრებმა ამ რისკის შეფასება ვერ შეძლეს.

"ეს კიბორგი შვილის ყოლას გავს: იგი არამხოლოდ ადამიანის უჯრედებისგან, არამედ არაორგანული ნაერთებისგანაც არის აგებული", — ამბობს ანტონიო რაგუსა, გინეკოლოგიის მიმართულების დირექტორი რომის სან ჯოვანი კალიბიტას Fatebenefratelli-ს საავადმყოფოდან, რომელიც აღნიშნულ კვლევას უძღვებოდა. "დედები გაოგნებულები იყვნენ", — დასძინა მან.

კვლევაში, რომელიც ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა, მეცნიერები აღნიშნავენ: "პლაცენტა ხელს უწყობს ჩანასახის განვითარებას და მოქმედებს, როგორც დამაკავშირებელი გარე სამყაროსთან. მისი სასიცოცხლო მნიშვნელობიდან გამომდიანრე, პოტენციურად მავნე პლასტმასის ნაწილაკები დიდ საზრუნავს წარმოადგენს. ამ მიმართულებით მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო იმისთვის, რომ შევაფასოთ, გამოიწვევს თუ არა პლასტმასის მიკრონაწილაკები იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციას. ასევე, საინტერესოა ისიც, სხეულში მოხვედრის შემდეგ, გამოთავისუფლდება თუ არა ამ მიკრონაწილაკებიდან საზიანო ეფექტის მქონე ტოქსიკური ნივთიერებები".

როდესაც საუბარია პლასტმასის მიკრონაწილაკების პოტენციურ საზიანო ეფექტზე, აქ მკვლევრები გულისლხმობენ ჩანასახის ზრდის შეფერხებას. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ნაწილაკები არ აღმოჩნდა კვლევაში მონაწილე ორი ქალის სხეულში. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს განსხვავებული ფიზიოლოგია, დიეტა თუ ცხოვრების სტილი.

მიკროპლასტმასით დაბინძურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პლანეტის ყველა ნაწილში, ევერესტის მწვერვალიდან დაწყებული, ოკეანეების ღრმა წყლებით დასრულებული. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ამ ნაწილაკებს ადამიანები ჰაერის, საკვებისა და წყლის გზით, ყოველდღიურად ვიღებთ.

მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ჯერ უცნობია, თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ეფექტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეფასდეს. ალბათ გახსოვთ, ამ წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული სტატია იმის შესახებ, რომ პატარები, რომლებიც რძეს პლასტმასის ბოთლებიდან იღებენ, მილიონობით პლასტმასის მიკრონაწილაკს იღებენ ყოველდღიურად. 2019 წელს მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მათ ჰაერის დამაბინძურებელი ნაწილაკები აღმოაჩინეს პლაცენტაში, ჩანასახის მხარეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ატმოსფეროში ქარხნებიდან და ტრანსპორტიდან გაფრქვეული აირები ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვებსაც უქმნის საფრთხეს.

ლონდონის კინგსის კოლეჯის პროფესორმა, ენდრიუ შენანმა, Daily Mail-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ჩანასახის გავითარების პროცესში, მასში უცხო სხეულების არსებობა არასასურველია".

ელიზაბეტ სეტლერ გრინი Chem Trust-დან ამბობს, რომ ახალშობილები უკვე "დაბინძურებულნი" იბადებიან. "კვლევა პატარაა, თუმცა იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას".

კიდევ ერთმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ პლასტმასის ნანონაწილაკები, რომლებიც ლაბორატორიის ორსულმა ვირთხებმა "შეისუნთქეს", აღმოჩნდა მათი ჩანასახის ღვიძლში, ფილტვებში, გულში, თირკმელებსა და ტვინში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე საბოლოო დასკვნა ჯერ არ არსებობს, მეცნიერების დამოკიდებულება მაინც ცალსახაა და ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ ჩანასახის სხეულში მიკროპლასტმასის არსებობამ, შესაძლოა, მთელი რიგი დაზიანებები გამოიწვიოს. პლასტმასით გარემოს დაბინძურება ყოველთვის წარმოადგენდა დიდ პრობლემას, თუმცა, ეს კვლევები უკვე მიანიშნებს პირდაპირ კავშირზე ადამიანის ჯანმრთელობასა და ამ ნივთიერებებს შორის.