დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ძველით ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაზიანებული ოთხი, ხოლო დღეს დილით, ორი ადამიანი შეიყვანეს კლინიკაში.

"ძველით ახალი წლის დადგომასთან ერთად მივიღეთ ოთხი პაციენტი, ორი პაციენტი შემოვიდა დღეს დილას, გუშინდელი შემთხვევა. აქედან, ოთხი იყო ბავშვი, ორი მოზრდილი. საბედნიეროდ სერიოზული შემთხვევები არ გვქონდა. ძირითადად იყო მარჯვენა მტევნის და სახის დაზიანებები. მათ ამბულატორიულად მიიღეს სერვისი. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ მაშხალების აფეთქებას. ყოველ შემთხვევაში, ბავშვები მაინც მოვარიდოთ ამას, იმიტომ, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი და საკმაოდ სერიოზული ტრავმა შეიძლება მივიღოთ", — აცხადებს გუგა ქაშიბაძე TV პირველთან საუბარში.

საახალწლო პიროტექნიკით დაზიანებულ მოქალაქეს თითის ამპუტაცია ჩაუტარეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრშიც. პიროტექნიკით დაზიანებული ადამიანები მიიღეს ხეჩინაშვილის კლინიკაშიც.