ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერი და მისი თქმით, "ისტორიული ქველმოქმედების მეფე", ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თავადაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო. კურტანიძემ პოლიტიკიდან წასვლა პირად ფეისბუქზე დააანონსა.

"ისტორიული ქველმოქმედების მეფე წავიდა პოლიტიკიდან, სადაც უძლიერესი ვიყავი მის გვერდზე, როგორც ერთგული თანამებრძოლი და აღფრთოვანებული მისი იდეით საუკუნეების მანძილზე. ქართული ოცნების ასრულების, ენით გამოუთქმელი ურიცხვი სიკეთის რეალური მთესველი ერის კაცი ბიძინა ივანიშვილი! ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ზუსტად 12 წლის შემდეგ მივდივარ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველიდან. არცერთი პარტიის განცხადება იქნება თუ პოლიტიკური აქტიურობა, იქ მე — ლუკა ელდარი კურტანიძე არ ვიქნები. არც ფიზიკურად და არც განცხადებით", — დაწერა კურტანიძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლიდან მერვე დღეს გააკეთა ეს განცხადება, რადგან მიიჩნევს, რომ მისი პოლიტიკაში ყოფნის მისია ამოიწურა.

ლუკა კურტანიძე ქართულ ოცნებას 2012 წელს შეუერთდა. იგი იმავე წელს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინეს. 2015-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

11 იანვარს, პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მეორედაც წავიდა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საჯარო წერილში ისაუბრა.

"ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი", — აცხადებს ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობას ოფიციალურად 2018 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდა. ივანიშვილის საჯარო გააქტიურებიდან მალევე გადადგა პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. მისი თავმჯდომარეობის დროს დაწინაურდა და პრემიერმინისტრი გახდა გიორგი გახარია, რომლის შს-ს მინისტრობის დროს ე.წ. გავრილოვის ღამეს აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს და რამდენიმე ადამიანმა თვალი ან მხედველობა დაკარგა.

ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი პოლიტიკური მეორედ მოსვლა ვიხილეთ, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნდა ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ივანიშვილი არ ყოფილა საჯაროდ აქტიური. თუმცა მან თავი დაამახსოვრა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული ემოციური მიმართვით, სადაც "მართვის ხარვეზების გამოსასწორებლად" ერთ წელს ითხოვდა.

კიდევ ერთი დაპირება, რომელიც მან გასცა და არ შესრულდა, პროპორციულ არჩევნებს ეხებოდა. ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ქართულმა ოცნებამ ჩააგდო. როგორც შემდგომში მმართველ პარტიაში განმარტავდნენ, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას "პრინციპული დეპუტატები" აუმხედრდნენ. "პრინციპული დეპუტატების" ნაწილი ახლაც პარლამენტში, უკვე დაწინაურებულ პოზიციებს იკავებს.

პანდემიის პერიოდში ივანიშვილის გამოსვლები კიდევ უფრო შემცირდა. მისი საჯაროდ ხილვა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეების პანაშვიდებზე, კანდიდატების წარდგენაზე, არჩევნებზე ხმის მიცემის დროს და ბერა ივანიშვილის TikTok-ზე იყო შესაძლებელი. განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ვიდეოში ცეკვა უადგილო იყო.