ამერიკელი მსახიობი და მოდელი, ევან რეიჩელ ვუდი, ყოფილ პარტნიორს, მერილინ მენსონს მრავალწლიან "საზარელ" ძალადობაში ადანაშაულებს.

"მოძალადის სახელია ბრაიან უორნერი, მსოფლიოსთვის ცნობილი, როგორც მერილინ მენსონი", — წერს Westworld-ის მსახიობი ინსტაგრამის საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში.

"იგი თინეიჯერობისას დამიახლოვდა ურთიერთობის დამყარების მიზნით და მას შემდეგ, წლების განმავლობაში, საზარლად ძალადობდა ჩემზე. ტვინის გამორეცხვით და მანიპულირებით მოახერხა, მორჩილად ვექციე. მე აღარ ვიცხოვრებ შურისძიების, ცილისწამებისა და შანტაჟის შიშში. მე მზად ვარ, გამოვააშკარავო ეს საშიში კაცი მათ წინაშე, ვინც მას გზა გაუხსნა; სანამ იგი სხვების სიცოცხლესაც გაანადგურებს. მე იმ მსხვერპლების გვერდით ვდგავარ, რომლებიც აღარ გაჩუმდებიან".

ოთხმა სხვა ქალმა — ეშლი უოლტერსმა, სარა მაკნილიმ, ეშლი მორგანმა და გაბრიელამ (გვარის გარეშე) — ასევე დაადანაშაულეს ცნობილი მუსიკოსი ძალადობაში. ინსტაგრამზე გავრცელებულ პოსტებში მაკნილი და უოლტერსი აღნიშნავენ, რომ მენსონი მათზე ფიზიკურად და ემოციურად ძალადობდა, იყენებდა წამების საშუალებებსაც. მორგანი კი მუსიკოსს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. გაბრიელა, რომელიც, მისი თქმით, ასევე იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ამბობს, რომ მენსონი ნარკოტიკული საშუალებების მიღებას აიძულებდა.

ფოტო: Steve C Mitchell / EPA

ვუდისა და მენსონის ურთიერთობა 2007 წელს დაიწყო, როცა მომღერალი 37 წლის იყო, მისი პარტნიორი კი — 19-ის. წყვილი მომდევნო წელსვე დაშორდა ერთმანეთს, მენსონი კი, მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ "ყოველდღიურად წარმოიდგენდა, როგორ უმსხვრევდა ვუდს უროთი თავის ქალას". მომღერალმა ასევე განაცხადა, რომ დაშორების შემდეგ საკუთარ თავსაც აყენებდა ზიანს. მიუხედავად ამისა, ვუდი და მენსონი 2010 წელს შერიგდნენ, თუმცა ერთ წელიწადში კვლავ დაშორება გადაწყვიტეს.

ფოტო: Getty Images

2018 წელს ვუდმა კონკრეტული პიროვნების დასახელების გარეშე აღნიშნა ძალადობის ის ფორმები, რომელთა გადატანაც მოუხდა. მან დასძინა, რომ ამის შემდეგ იტანჯებოდა პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობით (PTSD) და ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობაც კი. ვუდის გარდა ოთხივე ქალმა, რომელმაც მენსონი ძალადობაში დაადანაშაულა, ასევე განაცხადა, რომ PTSD-ით იტანჯებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მენსონი გასული წლების განმავლობაში რამდენჯერმე დაადანაშაულეს სხვადასხვა ფორმით ძალადობაში. 2018 წელს ანონიმური ქალის ბრალდება სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მომღერალმა "კატეგორიულად უარყო". ამავე წელს იგი კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს ქალებზე ძალადობასა და რასიზმში, თუმცა ამ ბრალდებებს მენსონი არ გამოხმაურებია. 2001 წელს, ძალადობისა და შეუფერებელი სექსუალური ქცევისთვის მომღერლის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, მოგვიანებით კი, იგი $4 000 დოლარით დაჯარიმდა.

მერილინ მენსონის კარიერა 1994 წელს, სადებიუტო ნამუშევრის გამოშვებით დაიწყო. მისი შემოქმედება, რომელიც გოთ-მეტალის ჟანრის ფარგლებს სცდება, 11 სტუდიურ ალბომს მოიცავს.