ამერიკელმა მომღერალმა, ჯასტინ ტიმბერლეიკმა, პოპვარსკვლავ ბრიტნი სპირსსა და ჯენეტ ჯექსონს მას შემდეგ მოუბოდიშა, რაც ახალ დოკუმენტურ ფილმებში მისი არცთუ კარგი მხარე გამოჩნდა.

ტიმბერლეიკი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ამბობს, რომ იგი "იმ სისტემას დაეხმარა, რომელიც მიზოგინიასა და რასიზმს იწყნარებს". მან ასევე აღნიშნა, რომ თავის ქმედებებს, რომლებმაც "პრობლემის გამწვავებას შეუწყო ხელი", მუდამ ნანობდა.

"განსაკუთრებულად მსურს, მოვუბოდიშო ბრიტნი სპირსსა და ჯენეტ ჯექსონს, თითოეულს — ინდივიდუალურად, რადგან ეს ქალები ჩემთვის მნიშვნელოვან პიროვნებებს წარმოადგენენ და მე მათ პატივს ვცემ. ისიც ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი", — წერს ტიმბერლეიკი.

აღსანიშნავია, რომ ტიმბერლეიკმა ბოდიში მხოლოდ მას შემდეგ მოიხადა, რაც მის ინსტაგრამზე უამრავმა ინტერნეტმომხმარებელმა მოუწოდა ამისკენ. ბრიტნის გულშემატკივრების გულისწყრომა ტიმბერლეიკმა მაშინ დაიმსახურა, როცა პოპვარსკვლავზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, Framing Britney Spears, გამოვიდა. ფილმში ასახულია, როგორ იქცეოდა ტიმბერლეიკი 2002 წელს სპირსთან დაშორების შემდეგ — ამ წელს მან სიმღერა Cry Me a River გამოუშვა. სიმღერის კლიპში გარეგნულად ბრიტნის მსგავსი ადამიანი ჩანს, რომელსაც იგი ღალატში ადანაშაულებს.

ტიმბერლეიკის სიმღერის კლიპსა და დაშორების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს ტაბლოიდების გაცხოველებული ინტერესი მოჰყვა სპირსის მიმართ, რომელიც, მოგვიანებით, მიზოგინიურ და დამამცირებელ დამოკიდებულებებში გადაიზარდა.

დაგვიანებით მოჰყვა გამოხმაურება 2004 წლის Super Bowl-ის შოუზე მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ტიმბერლეიკმა ჯექსონს სამოსის ნაწილი შემოახია, რათა მისი მკერდი პირდაპირ ეთერში გამოეჩინა. ეს შემთხვევა იმ დროისათვის უარყოფითად აისახა მომღერალი ქალის რეპუტაციაზე.

ტიმბერლეიკმა ინსტაგრამზე აღნიშნა, რომ ონლაინკრიტიკას იმის გამო პასუხობდა, რომ "ნახა შეტყობინებები, მონიშვნები, კომენტარები და სურდა, მათთვის ეპასუხა". ამავდროულად, მისი თქმით, უნდოდა, ამ განხილვაში ჩაბმულიყო და მისგან ესწავლა. ტიმბერლეიკი დასძენს, რომ "წარსულისგან ვერ გათავისუფლდება", თუმცა, სურს, საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობა აიღოს.

"ძალიან მადარდებს იმ ადამიანების კეთილდღეობა ვინც მიყვარს და მიყვარდა", — ამბობს იგი, — "უკეთესად მოქცევა შემიძლია და ასეც ვიზამ".