ამერიკელი რეჟისორი, მარტინ სკორსეზე, კინოხელოვნებისადმი დამოკიდებულებას და თანამედროვე კინოინდუსტრიას აკრიტიკებს. Harper’s Magazine-ის მარტის ნომერში გამოქვეყნებულ ესეში, რომელიც ფედერიკო ფელინის ეძღვნებოდა, სკორსეზე რამდენიმე საკითხს შეეხო, რომელიც, მისი აზრით, პრობლემურია.

"სულ ახლახან, ასე, 15 წლის წინ, სიტყვა 'შინაარსს' მხოლოდ მაშინ გაიგებდით, როცა ხალხი კინოზე სერიოზულად საუბრობდა. იგი 'ფორმის' საპირწონედ გამოიყენებოდა", — წერს სკორსეზე, — "შემდეგ, ამ სიტყვის გამოყენებას თანდათანობით მოუხშირეს იმ მედიაკომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთა უმეტესობასაც წარმოდგენა არ ჰქონდა ხელოვნების ფორმის წარმოშობაზე ან საერთოდ არ ადარდებდათ ის ფაქტი, რომ ეს უნდა სცოდნოდათ".

სანამ უშუალოდ ფელინის შემოქმედებასა და იტალიელ რეჟისორთან მის ურთიერთობაზე ისაუბრებდა, სკორსეზე ციფრული ეპოქის მონაპოვარსაც შეეხო:

"თუკი 'შემოთავაზებული' ფილმების სიას ალგორითმი უკვე ნანახ კინოსურათებზე დაყრდნობით ადგენს, კრიტერიუმი კი მხოლოდ თემა ან ჟანრია, მაშინ ეს რას მატებს კინოხელოვნებას?"

სკორსეზეს აღნიშნული განცხადებები ერთგვარი გაგრძელებაა თანამედროვე კინოინდუსტრიის კრიტიკისა, რომელიც 2019 წელს დაიწყო. მაშინ რეჟისორმა აღნიშნა, რომ "მარველის ფილმები კინო არ არის" და ისინი "კინოთეატრებში არ უნდა გადიოდეს".

ამჯერად იგი უფრო ზოგადი შეფასებით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ დღევანდელი კინოინდუსტრია "უბრალოდ, მასებზე გათვლილი ვიზუალური გასართობი ბიზნესია".

"ყველაფერი შეიცვალა — კინოხელოვნებაც და ის ადგილიც, რომელიც მას ჩვენს კულტურაში უჭირავს. ცხადია, გასაკვირი არაა, რომ ისეთი ხელოვანები, როგორებიც არიან გოდარი, ბერგმანი, კუბრიკი და ფელინი — ისინი, ვინც ხელოვნების დიდებული ფორმების შემოქმედები იყვნენ — ჩრდილში გადაინაცვლებენ დროის სვლასთან ერთად", — წერს სკორსეზე, — "თუმცა, ახლა უფლება არ გვაქვს, სიტუაცია სწორად ვერ შევაფასოთ. კინოინდუსტრიას, როგორი ფორმითაც ახლა იგი არსებობს, ვერ მივანდობთ კინოხელოვნებაზე ზრუნვას. მათ, ვინც კინოსა და მის ისტორიას ვიცნობთ, ჩვენი სიყვარულის და ცოდნის რაც შეიძლება, მეტ ადამიანთან გაზიარება გვმართებს. ამასთან, ამ [კლასიკური] ფილმების კანონიერი მფლობელები უნდა დავარწმუნოთ, რომ მათ საკუთრებაში უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, გამოსაყენებელი და შესანახავი ქონება. ეს ფილმები ჩვენი კულტურის უდიდესი საგანძურია და სათანადო დაფასებას იმსახურებს".