— დეეეე, ფისი მინდა, — დამიძახა ერთ დღეს ჩემმა შვილმა, ზუსტად იმ დროს, როცა ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე სიტყვით უნდა გამოვსულიყავი და Zoom-ში მიკროფონიც ჩავრთე.

3 წლის ემილიას უნიტაზზე დამოუკიდებლად დაჯდომა მოუწია, რადგან მე ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებული უნდა გამომეცხადებინა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვიცოდი, როგორ ელოდნენ ამას კონკურსანტები.

რამდენიმე დღის წინ ტელევიზიაში დამჭირდა წასვლა დაუგეგმავად. ბავშვის მამა ქალაქში არ იყო. ამიტომ მე და ემილია ერთად წავედით და სანამ ეთერში ვლაპარაკობდი, ჩემი შვილი მეგობართან დავტოვე, რომელიც იქვე მუშაობს.

ეს არ არის მარტივი.

სახლისა და სამსახურის საქმეების მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილებაზე ზრუნვა ქალების ყოველდღიურობაა. ეს კიდევ უფრო გართულდა პანდემიისას, როცა ყველამ სახლებში გადმოვინაცვლეთ, ყველაფერი დაიკეტა და ბაღების, სკოლებისა თუ ძიძების გარეშე დავრჩით.

ყოფილა შემთხვევა, რომ მუშაობაში გართულს დრო ისე გამეპარა, ემილიას ჭამის დროს გადავაცილე და ბავშვი მაცივარში ეძებდა წვნიანს; ან ჩემი ჟურნალისტისთვის ყურადღების მიქცევა დავაგვიანე, რამაც საერთო საქმე მცირედით, მაგრამ დააზიანა.

Zoom-ის ყველა შეხვედრაზე ემილია გვერდით მიზის და უკვე ისიც ისწავლა, რომ როცა ჩემი ლაპარაკის დრო მოდის, მისთვის შოკოლადი უფრო მარტივად ხელმისაწვდომია; ხანდახან მულტფილმებსაც იმაზე მეტხანს უყურებს, ვიდრე მის ასაკში უნდა უყურებდნენ ბავშვები, არადა, მთელი სამი წელი ვიმუშავეთ იმაზე, რომ ეკრანი ჩვევა არ ყოფილიყო. ამაზე ფიქრსაც ვერ ვასწრებ, რადგან ვხედავ, რომ ნიუსში ტაიპო გაგვეპარა ან რომელიმე პრესსამსახური ჟურნალისტს ისევ არ პასუხობს და უნდა ჩავერიო.

ყველაფერი შედარებით მარტივდება, როცა სამსახურიდან ბავშვის მამა ბრუნდება. შიო მაქსიმალურად ცდილობს, მთელი ტვირთი მხოლოდ მე არ დამაწვეს. თუმცა ხანდახან, როგორც ყველა ადამიანს, რომელსაც რაღაც საკუთარ ტყავზე არ გამოუცდია, მასაც ეშლება. მაგალითად, გაოცებული იყო, როცა ვუთხარი, რომ საჭმელი კი დაგვიტოვა, მაგრამ დღის განმავლობაში მზა წვნიანის ჭამასაც ვერ ვახერხებ; რომ ბავშვისთვის სადილის მომზადების გამო, ხანდახან საქმის გადადება მიწევს და ამიტომ ვმუშაობ ღამის სამ საათამდე. და ერთხელ, როცა ამ საკითხებზე მსჯელობისას ვკითხე, რატომ არ გააკეთა კონკრეტული რაღაც, ძალიან გულწრფელი პასუხი დამიბრუნა: შენ ხომ ისედაც აკეთებო.

ასეა, ქალები "ისედაც ვაკეთებთ" იმ საქმეებს, რომელთა კეთების ცოდნით არ დავბადებულვართ, თუმცა რატომღაც დაგვავალეს. კაცები კი მუდმივად ელოდებიან შექებას, თუ ჩვენი ტვირთის შემსუბუქება სცადეს, არადა, ეს ყველაფერი ისევეა მათი ვალდებულება, როგორც ჩვენი.

ამას როცა ვყვები, ვხვდები, რომ მე "გამიმართლა", როგორც ხშირად მაძახებენ ხოლმე, რადგან "ქმარი მეხმარება". გამართლების რა მოგახსენოთ, მაგრამ ის კი უტყუარად ვიცი, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრ ქალს ამ ყველაფერთან სულ მარტო უწევს შეჭიდება და ისინიც კი, ვინც თითქოს მარტო არ არიან, მაინც ბევრად მეტს შრომობენ, ვიდრე კაცები.

აღარაფერს ვამბობ იმ ქალებზე, რომლებისთვისაც ის, რაზეც ახლა ვწერ, პრობლემა კი არა, ფუფუნებაა, რადგან შვილების გამოსაკვებად სამსახურიც არ აქვთ. და მით უმეტეს, ქალებზე, რომლებისთვისაც პანდემიას ბევრი არაფერი შეუცვლია, რადგან მათი ტვირთი იმდენად დიდი იყო, დამატება შეუძლებელია.

როცა ამ ყველაფერზე "ვწუწუნებ", ხანდახან სინდისი მქენჯნის კიდეც, რადგან ძალიან ბევრ ქალზე უკეთეს პირობებში მიწევს ცხოვრება. შორს რომ არ წავიდე, დედაჩემის მაგალითს გავიხსენებ — ბავშვობა აჭარის მაღალმთიან სოფელში მაქვს გატარებული და მახსოვს, ცივ ზამთრებში როგორ იღვიძებდა დილის 6 საათზე, ახურებდა ღუმელს, გვიმზადებდა საუზმეს, გვაჭმევდა, გვიშვებდა სკოლაში და ერთ საათში თავადაც გაკვეთილებზე მოდიოდა. დღის განმავლობაში 5-ზე მეტ კილომეტრს სოფლის გზაზე ფეხით დავდიოდით, მაგრამ ამის მერე ჩვენ ვისვენებდით, დედაჩემი კი მასწავლებლობის მერეც მუშაობდა — ხან სახლში, ხან ბაღჩაში, ხანაც შინაური ცხოველები თუ ფრინველები ჰყავდა მოსავლელი და ა.შ. არ მახსოვს მისი "წუწუნი" ამ თემაზე, რადგან დღემდე დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ მისი საქმეა. ჩვენ გავიზარდეთ, საბედნიეროდ, საზოგადოებაც ცოტა უკეთესობისკენ შეიცვალა და დიახ, ქალებს გვაქვს "პრეტენზია", რომ საოჯახო საქმეები მარტო ჩვენი ტვირთი არ იყოს.

გამოვა ვინმე და იტყვის — მე ვიმუშავე სტუდენტობიდან, მაქვს ბევრი ფული და სახლის საქმეების კეთება არ მიწევსო. გარდა იმისა, რომ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ყველაფერი შრომასა და კვალიფიკაციაზე არ არის დამოკიდებული, თუ შეგიმჩნევიათ, რომ თუნდაც დამხმარე ადამიანის აყვანაც ქალის საქმეა? იცნობთ კაცს, ვინც ოჯახთან ერთად ცხოვრობს და თავად იზრუნა დამლაგებლის ან ძიძის შერჩევაზე, პოვნაზე? მე არა. იცით რატომ? ეს მისი პრობლემა არ არის — თუ ვერ იპოვიან ძიძას, სახლში ქალი დარჩება, კაცი კარიერაზე ზრუნვას გააგრძელებს.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა კაცები ჩართულები არიან საშინაო საქმეებში, ამ ყველაფრის მენეჯმენტი მაინც ქალის საქმედ რჩება — სამსახურის პარალელურად, ისევ ქალები ვფიქრობთ, რომ სახლში ბროკოლი ან სარეცხის ფხვნილი აღარ არის. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მაღაზიაში შეიძლება კაცი წავიდეს, გონებრივი შრომა ისევ ჩვენზეა.

ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როცა On.ge-ში რამდენიმე დღის მოსული ვიყავი, გამოვაქვეყნეთ The Atlantic-ის სტატიის თარგმანი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ პანდემია ქალებზე და კაცებზე განსხვავებულად მოქმედებს. ჟურნალისტი რესპონდენტებზე დაყრდნობით გვიყვებოდა, რამდენად გაიზარდა ქალის შრომა, რაც ჩვენი მკითხველების ნაწილს არ მოეწონა.

სამაგიეროდ, აქტიურად აკრიტიკებენ ქალების ხმამაღალ საუბარს პრობლემებზე, რადგან რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ ქალი თანასწორობას მოითხოვს, მათ წაართმევს რამეს. პრივილეგიები შეიძლება წავართვათ, მაგრამ კაცების "უფლებების შეზღუდვას" არავინ ითხოვს. თან, როგორც წესი, ამაზე ის ადამიანები წუხან, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანაში თანასწორობა ისედაც გვაქვს, თუმცა ყოველ დილას დედის, დის, ცოლის მიერ მომზადებული საუზმით თუ მათივე გაუთოებული პერანგით იწყებენ, საღამოს კი სახლში ცხელ კერძს ელოდებიან. მიუხედავად ამისა, მუდმივად გვიმტკიცებენ, რომ ქალები მათზე მეტს არ შრომობენ.

სამწუხაროდ, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ამ თემებზე ლაპარაკი კაცების დიდ ნაწილს არ მოსწონს, იმ კაცებსაც კი, ვინც ჩვენს ე.წ. "ბაბლშია", ჩვენი მეგობარია და ხშირად ამას იდეოლოგიური პრიზმიდან უყურებენ — აუნაზღაურებელი შრომა ახსენე? ე.ი., სახელმწიფოსგან ითხოვ ანაზღაურებას. არა ბატონო, არ ვითხოვ. მე მინდა სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ ოდესმე ამ ქვეყანაში ქალი და კაცი იყოს თანასწორი. ეს როგორ უნდა მოხდეს? მაგალითად, სკოლიდანვე ასწავლონ ბავშვებს, რომ ბიჭი თუ სახლს დაალაგებს, არც სამარცხვინოა და არც საამაყო — ჩვეულებრივი მოვლენაა, მისი მოვალეობაცაა; რომ ქალებს და კაცებს ანაზღაურება კომპეტენციის მიხედვით ჰქონდეთ და არა სქესის; რომ ქალებს მიზნის მისაღწევად მინიმუმ ორჯერ მეტი შრომა არ სჭირდებოდეთ და არც გენდერული კვოტა (რომელსაც მე არ ვემხრობი, მაგრამ ამაზე სხვა დროს) და ა.შ.

ის, რომ პანდემიისას ქალების შრომა გაიზარდა, არაერთხელ დადასტურდა და თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, ყველანაირი კვლევის გარეშე დავინახავთ ამას. მათ კი, ვინც არ მეთანხმება, ვთავაზობ გაიხსენონ, თუ უფიქრიათ ოდესმე, რომ ბევრი საქმის გამო ვერც კარგი დასაქმებულები არიან და ვერც კარგი მშობლები. დედებს გვიფიქრია, მეტიც — ეს არის ის, რაც ბევრ ჩვენგანს პანდემიისას ყველაზე მეტად გვაწუხებს.