ჯონი დეპმა ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოში მანამდე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, მან ყოფილ ცოლზე, ამბერ ჰერდზე ფიზიკურად არაერთხელ იძალადა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმის არსებით განხილვაზე უარი თქვა და მიღებული განაჩენი ძალაში დატოვა.

2020 წლის ზაფხულში ლონდონის სასამართლოში სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა განხილვები ჯონი დეპის საქმეზე, რომლითაც ის ბრიტანულ გაზეთ The Sun-ს უჩიოდა: გამოცემამ 2018 წლის სტატიაში მას "ცოლის მცემელი" უწოდა, რასაც ეს ამერიკელი მსახიობი ცილისწამებად მიიჩნევდა.

მოწმეების დაკითხვისა და მტკიცებულების განხილვის შემდეგ სასამართლომ ჯონი დეპის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა: მეტიც, დაადასტურა, რომ მინიმუმ 12 შემთხვევაში მან მართლაც იძალადა ამბერ ჰერდზე, შესაბამისად, The Sun-ის შეფასება "არსებითად სიმართლეს შეესაბამებოდა".

დეპი აღნიშნულ განაჩენს არ დაეთანხმა და მისი გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვიტა. მსახიობი ამტკიცებს, რომ ამბერ ჰერდი თავის ჩვენებებში იტყუება. მაგალითად, ჯონი დეპის დაცვის მხარე ამბობს, რომ ჰერდის მტკიცება, განქორწინების შემდეგ მიღებული 7 მილიონი დოლარი ქველმოქმედებას შევწირეო, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ჯერ მხოლოდ ნაწილი აქვს გადარიცხულიო.

ჯონი დეპი მანამდე ხშირად ამბობდა, რომ ამბერ ჰერდის ბრალდებები "ანგარებითაა" განპირობებული. მისი ადვოკატებიც უმეტესად სწორედ ამბერ ჰერდის მორალურ ღირებულებებზე აქცენტის დასმას ცდილობენ.

გასული წელს მოსამართლემ ამბერ ჰერდის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები არ მიიღო:

"ვაცნობიერებ, რომ განქორწინება კიდევ სხვა მიზეზებითაც იყო განპირობებული, თუმცა მის მიერ 7 მილიონი დოლარის [თანხა, რომელიც ამბერ ჰერდმა განქორწინების შემდეგ მიიღო] საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის შეწირვას ძნელად შეიძლება ეწოდოს ანგარება", — თქვა მოსამართლემ.

და მიუხედავად ჯონი დეპის ადვოკატების ახალი ბრალდებებისა, არც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ამ თემის ხელახლა გადასინჯვა საჭიროდ:

"უამრავი მტკიცებულების შემდეგ იმის განხილვა, რომ ამბერ ჰერდს ჯერ არ დაუსრულებია $7 მილიონის გადარიცხვა ქველმოქმედებისთვის, ამ საქმეზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს" — აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს განაჩენში.

როგორც The Guardian წერს, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დეპის მოთხოვნა და მიღებული განაჩენი ძალაში დატოვა:

"მოსამართლის მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება სრულებით სამართლიანია და მან დასაბუთებული მიზეზებით გამოიტანა განაჩენი, რომელშიც კანონთან შეუსაბამობა არ იკვეთება".

სრული განაჩენის წაკითხვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

ამბერ ჰერდი და ჯონი დეპი 2020 წლის ზაფხულში სასამართლო განხილვებზე.

ფოტო: EPA / Getty Images

ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის ოჯახური ძალადობის საქმე ამით არ დასრულებულა: მხარეები სიმართლისთვის ბრძოლას აშშ-ის სასამართლოში განაგრძობენ. ამჯერადაც ჯონი დეპი უჩივის თავის ყოფილ ცოლს 2018 წელს მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო (ამბერ ჰერდს მაშინ ჯონი დეპის ვინაობა კონკრეტულად არ დაუსახელებია). დეპი ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონის გადახდას ითხოვს.

სასამართლო განხილვები 2022 წლის აპრილშია ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის სასამართლოში წაგებული სასამართლო დავის შემდეგ Warner Bros.-მა ჯონი დეპს როლის დატოვება მოსთხოვა. დეპს ჯადოსნური ცხოველების ფილმების სერიის მესამე ფილმის გადაღებები ახალდაწყებული ჰქონდა, როცა გრინდელვალდის როლზე ის მადს მიკელსენით ჩაანაცვლეს.