სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი მოთვინიერება კიევის ყოველწლიური კინოფესტივალის International Human Rights Documentary Film Festival Docudays UA საერთაშორისო სექციის DOCU/WORLD გამარჯვებული გახდა. აღნიშნულ სექციაში წარმოდგენილი დოკუმენტური ფილმები ადამიანის უფლებებს, სოციალურ პრობლემებსა და მორალურ საკითხებს ეხება.

"ეს დახვეწილი და გასაოცარი ფილმი მოგვითხრობს მათზე, ვინც ტყის სულისა და მისი უძველესი ქმნილებების ფესვებს, ისტორიებს, უხმო ტირილსა და ჩურჩულს უშლის ხელს. სურათებით, რომელიც ნახვის შემდეგ გონებაში ძალიან დიდხანს რჩება, ფილმი ერთი ადამიანის მიერ ბუნების დაპყრობის აბსურდულ მანიაზე მოგვითხრობს. DOCU/WORLD სექციაში საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის პრიზი გადაეცემა მოთვინიერებასა და მის პრინცესა მონონოკეს — რეჟისორ სალომე ჯაშს, რომელიც ხეებისა და ადამიანების სადარაჯოზე დგას", — ასე აფასებს ჟიური სალომე ჯაშსა და მის დოკუმენტურ ფილმს.

მოთვინიერება ოდაა ადამიანისა და ბუნების მეტოქეობის შესახებ. დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს გავლენიან კაცზე, რომელიც ასწლოვან ხეებს ყიდულობს, რათა საკუთარ კერძო ბაღში გადარგას. ამ მიზნის მისაღწევად კაცი ნებისმიერ მეთოდს იყენებს.

"მიუხედავად იმისა, რომ მოთვინიერება მცენარეების ცხოვრებაზე ფოკუსირდება, ის არ არის ფილმი ეკოლოგიაზე. იგი ეკოლოგიის ძირეულ თემას იმისთვის იყენებს, რომ სოციოლოგიური კვლევა ჩაატაროს", — წერს ფილმის შესახებ The Calvert Journal.

შეგახსენებთ, რომ ფილმის ონლაინპრემიერა სანდენსის კინოფესტივალის 2021 წლის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

ამავე თემაზე: