კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს სურს, რომ კულტურის კოდექსში ეკლესიასთან ურთიერთობის დარეგულირებას ცალკე თავი დაეთმოს. როგორც მან გადაცემა ქალების ნარატივში ისაუბრა, აღნიშნული საკითხი, ეკლესიის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

"იდეალურ შემთხვევაში, თუ ეკლესიას ამის სურვილი ექნებოდა, ჩვენ მზად ვიქნებოდით შევსულიყავით მათთან ერთად რთულ პროცესში. ეს მათზე იქნება დამოკიდებული, გაჩნდება თუ არა კოდექსში ცალკე თავი კულტურის დარგში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის დასარეგულირებლად", — აღნიშნა მინისტრმა.

როგორც იგი აღნიშნავს, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება, თუმცა მისი კანონქვემდებარე აქტი არასდროს არ შემუშავებულა:

"ის როგორ უნდა გამოვიყენოთ ამა თუ იმ შემთხვევაში, ამის არავითარი წესი არაა დღეს დადგენილი, იდეალურ შემთხვევაში, კოდექსი შეიძლება გახდეს თავისი ერთ-ერთი თავით კონსტიტუციური შეთანხმებით კანონქვემდებარე აქტიც. ხაზს გავუსვამ იმას, რომ თუკი ეკლესიას ამის სურვილი არ ექნება, ან არ იქნება მოტივირებული იმისთვის, რომ კონსტრუქციული დიალოგი შედგეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში თავს არ გავყოფთ".

თეა წულუკიანის თქმით, ოფიციალური კომუნიკაცია ჯერ დაწყებული არ არის და ამაზე მხოლოდ ცალკეულ სასულიერო პირებს ესაუბრა. ხოლო როცა პატრიარქისთვის "საფრთხის შემცველი არ იქნება", მას შეხვდება და გაესაუბრება.

გარდა ამისა, კულტურის მინისტრმა ისაუბრა, რომ კოდექსში თითოეულ დარგს ცალკე თავი მიეძღვნეა და ფუნდამენტური პრინციპები დაფუძნდება.

"ეს კოდექსი ასევე დაარეგულირებს, უხეშად რომ თქვათ, თამაშის წესებს სახელმწიფოსა და თუნდაც, პოტენციურ სპონსორებს შორის, ვისაც ენდომება კულტურაში თავსი ინვესტიცია ჩადოს. რაც ჩემთვის და საზოგადოებისთვისაც დღეს განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია, არის ძეგლების რესტავრაცია-რეაბილიტაციის წესები, რაც პრაქტიკულად, მოშლილია", — განაცხადა წულუკიანმა.