— ალო, ...-ს ვესაუბრები? გამარჯობა, მე ვარ ეს და ეს, აქედან და აქედან გიკავშირდებით... დიახ... ჰმ... აჰა... გასაგებია... მადლობა და დაგემშვიდობებით მაშინ, ნახვამდის.

თუკი ეს სცენა გეცნო, აუცილებლად განაგრძე კითხვა.

ზუსტად ასე, წერტილ-მძიმით და შორისდებულებით მაქვს დაწერილი ტექსტი, როცა უბედურების ზარი მოულოდნელად ჩამოჰკრავს და ვინმესთან დარეკვა მჭირდება ხოლმე. თუ სიტუაცია შედარებით უკეთესადაა და სხვა მირეკავს, ტელეფონის ზარი განგაშის სირენასავით ჩამესმის და წამიერად ეგზისტენციალური კრიზისიც მიპყრობს ხოლმე, არადა, ზუსტად ვიცი, არც ამ ზარს ვუპასუხებ, მერე კი იმის იმედით, რომ აღარ დარეკავს, მშვიდად განვაგრძობ ცხოვრებას მომდევნო სატელეფონო კომუნიკაციამდე.

ის ხალხი, ვისაც რაღაც მიზეზით სატელეფონო საუბრის ფობია გვაქვს, ტელეფონოფობია, ან, რაც გინდათ, ის დაარქვით, ტელეფონს ყველაზე იშვიათად სწორედ ტელეფონის ფუნქციით ვიყენებთ. დარეკვას მიწერა გვირჩევნია, გამოუვალ მდგომარეობაში კი პირისპირ ან ვიდეოზარით შეხვედრაზეც ვთანხმებით.

ეს ყველაფერი მხოლოდ მიმების შთაგონების წყაროდ დარჩებოდა, რომ არა შფოთვა, რომელიც ტელეფონზე ჩვენს საუბარს უძღვის წინ. ამიტომ, ამ შფოთვის ცოტათი მაინც შესამსუბუქებლად, ვეცდები, რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ, რომელიც მას შემდეგ ვისწავლე, რაც ტელეფონზე საუბარი ჩემი საქმის ნაწილად იქცა.

1. დაწერე, ყველაფერი დაწერე

ფოტო: Giphy

როგორც დასაწყისში ვახსენე, ვამჯობინებ, ყველაფერი დავწერო; რაც უნდა კომიკურად ჩანდეს ეს მათთვის, ვისაც ტელეფონოფობია არ აქვს, ვწერ "ალოდან" დამშვიდობებამდე ყველაფერს; მათ შორის ინტონაციის ცვლილებას, პაუზის ადგილს და ბუნებრივი საუბრის სხვა ატრიბუტებს. ეს მეხმარება, რომ ზარს, მზაობის ცოდნით, მეტი სიმშვიდითა და ნაკლები გულის ბაგაბუგით შევხვდე.

2. ირეპეტიციე და დაუშვი სცენარის ცვლილება

ფოტო: Giphy

თუ მხოლოდ ტექსტის წინასწარ დაწერა ვერ გამშვიდებს, აუცილებლად გაიარე რეპეტიცია. შესაძლოა, ზოგან გირჩიეს, რომ პრეზენტაციის წინ მზადების მსგავსად, სასურველია, სარკესთან ირეპეტიციო, თუმცა, ეს მეთოდი ინდივიდუალურია და უმეტეს შემთხვევაში არ ამართლებს — სარკიდან მომზირალი ანერვიულებული ადამიანი შფოთვას გაგიორმაგებს.

აჯობებს, თუ მარტო დაჯდები ან დადგები — როგორც ამას ტელეფონზე საუბრის დროს აკეთებ — და ეცდები, მომავალი საუბარი დეტალურად წარმოიდგინო და განასახიერო. ამ დროს, შესაძლოა, სცენარის მოსალოდნელი ცვლილებაც შეამჩნიო და გაითვალისწინო.

3. დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე

ფოტო: Giphy

რაც უფრო ახლოვდება "საბედისწერო" საუბარი, მით მეტად ვნერვიულობთ, ამიტომ, სასურველია, თუკი რამდენიმე წუთით ადრე ეცდები, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო და გაერთო. ეს შეიძლება იყოს სასაცილო სკეტჩის ყურება, საყვარელი და გამამხნევებელი სიმღერის მოსმენა, ან ზარი ახლობელთან. ეს უკანასკნელი ჩამონათვალში საუკეთესო არჩევანია, რადგან საუბარი ოჯახის წევრთან ან მეგობართან — ვისაც ნერვიულობის გარეშე ურეკავ ტელეფონზე — დამშვიდებაში და ხმის გავარჯიშებაშიც დაგეხმარება.

4. ისუნთქე ღრმად

ფოტო: Tenor

ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას რომ დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ეს ისედაც ცნობილი ფაქტია, თუმცა, უშუალოდ ტელეფონზე საუბრის წინ მას სხვა დანიშნულებაც ენიჭება; ზოგჯერ ტექსტში სუნთქვის ადგილების წინასწარ დაწერაც ვერ გვეხმარება, რომ საუბარი უადგილოდ და უხერხული პაუზით არ გავწყვიტოთ სიტყვების სწრაფად მიყრის შემდეგ ჰაერის უკმარისობის გამო. ამიტომ, დარეკვამდე რამდენიმე სუნთქვითი ვარჯიში საუბრისა და ჰაერის ჩაყლაპვის რიტმის დარეგულირებაში დაგეხმარება.

5. საუბრის დროს წარმოიდგინე, რომ მოსაუბრეს პირისპირ ხვდები

ფოტო: Giphy

როცა "მოსამზადებელ სამუშაოებს" მოამთავრებ, როგორც იქნა, დარეკავ და "ალოს" ყურმილის მეორე მხრიდანაც გამოეპასუხებიან, წარმოიდგინე, რომ მოსაუბრეს პირისპირ ხვდები. მიუხედავად იმისა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ერთმანეთს ვერ ვხედავთ, განწყობა მაინც იგრძნობა და ეს გადამდებია. ამიტომ, ნუ მოგერიდება და ტელეფონით ხელში ფართოდ გაუღიმე თუნდაც ცარიელ კედელს. ღიმილი, ერთი მხრივ, შენზე იმოქმედებს დამამშვიდებლად, მეორე მხრივ კი საუბრის დადებითად წარმართვის წინაპირობად იქცევა.

6. იარე

ფოტო: Tenor

ცხადია, მოსაუბრესთან პირისპირ შეხვედრისას წინ და უკან სიარულს არ დავიწყებდით, თუმცა, ადამიანების უმეტესობას ტელეფონზე საუბრის დროს ეს უჩვეულო ქცევა ახასიათებს. მეცნიერების შეფასებით ეს სრულიად ჩვეული და ბუნებრივი რეაქციაა და მას თავისი ახსნაც აქვს.

"დროთა განმავლობაში, როცა ადამიანებთან პირისპირ საუბარს ეჩვევით, თქვენი ტვინი რამდენიმე ელემენტს აკავშირებს: საუბრის ტონს, ლექსიკური მარაგის გამოყენებას, ჟესტებს და სხვა. ტელეფონზე საუბრისას, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ფიზიკური უკუკავშირის მიღება, თუმცა, დაკავშირებული ელემენტები მოძრაობასთან ასოცირებულ ტვინის უბნებს მაინც ააქტიურებენ.

"ტვინი, იმას ავსებს, რაც, მისი აზრით, გამოტოვებულია. ამიტომ თქვენი ემოციური ქმედებები ფიზიკურ ქცევად იქცევა. ტელეფონზე საუბრისას სიარული და სხვადასხვაგვარი ჟესტების გამოყენება უნებლიე ფიზიკური ქმედებაა, რაც, თავის მხრივ, მრავალწლიანი სოციალური ურთიერთობების შედეგია".

7. შეცდომები მოსულა, ამიტომ, ნუ კონცენტრირდები მათზე

ფოტო: Tenor

დაბოლოს, როცა საუბარი სრულდება, როგორც წესი, შვებას ვგრძნობთ ხოლმე და თავი ოლიმპიელები გვგონია, თუმცა, არცთუ იშვიათად, დიდწილად კი უნებლიეთ, გვახსენდება "რა წამოვროშე" მომენტები. ეს, თავის მხრივ, ტელეფონოფობიის უფრო გამწვავებასა და მომდევნო სატელეფონო ზარისას შფოთვის გამძაფრებას უწყობს ხელს, ამიტომ, დარწმუნებული იყავი იმაში, რომ არაფერი საგანგაშო არ გითქვამს და ეს დიდი თუ პატარა შეცდომა მოსაუბრეს ზარის დასასრულს ალბათ აღარც ახსოვდა უკვე.

ბონუსი: გაითვალისწინე, რომ, შესაძლოა, მოსაუბრესაც ჰქონდეს ტელეფონოფობია

ფოტო: Tenor

როცა საქმე რაიმე პრობლემას ეხება, რომლის წინაშეც სხვა დგას, ყველაზე მეტად სწორედ ის მამშვიდებს, რომ მარტო არ ვარ. ის ადამიანები, ვინც ტელეფონს ვუფრთხით, ხშირად თავადვე ვხუმრობთ ამაზე ინტერნეტში. აქედანაც ჩანს, რომ იმაზე მეტნი ვარ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. უფრო თვალსაჩინო სტატისტიკისთვის კი ვახსენოთ, რომ ბრიტანელი თანამშრომლების თითქმის ნახევარს ტელეფონზე საუბრის შიში აქვს.

ასე რომ, სანამ ზუმერი ისმის, წამით იმაზეც დაფიქრდი, რომ ყურმილის მეორე მხარეს ზუსტად შენნაირად ღელავენ.