გაერთიანებულ სამეფოში გეი ადამიანების ეგრეთ წოდებული გარდაქმნის თერაპიის აკრძალვასა და ლგბტქ თემისთვის მხარდასაჭერი საშუალებების გაზრდას გეგმავენ. აღნიშნული ქვეყნის მთავრობის პოსტპანდემიურ გეგმაში მოიაზრება.

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მეთაურობით, მთავრობა აცხადებს, რომ დაგეგმილი ღონისძიებებით "იმ საზარელ პრაქტიკას მოეღება ბოლო, რომელსაც ადამიანებისთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიყენება შეუძლია". გეგმის სისრულეში მოსაყვანად, დაიწყება კონსულტაციები ძალდატანებითი პროცედურის აკრძალვისა და ადამიანების დაცვისთვის საუკეთესო გზის მოსაძებნად.

"გარდაქმნის თერაპია" უმეტეს შემთხვევაში იძულებითი პროცედურაა, რომელიც სხვადასხვაგვარი გზების, მათ შორის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედების საშუალებებით, ქვიარ ადამიანებისთვის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლას ისახავს მიზნად. აღნიშნული სერვისები, რომლებიც საფრთხეს უქმნის პიროვნების ჯანმრთელობას, მიღებული პრაქტიკაა ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს რელიგიურ ჯგუფებში. მიუხედავად ამისა, პროცედურა აკრძალულია არაერთ ადგილას, მათ შორის ბრაზილიაში, არგენტინაში, ეკვადორში, გერმანიაში, აშშ-ის, კანადისა და ავსტრალიის რამდენიმე შტატში.

"ყოფილი გეი ადამიანები ამტკიცებენ, რომ ცვლილება შესაძლებელია", — ორგანიზაცია გეი და ყოფილი გეი ადამიანების მშობლებისა და მეგობრების ბანერი.

ფოტო: The Progressive

ჯონსონის პარტიას ამ გადაწყვეტილების მიღებისაკენ წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მისმა წინამორბედმა, ტერეზა მეიმ, 2018 წელს აღნიშნა, რომ პროცედურა, რომელიც ადამიანების სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლას ან დათრგუნვას ისახავს მიზნად, უნდა მოისპოს.

"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ექიმებმა, რელიგიურმა ლიდერებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ადამიანებთან ღია და გულახდილი საუბარი განაგრძონ", — აღნიშნულია პარლამენტის მიერ შემუშავებულ გეგმაში.

მიუხედავად ამისა, რელიგიური ლიდერების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცედურის საყოველთაო აკრძალვა, შესაძლოა, შეეხოს მათაც, ვინც ადამიანებს "სულიერ დახმარებას, მათ შორის, ლოცვას" სთავაზობს.

გაერთიანებულ სამეფოში 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოწილეთა 5 პროცენტს უნდა გაევლო, 2 პროცენტს კი უკვე გავლილი ჰქონდა "გარდაქმნის თერაპია". ამგვარი სერვისების ნახევარზე მეტი რელიგიური ორგანიზაციების მიერ იყო შეთავაზებული.