ციფრული ტრანსფორმაცია დღეს არაერთი სფეროს გამოწვევაა, პანდემიის პირობებში კი, ამ საჭიროების წინაშე აუქციონებიც დადგნენ. თუმცა, ქართულ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Apollo 11-ში ამ საკითხზე ფიქრი მანამდე დაიწყეს, სანამ აუქციონები გაციფრულების გარდაუვალობას მიხვდებოდნენ.

ყველაფერი 2020 წლის დასაწყისში დაიწყო, როცა Apollo 11-ის გუნდში Artisio-ს შექმნის იდეა გაჩნდა. მათ უნდოდათ აუქციონების "ცხოვრების წესი შეეცვალათ", დღეს კი, როგორც ამ SaaS პროდუქტის შემქმნელები ამბობენ, "Artisio არის მსოფლიოში პირველი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აუქციონების მართვის სისტემა, რაც მისი უნიკალურობის განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია".

"Artisio-მ უკვე 10-მდე აუქციონის სახლის ციფრულ ტრანსფორმაციაში შეიტანა წვლილი, მათ შორის არიან: BPI Auctions, რომელიც წლის განმავლობაში 900-ზე მეტ ონლაინ აუქციონს მართავს; Gascoines — ბრიტანული უძრავი ქონების აუქციონების სახლი 65 წლიანი გამოცდილებით და სხვა", — გვიყვება Apollo 11-ის მმართველი პარტნიორი, ირაკლი სვანიძე.

მეტიც, როგორც ამბობენ, Artisio-ს ბაზარზე გამოჩენას იმაზე დიდი დაინტერესება მოჰყვა, ვიდრე გუნდი წარმოიდგენდა. Apollo 11-ის წარმომადგენლის თქმით, 2021 წლის აპრილში Artisio-სთან პარტნიორობა გადაწყვიტა ონლაინ აუქციონების სისტემების მსოფლიოში ყველაზე მსხვილმა კომპანიამ, რომელიც აერთიანებს 3000-ზე მეტ აუქციონების სახლს მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო მათ Artisio AMS-ს ექსკლუზიურად შესთავაზებს. Apollo 11-ში ამბობენ, რომ კომპანია მსოფლიო ბაზრის ლიდერია, თუმცა, ამ ეტაპზე მისი დასახელებისგან თავს იკავებენ.

"ვთვლით, რომ ეს ფაქტი Artisio-სთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ახალშექმნილმა პროდუქტმა რევოლუცია მოახდინა აუქციონების ინდუსტრიაში და დაინტერესება გამოიწვია მსოფლიო ბაზრის ლიდერებისგან", — ამბობს ირაკლი სვანიძე.

როგორ იქმნებოდა Artisio

არტისიოს შექმნაში ჩართული იყო Apollo 11-ისა და Centigen Soft UK-ს გუნდი (Centigen Soft არის ბრიტანული IT საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2020 წელს ქართული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის — Apollo 11-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი გახდა). Centigen Soft-ის დამფუძნებელი და CEO, ბერდია ყამარაული, 10 წლის განმავლობაში იკავებდა ცნობილი ბრიტანული აუქციონის სახლის - Spink & Son-ის CTO-ს (Chief Technology Officer) პოზიციას. შესაბამისად, Artisio-ს კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესში მის გამოცდილებასა და სფეროს ზედმიწევნით ცოდნას განსაკუთრებული როლი ჰქონდა.

"ვთვლით, რომ 21-ე საუკუნეში აღარ უნდა გვიწევდეს ყოველდღიურ სამუშაოსთან ძველი მეთოდებით გამკლავება და ამ სფეროში დასაქმებული თითოეული ადამიანის სამუშაო ბევრად საინტერესო, მრავალფეროვანი და ეფექტიანი უნდა იყოს", — ამბობს ბერდია ყამარაული.

პროდუქტის შესაქმნელად ასევე გადამწყვეტი იყო გამოცდილება და ბიზნეს ინსაითების ცოდნა, რომელიც Apollo 11-ს, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას ჰქონდა. ის უკვე 4 წელია ევროპისა და ამერიკის ბაზარზე მოღვაწე მსხვილ და საშუალო ზომის კომპანიებს ემსახურება. "ჩვენი პორტფოლიო მოიცავს უამრავ მასშტაბურ პროექტს, რომლებიც გულისხმობს ორგანიზაციების ბიზნეს პროცესების ავტომატიზასა და მათზე მორგებული პროგრამული გადაწყვეტილებების შექმნას", — ამბობს Apollo 11-ის წარმომადგენელი.

ფოტო: Apollo 11-ის გუნდი

როგორ მუშაობს Artisio

Artisio არის cloud based ვებაპლიკაცია, რომელიც იყენებს თანამედრივე open source პლატფორმებს. აღსანიშნავია, რომ Artisio არის სრულად API-ზე დაფუძნებული პროდუქტი.

"API შესაძლებლობას აძლევს აუქციონების სახლს Artisio-ს ინტეგრაცია მოახდინონ ნებისმიერ third party აპლიკაციასთან, რომელსაც თავად აუქციონების სახლი იყენებს (მაგალითად, ინტეგრაცია eCommerce ონლაინ გადახდების პლატფორმებთან, საბუღალტრო, მარკეტინგის ავტომატიზაციის პლატფორმებთან და ა.შ.), რითიც არტისიო ხდება აუქციონის სახლის ცენტრალური სისტემა, სადაც ერთმანეთთან კავშირდება და ინტეგრირდება თითოეული დეპარტამენტის შიდა პროცესები", — ირაკლი სვანიძე.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აუქციონის სფეროს პროფესიონალები პროდუქტის შექმნისას კონსულტაციას უწევდნენ მათ, რაც ისეთი პროდუქტის შექმნის წინაპირობად იქცა, რომელიც აუქციონების სახლების საქმიანობის საკვანძო საკითხებს ზედმიწევნით ითვალისწინებს. (ინვენტარიზაციიდან — ლაივ აუქციონების გამართვამდე სრული პროცესების ციკლი). შედეგად, Artisio მათთვის არის მაქსიმალურად მოქნილი და მარტივად კონფიგურირებადი პროდუქტი.

"აღსანიშნავია Artisio-ს არქიტექტურის დინამიურობა, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად მცირე დროში და მარტივად მოხდეს Artisio-ს მორგება კლიენტი აუქციონების სახლის ბიზნეს პროცესებზე. იგი შესაძლებლობას იძლევა, სრულად ადაპტირდეს აუქციონების სახლის საქმიანობაზე, აქამდე თუ კომპანია უნდა მორგებოდა იმ ERP სისტემას, რომელსაც დანერგვასაც გადაწყვეტდა, Artisio-ს შემთხვევაში პირიქით ხდება, Artisio-ს დანერგვისა და ინტეგრაციის პროცესში კლიენტს არ უწევს პროდუქტზე მორგება, არამედ Artisio ერგება კლიენტის შიდა პროცესებს", — ამბობენ კომპანიაში.

Artisio-ს მნიშვნელობა ქართული ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროდუქტების შექმნა ქართული ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში შეიძლება შეიქმნას ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც ევროპული თუ მსოფლიო ბაზრის საჭიროებებს წარმატებით აკმაყოფილებს. მეტიც, ეს უცხოური ბაზრებისთვის შეიძლება საქართველოს ტექნოლოგიურ პოტენციალსა და პროდუქტების საიმედოობაზეც მიუთითებდეს.

"Artisio შეიქმნა Apollo 11-ის software engineer-ებისა და პროექტების მენეჯერების მიერ. შესაბამისად, საქართველოს ტენოლოგიურ სივრცეში გროვდება ცოდნა და გამოცდილება ისეთი სფეროდან, რომელიც საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული. მეორე მხრივ, Artisio-ს პარტნიორებმა და კლიენტებმა უკეთ გაიცნეს საქართველოს ტექნოლოგიური პოტენციალი. ვთვლით, რომ მსგავსი მასშტაბის პროდუქტებზე მუშაობა საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე კონკურენტუნარიან tech skilled ქვეყანად წარმოაჩენს, რომელსაც აქვს რესურსი, დააკმაყოფილოს მსოფლიო ბაზრის მოთხოვნები და სტანდარტები", — ამბობს ირაკლი სვანიძე.

Artisio-ს მომავალი

"Artisio-ს ზრდის მაჩვენებლებიდან გამომდინარე ვთვლით, რომ უახლოეს მომავალში მას მსოფლიო ბაზრის ლიდერ აუქციონების მენეჯმენტის სისტემად ვიხილავთ", — ამბობს ირაკლი სვანიძე მაშინ, როცა პროდუქტის შესაძლო მომავლის წინასწარმეტყველებას ვთხოვთ. იმ ობიექტურ გარემოებებსა და წარმატებაზე დაყრდნობით, რომელსაც პროდუქტმა უკვე მიაღწია, ეს საკმაოდ რეალისტური პროგნოზი შეიძლება იყოს.

"მოკლევადიანი გეგმების ჭრილში, ჩვენი მიზანია, სრულად დავაკმაყოფილოთ არსებული მოთხოვნები, რომლებიც ამ ინდუსტრიას აქვს დღესდღეობით. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, მიზნად ვისახავთ, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შევცვალოთ ინდუსტრია და ვუკარნახოთ ტექნოლოგიური განვითარების შემდეგი ეტაპები. ვგეგმავთ, შევქმნათ ინოვაციური გადაწყვეტილებები (ამ მხრივ შესაძლებლობები შეუზღუდავია, რადგან ტექნოლოგიური ინოვაციები განსაკუთრებით აკლია ამ სფეროს), რომლებიც სფეროს ტრენდად იქცევა და აუქციონების სახლებს უკარნახებს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას, კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად", — ამბობენ კომპანიაში.