ჟენევის სამიტის დასრულების შემდეგ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. საერთო განცხადებაში ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ სამომავლოდ ითანამშრომლონ და დაიწყონ დიალოგი ორმხრივ სტრატეგიულ სტაბილურობაზე.

"ჩვენ, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, მივუთითებთ, რომ აშშ-მ და რუსეთმა აჩვენეს — დაძაბულობის პერიოდშიც კი შეუძლიათ მიაღწიონ პროგრესს საერთო მიზნების ირგვლივ, რომელიც ეხება სტრატეგიულ სფეროში პროგნოზირებას, სამხედრო კონფლიქტების რისკების შემცირებასა და ბირთვული ომის საფრთხეს.

გახანგრძლივება ახალი START შეთანხმებისა, უჩვენებს ბირთვული იარაღის კონტროლის მიმართ ჩვენს ერთგულებას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პრინციპს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა იმართებოდეს", — წერია ოფიციალურ განცხადებაში.

მათივე განცხადებით, ამ მიზნების შესაბამისად, ახლო მომავალში აშშ და რუსეთი ერთად დაიწყებენ ინტეგრირებულ ორმხრივ სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგს, რომელიც იქნება მიზანმიმართული და ძლიერი.

"ამ დიალოგით, გვსურს საფუძველი ჩავუყაროთ იარაღის კონტროლსა და რისკის შემცირების ზომებს", — აცხადებენ ისინი.

დღეს ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტი მიმდინარეობდა. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ორივე მათგანს ვილა ლა გრანჟში შვეიცარიის პრეზიდენტი, გაი პარმელენი შეხვდა.