ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სურთ, რომელიც "სასამართლო კლანის ანატომიას" შეისწავლის.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორებიც შემოგვიერთდებიან და მოვაგროვებთ საკმარის ხმებს. ეს იქნება პოლიტიკურად გაფორმებული დოკუმენტი პარლამენტის მიერ, რომელიც შეისწავლის გადაწყვეტილებებს, რომელიც მიიღეს კლანის წევრებმა, მოსამართლეებს, ვინ როგორ დაინიშნა", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში სასამართლო კლანი არსებობს, რომელიც მმართველ გუნდისთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს იღებს.

აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება. შეთანხმებაში წერია, რომ არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, მითითებულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.

ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.