ექს-პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განმარტავს, რატომ ურეკავდა ქართული ოცნების დამფუძნებელსა და პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს გადადგომის წინ.

"მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში ჩემი კაბინეტის რამდენიმე მინისტრს მართავდა. მათ რაღაც გარკვეულ დავალებებს აძლევდა. ეს მომეჩვენა და ამის გასარკვევად ვრეკავდი", — განაცხადა გახარიამ.

არაფორმალურ მმართველობაზე დასმულ კითხვაზე კი, ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანაში "არაფორმალური ჯგუფების გავლენების პრობლემა" არის. დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ფორმალური მმართველი, მან თქვა:

"შემდეგი შეკითხვა. არ არის ეს სწორად დასმული [კითხვა]".

ივნისის დასაწყისში პარტია საქართველოს დამფუძნებლის, გიორგი გახარიას თქმით, როცა დარწმუნდა, რომ სხვები მის კომპეტენციაში ერეოდნენ, ქართული ოცნების დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება სცადა, რაც ვერ მოხერხდა. როგორც იგი აღნიშნავს, ამის შემდეგ მან ჟურნალისტები მოიწვია და გადადგა.