საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ლგბტ ადამიანებს საქართველოში არავითარი საფრთხე არ ექმნებათ და არც დისკრიმინაციის არცერთი ფაქტი არსებობს.

"ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, ვფიქრობ, პირიქით ხელს უწყობს რაღაც მათი ნიშნით დისკრიმინაციას. როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება მათ განსხვავებულობაზე, მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის დისკრიმინაცია ამ ადამიანების. ჩვენს მოსახლეობას არავისთან, რა თქმა, უნდა არ აქვს არავითარი პრობლემა, არც ამ ადამიანებთან. ყოველ დღე ეს ადამიანები, უმცირესობის წარმომადგენლები მუშაობენ და ცხოვრობენ აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებაში და რეჟიმში, მათ არავითარი საფრთხე არ ექმნებათ ჩვენს ქვეყანაში. არცერთი ფაქტი არ არსებობს აღნიშნული დისკრიმინაციის და ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ თუ ცალკეული შემთხვევა დაფიქსირებულა ოდესმე, ამის განზოგადება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება", — განაცხადა ღარიბაშვილმა.


თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.

დღეს ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან არიან შეკრებილები და იმუქრებიან, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.

ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

ამავე თემაზე: