ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებით, ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა შემაშფოთებელია. ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, ევროპის დროშა არ არის ერთი რომელიმე ორგანიზაციის ევროკავშირის ან ევროსაბჭოს წარმომდგენი სიმბოლო.

"ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობასა და მთლიანობას. ლაჟვარდის ველზე გამოსახული 12 ოქროს ვარსკვლავი ევროპული ერთიანობის, სოლიდარობისა და ჰარმონიის სიმბოლოა", — ნათქვამია განცხადებაში.

მათი განცხადებით, საქართველოს ისტორიული გზა გვავალდებულებს, რომ მუდმივად აღვმართოთ ევროპული დროშა სახელმწიფო დროშის გვერდით.

"ქართველი ერის თვითმყოფადობა, კულტურული იდენტობა, თანამედროვე პოლიტიკური და ფასეულობითი არჩევანი გაცხადებული არაერთხელ, მათ შორის, საზოგადოების საყოველთაო გამოკითხვის შედეგად, საქართველოს როგორც სახელმწიფოს მისწრაფებები გახდეს ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი გვავალდებულებს და გვაძლევს უფლებას მუდმივად აღვმართოთ ევროპული დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით", — წერია განცხადებაში.

ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა 2-ჯერ ჩამოგლიჯეს და დაწვეს. ბოლო შემთხვევა გუშინ, 6 ივლისს მოხდა, როცა პოლიციამ ჟურნალისტები და აქტივისტები პარლამენტის ტერიტორიას განარიდა და ისინი შეუშვა. დღეს, 7 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დროშა ხელახლა დაკიდა.