"მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება", — ამ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი, რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.

"13 წლის წინ, ამ დღეს, რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში შეიჭრნენ, მოკლეს ასობით სამოქალაქო პირი და ათასობით ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება აიძულეს. რუსეთს ახლაც საქართველოს ტერიტორიის, თითქმის, 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთის ფედერაციის ოკუპაციას ტრაგიკული ფასი აქვს ადამიანების სიცოცხლისთვის, განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიის დროს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეზღუდვამ არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარობას ვუცხადებთ და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით; მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა ქართული საზოგადოებები გაერთიანდება", — ამბობს პრაისი ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

აგვისტოს ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს, დაიკავა როკის გვირაბი. საქართველომ რუსულ აგრესიას უპასუხა. ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები

2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა. ასევე, სასამართლოს დიდმა პალატამ, კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.

გაიგეთ მეტი: