რატომ ხდება მიწისძვრები და რა უნდა ვიცოდეთ მათზე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა არის "მიწა" და მიწისძვრა

მიწისძვრა ბუნებრივი მოვლენაა და ის დედამიწაზე ოდითგანვე ხდებოდა. ისტორიას ბევრი ასეთი გამანადგურებელი შემთხვევა შემორჩა, თუმცა, ზოგადად მიწისძვრის უმეტესი ნაწილი საერთოდ არ არის საშიში. ყოველწლიურად ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 100 000-მდე მიწისძვრა აღირიცხება, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა იმდენად სუსტია, რომ მათ მხოლოდ სპეციალური ინსტრუმენტები (სეისმოგრაფი) აფიქსირებენ. სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე მიწისძვრის დაახლოებით ათი პროცენტის გრძნობაა შესაძლებელი. რაც შეეხება ზიანს, ყოველწლიურად დედამიწაზე საშუალოდ 100 სახიფათო მიწისძვრა შეიძლება დაფიქსირდეს.

მიწა რომელზეც დავდივართ, რომელზეც ჩვენი სახლები და სხვდასხვა შენობებია, მუდმივად მოძრაობს — ფილების ტექტონიკის მიხედვით, დედამიწის ლითოსფერო, რომელიც ნაკლებად ბლანტ ასთენოსფეროზეა განლაგებული, შედგება ცალკეული დიდი ბლოკებისაგან ანუ ფილაქნებისაგან, რომლებიც მოძრაობაში არიან.

დედამიწას აქვს ოთხი ძირითადი ფენა: შიდა ბირთვი, გარე ბირთვი, მანტია და ქერქი. ქერქი და მანტიის ზედა ნაწილი ქმნის პლანეტის "კანს" — ზედაპირს. თუმცა, ეს "კანი" არ არის ერთიანი და შედგება სხვადასხვა ნაწილისგან.

მეტი მხატვრულობისთვის, წარმოვიდგინოთ დედამიწის ზედაპირი, რომელიც ერთგვარი გიგანტური ფაზლის ნაწილების ერთობას წარმოადგენს. ნაწილები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული და მთლიანობაში დედამიწის ზედაპირს ქმნიან.

კლასიკური ფაზლისგან განსხვავებით, ისინი მუდმივად მოძრაობენ, თუმცა, ეს იმდენად ნელა ხდება, რომ ამას ჩვენ ვერ ვგრძნობთ. სწორედ ფაზლის ეს ნაწილებია ტექტონიკური ფილები — 8 დიდი და 12 პატარა ფილა ქმნის დედამიწის გარე მყარ გარსს.

რა იწვევს მიწისძვრას

ფოტო: Map of shaking intensity around the epicenter of the September 8, 2017 magnitude 8.2 earthquake

მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრა დედამიწის წიაღში, რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე ვითარდება — მას ჰიპოცენტრს ვუწოდებთ.

შედარებისთვის, ფიზიკურად მიწისძვრის არსი ისეთივეა, როგორიცაა ჭექა-ქუხილის. ჭექა-ქუხილისას ერთმანეთს ეჯახება ღრუბლები და ხდება დაელექტროება. მიწისძვრისას კი, სიღრმეში ხდება ბლოკების გადაადგილება, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ამ ძლიერი ბლოკების "შეჯახების" შედეგად წარმოიქმნება ძვრები. ყოველი ეს "შეჯახება" თუ "ხახუნი" განსხვავებულ ენერგიას წარმოქმნის, რასაც ზედაპირზე სხვადასხვა ეფექტი აქვს. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება.

შესაბამისად, რასაც ჩვენ მიწისძვრას ვეძახით, ეს არის ძლიერი ვიბრაციები, რომელიც გამოწვეულია პლანეტის ლითოსფეროში მიმდინარე პროცესებით.

მოძრაობის მრავალფეროვნება — მიწისძვრის ტიპები

ფოტო: pinterest

როგორც ზემოთ აღვნიშნე, დედამიწის ფილები მუდმივად მოძრაობენ. აქედან გამომდინარე, არსებობს სამი ტიპის "მიწისძვრა" — საუბარია, გადაადგილების მიმართულების მიხედვით სამი სახის ფილების კიდეებზე, იგივე საზღვარზე: დივერგენტული, კონვერგენტული და ტრანსფორმული.

დივერგენტული — ფილების დივერგენტული საზღვრების დროს ფილები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოძრაობენ. დივერგენტული საზღვრები იყოფა ოკეანურ და კონტინენტურ დივერგენტიულ საზღვრებად. ოკეანურ დივერგენტული საზღვარი მდებარეობს ოკეანური ლითოსფეროს ქვემოთ. კონტინენტურ-დივერგენციული საზღვარი ჩნდება კონტინენტური ფილაქნის ქვემოთ. ორი ფილაქნის გაჭიმვით მოძრაობისას ყალიბდება რღვევები და მიწისძვრები.

კონვერგენტული — კონვერგენტული ფილების საზღვრები ეწოდება საზღვრებს, სადაც ფილები ერთმანეთის მიმართ მოძრაობენ. ფილაქანთა ასეთი ტიპის შეჯახებით მოძრაობა იწვევს ვულკანურ აქტივობას და ქერქის დეფორმაციას.

ტრანსოფრმაციული — ტრანსფორმული საზღვრები ეწოდება ისეთ საზღვრებს, სადაც ორი ფილა ერთმანეთის გასწვრივ ჰორიზონტალურად გადაადგილდება. ასეთი ტიპის რღვევები გვხვდება შუაოკეანურ ქედებზე. სახელწოდება მომდინარეობს იქიდან რომ რღვევის გასწვრივ გადაადგილება შესაძლოა უეცრად შეწყდეს ან ტრანსფორმირდეს სხვა სახის გადაადგილებაში

ზემოთ ჩამოთვლილი პროცესები საინტერესოა იმ მხირვაც, რომ ბევრი მთა, კლდე და ოკეანეების ნაკადები სწორედ ასე ფორმირდება.

სად ხდება მიწისძვრები ხშირად

მიწისძვრა შეიძლება დაფიქსირდეს ბევრგან, თუმცა უმეტესობა მაინც ფილების კიდეებზე, იგივე საზღვრებზე ფიქსირდება — ეს დედამიწის ზედაპირის 10 პროცენტია.

მნიშვნელოვანია მაღალი მთების ფაქტორიც. მთები ლითოსფეროში მიმდინარე პროცესებთან არის დაკავშირებული, ამიტომ, ტერიტორიები, სადაც მათი სიხშირეა, ის ადგილებია, სადაც ყველაზე ხშირად აღინიშნება მიწისძვრების ფენომენი. საქმე იმაშია, რომ ასეთ ტეროტპროებზე ზედაპირები ფორმირების ეტაპზეა და ქერქი ყველაზე მობილურია.

მიწისძვრების მხრივ ყველაზე აქტიურია ე.წ. ცეცხლოვანი რკალის ზონა. ეს ზონა წყნარი ოკეანის გასწვრივ მდებარეობს. როგორც ჩანს, ეს ინკებმა კარგად იცოდნენ და შენობებს ისე აშენებდნენ, რომ მიწისძვრებისთვის გაეძლოთ. მათმა იმპერიამ თავის მწვერვალს მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში მიაღწია და ის სწორედ რკალის ზონაზე გადიოდა. იმპერია მოიცავდა თანამედროვე პერუს, ბოლივიის და ეკვადორის ტერიტორიებს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ზოგადად, უფრო მეტი მიწისძვრა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ხდება.

ცნობისთვის, არსებობს ე.წ. "მიწისძვრების დედაქალაქი", რომელიც აშშ-ში კალიფორნიის შტატშია. დასახლებას პარკფილდი ეწოდება, სადაც არის "ხიდი", რომელიც აკავშირებს დედამიწის ორ ტექტონიკურ ფილას. აქ ყოველ 22 წელიწადში საშუალოდ 6 დიდი მიწისძვრა ფიქსირდება.

ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი ძვრები

ფოტო: Chris McGrath Getty Images

ძლიერი მიწისძვრები, რომლებიც ხდებოდა და ხდება, ადამიანებისთვის სერიოზული საფრთხის მატარებელია. მიწისძვრას ბევრად უფრო მეტი ადამიანი ეწირება, ვიდრე ტაიფუნს და გრიგალს ერთად აღებული.

ითვლება, რომ ევროპაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა, რომელმაც უდიდესი მსხვერპლი გამოიწვია 1908 წელს იტალიის სამხრეთით ქალაქ მესინაში მოხდა. ბიძგებს მაშინ 200 000-მდე ადამიანი შეეწირა. ქალაქში დაუზიანებელი შენობა ფაქტიურად არ დარჩა. მსხვერპლის ამხელა რაოდენობაზე იმოქმედა მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა და 10 მეტრიანმა ტალღებმა.

სეისმოლოგიის ისტორიაში ყველაზე ძლიერ მიწისძვრა კი 1960 წელს ჩილეში დაფიქსირდა, მაგნიტუდა შეადგენდა 9,5 ბალს. შედეგად დაიღუპა 6 000 ადამიანი და უსახლკაროდ დარჩა 2 მილიონი.

ფოტო: Chile Earthquake Of 1960

მიწისძვრა, რომელმაც ითვლება რომ ყველაზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია მოხდა ჩინეთში, 1553 წელს. მიიჩნევა, რომ ამ მიწინსძვრამ 830 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

როგორ ვსაზღვრავთ ძვრებს — რამდენ მაგნიტუდზე რას რა მოჰყვება და რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს მიწისძვრა

ფოტო: dkiservices

მიწისძვრები აღირიცხება ინსტრუმენტით, რომელსაც ეწოდება სეისმოგრაფი. მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერს სეისმოგრამა ჰქვია, რომელიც დედამიწის ქერქის რხევების ჩანაწერს აკეთებს.

მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით (ტალღების საერთო ენერგიით) და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული.

4ბ — 4 ბალის ჩათვლით მიწისძვრა იმდენად სუსტია, რომ ადამიანები ვერც კი ვამჩნვთ.

5ბ — 5 ბალიან მიწისძვრას ვგრძნობთ, მაგრამ როგორც წესი ის არაფერს ანგრევს.

6ბ — 6 ბალიანის შემთხვევაში კედლებზე ბზარი შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ შენობები იშვიათად ინგრევა

7ბ — 7 ბალიდან მიწისძვრა ძალიან სახიფათო ხდება და მას ნაგებობების დანგრევა შეუძლია.

რაც შეეხება მიწისძვრის მაქსიმალურ სიმძლავრეს, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად არ არსებობს მათემატიკური ზღვარი სიდიდის გამოთვლით, ფიზიკური ზღვარი შეიძლება ითქვას რომ გვაქვს. ვინაიდან ტექტონიკურ ფილებს აქვთ სასრული ზომები, ითვლება, რომ ყველაზე დიდმა მიწისძვრამ შეიძლება მიაღწიოს 9.5 მაგნიტუდას, რაც შეესაბამება ზემოთ ხსენებულ ჩილეს მიწისძვრის სიდიდეს.

ძვრების შემდეგ

ფოტო: Japan, Honshu

თავისთავად, ძლიერი მიწისძვრა სახიფათოა და მას შეიძლება დიდი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვეს. თუმცა, არსებობს შემდგომი პროცესები, რაც ხშირ შემთხვევაში არანაკლებ საშიშია — ასეთია ცუნამი.

ზოგ შემთხვევაში მიწისძვრის მიერ გამოწვეული ცუნამი უფრო სახიფათოა, ვიდრე თავად პირველი ბიძგები. ცუნამი ძირითადად წარმოიქმნება ფსკერზე ან სანაპირო ზოლში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შემდეგ. ცუნამის მიერ წარმოქმნილი ტალღების სიჩქარე ხშირად ძალიან დიდია და მან შეიძლება 1000კმ/სთ-მდეც კი მიაღწიოს, ხოლო მისი სიმაღლე 1 მეტრიდან 50 მეტრამდე შეიძლება იყოს. ცუნამის 80 პროცენტი წყნარი ოკეანის პერიფერიაზე ჩნდება.

ცუნამის გარდა მიწისძვრას შესაძლოა მოჰყვეს მეწყერი, ღვარცოფი, ვულკანური აქტივობები და ხანძრები.

ძლიერ მიწისძვრას მომდევნო რამდენიმე საათში, ან გინდაც დღეებში, შესაძლოა, მოჰყვეს სხვა ბიძგებიც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ შემდეგი ფაქტები:

  • უმეტეს შემთხვევაში, შემდგომი ბიძგები იქნება უფრო მცირე; შესაბამისად, ვიბრაცია ნაკლებად სახიფათოა
  • მიწისქვეშა ბიძგები არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში მას უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვება
  • მიწისძვრის შემდგომი ბიძგები ნორმალურია; ეს ადასტურებს, რომ დედამიწის ქერქი კვლავ წესრიგდება

საქართველო

საქართველოში ცნობილია ჯერ კიდევ 1088 წელს, დავით აღმაშენებლის გამეფების პერიოდში ჯავახეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრა, რომელიც თმოგვის მიწისძვრის სახელითაა ცნობილი. ასევე, ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია ვარძია.

დედამიწაზე ორი ძირითადი სეისმური სარტყელია ცნობილი: ალპურ-ჰიმალაური და წყნაროკეანური. საქართველოს ტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით და თანმდევი უარყოფითი შედეგებით, რთული რეგიონია. თუმცა, ჩვენთან არ არის მოსალოდნელი ისეთი მძლავრი მიწისძვრები, როგორიც შეიძლება მოხდეს ცეცხლოვანი რკალის ზონაში.

რაც ოფიციალურად არის აღრიცხული, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი 7 მაგნიტუდის მიწისძვრა რაჭაში, ქალაქ ამბროლაურთან მოხდა. მიწისძვრა 1991 წლის 29 აპრილს ადგილობრივი დროით 13:13 წუთზე დაფიქსირდა. 2013 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიონის ისტორიაშიც ყველაზე ძლიერი და ინტენსიური მიწისძვრა იყო, რომელმაც 270-მდე ადამიანი შეიწირა.

ექსპერტების თქმით, საქართველოში სეისმური საშიშროების მატარებელია მთიანი რეგიონები, კავკასიის მთიანეთი და ჯავახეთის ზეგანი, სადაც დასახლების სიმჭიდროვე ნაკლებია და შესაბამისად, მსხვერპლის რისკიც მცირეა. ყველაზე მძლავრი მიწისძვრა, რომელიც შეიძლება მოხდეს საქართველოში, ეპიცენტრში იქნება 7 ან 7,5 მაგნიტუდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი სამება საზოგადოების ყურადღების ცენტრში გახშირებული მიწისძვრებით მოექცა. უკანასკნელ პერიოდში ამ ტერიტორიაზე რამდენიმე 3-4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თუმცა, ექსპერტების თქმით, ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან ჯავახეთი, გარდა ტექტონიკური აქტივობებისა, პოსტვულკანური აქტივობებითაც ხასიათდება, რაც მიწისძვრებში გამოიხატება. ამჟამად რეგიონზე მონიტორინგი მიმდინარეობს და მეცნიერები ამბობენ, რომ ეს სპეციალისტებისთვის უფრო საინტერესო პროცესია, ვიდრე მოსახლეობისთვის, და განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს.

პროგნოზირება, პრევენცია და თავის დაცვის საშუალებები

ტექნოლოგიების მნიშვნელოვნად განვითარების მიუხედავად მიწისძვრის დროის ზუსტი პროგნოზირება ჯერ მაინც შეუძლებელია. სეისმოგრაფები გამოიყენება იმის დასადგენად, თუ რამდენად დიდი იყო მიწისძვრა და სად მოხდა ის, მაგრამ მათ არ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ როდის მოხდება ესა თუ ის კონკრეტული ძვრები.

დღეს მეცნიერებს შეუძლიათ თქვან, თუ რომელი კონკრეტული ხარვეზი საბოლოოდ გამოიწვევს მიწისძვრას, მაგრამ არ შეუძლიათ განსაზღვრონ თუ როდის მოხდება ის.

ამასთან, ბევრს ჰგონია, რომ თითქოს მცირე ზომის მიწისძვრები ერთგვარი გამაფრთხილებლები არიან და მათ მალე მძლავრი ძვრები მოჰყვება. თუმცა, ძირითადად ეს ასე არ არის. მეტიც, როდესაც სეისმურად აქტიურ ზონაში მცირე ზომის მიწისძვრა საერთოდ არ ფიქსირდება, ამან შეიძლება მიწისქვეშეთში ენერგიის დაგროვება გამოიწვიოს. საბოლოოდ ეს შეიძლება დიდი მიწისძვრის გამომწვევი გახდეს.

ასე, რომ არა, დღეს მეცნიერებას მიწისძვრების ზუსტი დროის და ადგილის პროგნოზირება არ შეუძლია.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრევენციული ზომების მიღება არ შეგვიძლია. მეცნიერები და ინჟინრები აქტიურად მუშაობენ ისეთი სტრუქტურების შესაქმნელად რასაც ძლიერი მიწისძვრების გაძლება შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ შენობები, როგორც წესი, აღჭურვილია ვერტიკალური დაწოლის გასაძლებად, მათი წონისა და სიმძიმისაგან, ისინი ვერ უმკლავდებიან ძლიერი მიწისძვრების მიერ გამოყოფილ ბიძგებს.

სწორედ ასეთი ბიძგების გასაძლებად მაგალითად, იაპონიაში, სადაც მიწისძვრების საკმაოდ ხშირია, აგებენ შენობებს, რომლებიც მიწისძვრის დროს საკუთარი ღერძის გარშემო იბრუნებს. არის შემთხვევები, როდესაც შენობებს "რელსებზე" აყენებენ. ასეთ დროს სახლი არ ირყევა და ის მხოლოდ აქეთ-იქით დასრიალებს. ასეთ შენობებს სეისმოდეგ ნაგებობეს უწოდებენ.

მიწისძვრის მიმართ გამძლე შენობების მნიშვნელობის მხრივ ჩილეს და ჰაიტის მიწისძვრები შეგვიძლია მოვიტანოთ. ჰაიტის შემთხვევასთან შედარებით, ხუთასჯერ ძლიერი იყო ჩილეს მიწისძვრა, მაგრამ ხუთასჯერ ნაკლები ადამიანი დაიღუპა. ამიტომ, მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

დაბოლოს, მიწისძვრებზე ჩვენი ცოდნა ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად იზრდება. ოდესღაც ადამიანებს მიწისძვრა ღმერთის სასჯელად ან სხვა მისტიურ მოვლენად მიაჩნდათ, მაგრამ დღეს ჩვენ მისი გამომწვევი რეალური მიზეზები გვესმის. ისტორიული გამოცდილებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოდნა ძალაა და სავსებით შესაძლებელია ამ ძალამ მომავალში ადამიანები უძლიერესი მიწისძვრებისგანაც დაგვიცვას.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ისრაელმა ირანული რაკეტა დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე გაანადგურა — როგორ
  2. ანტარქტიდა უდაბნოა — აი, რატომ
  3. შორეული მკვდარი ვარსკვლავი მოულოდნელად გააქტიურდა
  4. როგორი იყო გიგანტური კენგურუ, რომელიც 40 000 წლის წინ ცხოვრობდა
  5. 4 აპლიკაცია, რომლებითაც ხალხმრავლობაში ინტერნეტის გარეშე კონტაქტს შევძლებთ

გირჩევთ