"ვინ ხარ შენ, ჩემი უფროსი ხარ?", — ასე მიმართა პრემიერმინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც მისთვის კითხვის დასმას ცდილობდა. ჟურნალისტმა ღარიბაშვილს ჰკითხა, აჩუქა თუ არა მან მართვის მოწმობა ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს, რაც პრემიერმინიტრმა უარყო.

— თქვენ აჩუქეთ მართვის მოწმობა ბექაურს?

— მე არ მიჩუქებია, ტყუილია.

— მოგასმენინებთ აუდიო ჩანაწერს, მოვუსმინოთ მის სატელეფონო საუბარს.

— შემდეგი. პროვოკაციაა, მიბრძანდით აქედან [...] გაიყვანეთ აქედან [...] პროვოკაციაა მიბრძანდით აქედან, პროვოკატორი ხართ, მიბრძანდი, მიბრძანდი.

— ბატონო ირაკლი, მოუსმინეთ.

— რატომ უნდა მოვუსმინო, ვინ ხარ შენ, ჩემი უფროსი ხარ?

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრემიერმინისტრი, ისევე, როგორც ქართული ოცნების სხვა ლიდერები ოპოზიციურ და კრიტიკულ მედიას თავს ესხმიან, კითხვებს არ პასუხობენ ან მათ მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი. დიდი ხნის განმავლობაში ისინი საერთოდ უარს ამბობდნენ მათთან კომუნიკაციაზე, ეთერებში მისვლასა და ინდივიდუალური კომენტარების ჩაწერაზე. გუშინ, 1-ლ სექტემბერს ღარიბაშვილი ისევ დაესხა თავს ოპოზიციურ მედიებს და განაცხადა, რომ მათი ყურება წარმოუდგენელია. ღარიბაშვილის მტკიცებით, ამ არხებს 2 წელია აღარ უყურებს, მაგრამ იქვე ვრცლად საუბრობს მათი მუშაობის სპეფიციკაზე და შიშის დათესვასა და პროპაგანდაში ადანაშაულებს.

მმართველი გუნდი მსგავსი დამოკიდებულების გამო არაერთხელ გააკრიტიკა მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეს აძლიერებს პოლარიზაციას და ჟურნალისტებს საფრთხეს უქმნის, რადგანაც ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს.