ქართველ ჰალკად წოდებული მკლავჭიდელის, ლევან საგინაშვილის თქმით, იგი ნეტფლიქსის გახმაურებული თრილერის, Extraction-ის მეორე ნაწილში მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენმა ამის შესახებ იუთუბგადაცემაში, მტკივნეულ შოუში, სტუმრობისას ისაუბრა.

"ამ თვის ბოლოს უნდა წავსულიყავი ავსტრალიაში, თუმცა, კორონავირუსის დელტა შტამის გამოვლენის გამო, გადაღებებმა პრაღაში გადაინაცვლა, ამიტომ, დროში ცოტათი გაიწელა, — ამბობს საგინაშვილი.

წამყვანის შეკითხვაზე, ჰყავს თუ არა მას აგენტი ამ მიმართულებით, ქართველმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არა, თუმცა, "ამ ფილმში გადაღების შემდეგ, სავარაუდოდ, ბევრი შემოთავაზება ექნება და აგენტი დასჭირდება".

32 წლის სპორტსმენი ევროპის ექვსგზის და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია.

რაც შეეხება ფილმს, რომელშიც საგინაშვილი ითამაშებს, ის, როგორც უკვე ვთქვით, Extraction-ის გაგრძელება იქნება. ამ უკანასკნელში, რომლის რეჟისორიც სემ ჰარგრეივია, მთავარ როლს კრის ჰემსვორთი ასრულებს. ენდი პარკსის გრაფიკულ რომანზე დაფუძნებული ფილმი მაყურებელმა პირველად გასულ წელს იხილა და 99 მილიონზე მეტი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე ყურებადი ორიგინალური ნამუშევარი გახდა.