პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოში მედია აბსოლუტურად თავისუფალია. ასე უპასუხა მან მთავარი არხის ჟურნალისტს, რომელმაც კითხვას მათი ტელევიზიის ოპერატორის დაშავების და ზოგადად, მედიის უსაფრთხოების შესახებ დაუსვა.

"საქართველოში 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი. 14 დღეში შეგიძლიათ გახსნათ ტელევიზია და ამის მაგალითი ხართ თქვენ, მთავარი არხი. ასე რომ, დამშვიდდით და დატკბით ამ კომფორტით", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავარი არხის ინფორმაციით, ქარელში, ქართული ოცნების წევრებმა მათი ოპერატორი პარტიის შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. როგორც ჟურნალისტი ბექა ყორშია ყვება, მმართველი პარტიის შტაბის წევრები მისვლისთანავე აგრესიულად შეხვდნენ. მისი თქმით, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

ინციდენტის შემდეგ, ქართული ოცნების ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მთავარი არხის ოპერატორი პარტიის ქარელის შტაბის მეორე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა. ის ადასტურებს, რომ შტაბის წევრებსა და ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, თუმცა გამორიცხავს ფიზიკურ შეხებას.

საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.