"თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ", — ასე მიმართა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ჟურნალისტს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, "ქუთაისი წააგეთ, თბილისი წააგეთ და რა მოიგეთ მაშინ გვითხარით". სწორედ ამ კითხვის საპასუხოდ უთხრა კობახიძემ აღნიშნული.

"თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ, თქვენი წაშლილი სახე მოვიგეთ, ქალბატონო, დეა", — განუცხადა მან ჟურნალისტს.

დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძემ ჟურნალისტებს მსგავსი ფრაზებით რამდენჯერმე მიმართა. მან მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ "წაგებას უნდა შეეგუონ". გარდა ამისა, მმართველი პარტიის ლიდერმა მთავარი არხის ჟურნალისტი მოიხსენია, როგორც "მიხეილ სააკაშვილის სახე".

"თქვენი სახით საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს არის ციხეში", — თქვა მან.

ცესკომ პირველადი მონაცემები უკვე გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, თბილისში მეორე ტური ჩატარდება. მანამდე, 2 ოქტობერს, ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ, მმართველმა პარტიამ ოფისთან საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე იზეიმა. იმედის დაკვეთით ჩატარებული GORBI-ის კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას 47%-ზე მეტი უნდა აეღო, ხოლო თბილისში მეორე ტური არ ინიშნებოდა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.