კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტს, რომელიც მისთვის კითხვის დასმას ცდილობდა სიტყვა შეაწყვეტინა და მოუწოდა დამშვიდებულიყო.

"განერვიულებულია მთავარი არხის ჟურნალისტი, იმიტომ, რომ დამარცხდა და ნუ გწყინთ. ნუ ნერვიულობთ, ნუ ნერვიულობთ, წინ კიდევ ბევრი ნერვიულობა გელით. 30 ოქტომბერიც მალე დადგება, ამიტომ ცოტა შემოინახეთ ეს ნერვები", — განაცხადა თეა წულუკიანმა.

2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული კითხვაზე პასუხის გაცემისას, წულუკიანი ისევ მთავარი არხის ჟურნალისტს მიუბრუნდა და შეურაცხყოფა მიაყენა.

"უპრეცედენტოდ გამჭვირვალე დათვლის პროცესი იყო და შედეგები დადგა ისეთი, რომელიც ეს ქალბატონიც კი, რომელიც განერვიულებული ბევრს ყვირის, იმიტომ, რომ გვარამიამ ასე დაავალა, ვერ უარყოფს, რომ ... სად არის რიგგარეშე არჩევნები? არ არის", — განაცხადა წულუკიანმა.

მთავარი არხის ჟურნალისტი ცდილობდა წულუკიანისთვის კითხვა დაესვა არხის კუთვნილ მიკროფონთან დაკავშირებით, რომლეიც მინისტრმა 22 ივლისს, ჟურნალისტ ემა გოგოხიას წაართვა.