როცა ჯიამ, მანჰეტენზე მცხოვრებმა კონსულტანტმა, 2014 წელს შერილ სანდბერგის ბესტსელერი, გარჯა წაიკითხა, გადაწყვიტა მისი ავტორის, ფეისბუქის საოპერაციო დირექტორის რჩევები გაეთვალისწინებინა. "ბიზნესის სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, ენთუზიაზმით სავსე ვიყავი და მომწონდა კარიერისთვის თავის გადადების იდეა", — იხსენებს ჯია, რომელიც თავის გვარს პროფესიული რეპუტაციის დაცვის მიზნით არ ასაჯაროებს, — "საკუთარი შესაძლებლობების სხვებისთვის ჩვენების იდეამ ძალა შემმატა და ასი პროცენტით ვგრძნობდი თავს მზად, დამემტკიცებინა, რომ ვიყავი ქალი, რომელიც შეძლებდა ჰქონოდა ყველაფერი — ყოფილიყო გავლენიანი კარიერისტი და შესანიშნავი დედა".

თუმცა, ახლა უკვე 38 წლის ჯიას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. მისი თქმით, წლების განმავლობაში, როცა საქმე დაწინაურებაზე და ხელფასის ზრდაზე მიდგებოდა, ის შეუმჩნეველი მისი სქესის გამო რჩებოდათ — განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2018 წელს დედა გახდა. ჯიამ ბავშვზე ზრუნვის მოვალეობების უდიდესი ნაწილი საკუთარ თავზე აიღო, რადგან მისი ბანკირი ქმარი ხშირად მიემგზავრებოდა მივლინებებში. ამ გარემოებამ მის რეპუტაციას უსამართლოდ მიაყენა ზიანი, რადგან ჯია კოლეგებსა და უფროსებს შორის აღიქმებოდა თანამშრომლად, რომელსაც პროფესიული ჟინი აკლდა.

შემდეგ კი COVID-19-ის პანდემია დაიწყო და ყველა ის ფაქტორი, რომელიც მას იქამდე აფერხებდა, კიდევ უფრო გამძაფრდა. როდესაც 2020 წლის მარტში მისი შვილის ბაღი დაიხურა, ჯია ბავშვის მთავარი მომვლელი გახდა. ამავდროულად ის ცდილობდა, სამსახურის საქმეებსაც ძველებურად გამკლავებოდა. "უკიდურესად არამოტივირებული ვიყავი, რადგან ვგრძნობდი, თითქოს საათებს ვატარებდი იმის მცდელობაში, რომ სარბენი ბილიკიდან არ ჩამოვვარდნილიყავი", — გვიხსნის ის, — "თუმცა, ამავდროულად ვგრძნობდი, სულ უფრო ნაკლებად სჯეროდათ, რომ სამუშაოს შესრულება შემეძლო. ვხვდებოდი, რომ კარიერა ხელიდან მისხლტებოდა და მე აბსოლუტურად არაფრის გაკეთება არ შემეძლო".

პანდემიის დროს მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ქალების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს კარიერული თვალსაზრისით "ძალიან ამბიციურად" ახასიათებდნენ.

2021 წლის დასაწყისში ჯიას ფსიქოლოგმა უთხრა, რომ ის მუშაობით გადამწვარი იყო. ქალი იხსენებს, რომ აქამდე მას მენტალური პრობლემები არასდროს ჰქონია, "მაგრამ ახლა ვცდილობ, ყოველი კვირა ისე გავიყვანო, რომ საღ გონებაზე დავრჩე".

ჯიას ამბავი არის მაგალითი საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმული დისბალანსისა, რომელიც პანდემიამ წინა პლანზე წამოწია და გაამწვავა. მრავალი მიზეზის გამო, ქალებს — განსაკუთრებით კი, დედებს — კაცებზე მეტად უწევთ, ყოველდღიურად შეასრულონ კომპლექსური ვალდებულებები: ეს აუნაზღაურებელი საშინაო საქმეებისა და პროფესიული სამუშაოს არაპროგნოზირებადი კომბინაციაა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ვალდებულებებს შორის ბალანსის ძიებით გამოწვეული მენტალური დაძაბულობა ათწლეულების განმავლობაში იყო აშკარა, COVID-19-მა განსაკუთრებით გაამწვავა ეს პრობლემა. სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ სტრესი და გადაღლილობა უფრო მეტ ქალზე ახდენს გავლენას, ვიდრე კაცზე, რაც მეტად შესამჩნევია დასაქმებულ მშობელთა შორის. ამ ფაქტორმა, შესაძლოა, მრავალმხრივი უარყოფითი გავლენა იქონიოს პოსტპანდემიურ სამუშაო სივრცეზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმაც და ფართო საზოგადოებამაც იპოვონ გზები ამ დისბალანსის შესამცირებლად.

უთანასწორო მოთხოვნები

იმ კვლევების უახლესი მონაცემები, რომლებიც ქალებში გადაღლილობას შეისწავლის, შემაშფოთებელია. LinkdIn-ის მიერ 5 ათასი ამერიკელის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ქალების 74% ძლიერად ან გარკვეულწილად განიცდიდნენ სამსახურით გამოწვეულ სტრესს მაშინ, როდესაც აღნიშნული კოეფიციენტი დასაქმებულ კაცებში მხოლოდ 61%-ს უტოლდებოდა.

სამუშაო სივრცეში ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე სტარტაპის, Maven-ის მიერ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა კვლევამ კი აჩვენა, რომ დასაქმებული დედები მამებზე 23%-ით მეტად არიან გადაწვის რისკის ქვეშ. პანდემიის დაწყების შემდეგ მხოლოდ აშშ-ში დაახლოებით 2.35 მილიონმა დასაქმებულმა დედამ განიცადა გადაწვა — განსაკუთრებით, "სახლსა და სამსახურში უთანასწორო მოთხოვნების გამო", ვკითხულობთ კვლევაში.

ქალებს ხშირად კაცებზე მეტად უწევთ საშინაო და პროფესიული ვალდებულებების შეთავსება, რასაც სტრესის გამწვავება შეუძლია.

ფოტო: Getty Images

ექსპერტები თანხმდებიან, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ქალები გადაღლილობას განიცდიან. თუმცა ისინი აღიარებენ, რომ საზოგადოებრივი სტრუქტურებისა და გენდერული ნორმების კვეთა ამ გარემოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგალითად, სამუშაო სივრცეში არსებული უთანასწორობა განუყოფლად არის დაკავშირებული ტრადიციულ გენდერულ როლებთან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალები კვლავ საშუალოდ 82 ცენტს გამოიმუშავებენ კაცების მიერ გამომუშავებულ თითო დოლარზე და ეს სხვაობა ევროპის ქვეყნებშიც მსგავსია (საქართველოში ქალის ხელფასი კაცისაზე, საშუალოდ, 37 პროცენტით ნაკლებია). ჯიას კომპანია არ ასაჯაროებს მსგავსი ტიპის მონაცემებს, მაგრამ ის ეჭვობს, რომ ხელფასებში გენდერული ნიშნით მნიშვნელოვანი განსხვავებაა. უფრო მეტიც, ის თვლის, რომ ბევრი თანამშრომელი კაცი, რომელიც კარიერულად იმავე საფეხურზეა, მასზე მეტს გამოიმუშავებს, რაც უზარმაზარი სტრესის ქვეშ ამყოფებს.

"იდეა, რომ საკუთარ თავს ნაკლებად ვაფასებ, უკიდურესად მიცრუებს იმედს. თუმცა, ამავდროულად, არ მინდა არაპოპულარული გავხდე უფრო მეტი თანხის თხოვნით მაშინ, როდესაც კომპანია ისედაც მიწევს ანგარიშს როგორც საკუთარ შვილზე მზრუნველ დედას", — აცხადებს ჯია, — "ეს მუდმივი შინაგანი ბრძოლაა".

"ვხვდებოდი, რომ კარიერა ხელიდან მისხლტებოდა და მე აბსოლუტურად არაფრის გაკეთება არ შემეძლო", — ჯია

კვლევები დაბალ შემოსავალს სტრესის მაღალ დონესა და გაუარესებულ მენტალურ ჯანმრთელობას უკავშირებს. რამდენიმე კვლევამ ასევე ნათლად აჩვენა, რომ სამუშაო პირობებში გენდერული ნიშნით გამოწვეული სხვაობის გამო ქალებში გადაწვის შემთხვევები უფრო მწვავეა.

2018 წელს მონრეალის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც ოთხი წლის განმავლობაში 2,026 დასაქმებული იყო ჩართული. მათ დაასკვნეს, რომ ქალები კაცებზე უფრო დაუცველები იყვნენ გადაწვისგან, რადგან მათ ამ უკანასკნელებზე იშვიათად აწინაურებდნენ და, შესაბამისად, უფრო დაბალ პოზიციებზე უწევდათ დარჩენა, რაც სტრესსა და იმედგაცრუებას იწვევდა. მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ ქალები უფრო ხშირად ხდებოდნენ აქტიური მარტოხელა მშობლები, განიცდიდნენ ბავშვების მოვლასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხარჯავდნენ დროს საშინაო საქმეებში და ჰქონდათ დაბალი თვითშეფასება — ამ ყველაფერს კი გადაწვის გამწვავება შეუძლია.

მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორის და ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ნენსი ბორეგარდის თანახმად, 2018 წლის შედეგების დღევანდელი გადმოსახედიდან ანალიზი ცხადყოფს, რომ COVID-19-მა გაამძაფრა ის არსებული უთანასწორობა და დისბალანსი, რომელიც მისმა გუნდმა კვლევაში ასახა. "სამუშაო ძალის ადამიანური კაპიტალის მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ არ მივდივართ კარგი მიმართულებით", — აღნიშნავს ის.

ბრაიან კროპი, კონექტიკუტში მდებარე გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია Gartner-ის ადამიანური რესურსების კვლევის უფროსი, ეთანხმება ამ მოსაზრებას. მის თანახმად, მართალია, პანდემიამდეც მრავლად იყო ის ფაქტორები, რომლებიც ქალთა გადაწვას იწვევდა, მაგრამ COVID-19-მა მათი ნაწილი განსაკუთრებით გაამწვავა, რადგან მან გვაიძულა, ორმაგად დაგვეტვირთა ჩვენი საშინაო და სამუშაო რუტინა.

პანდემია როგორც კატალიზატორი

პანდემიის გამო ოჯახური ცხოვრების ხელშემწყობი ინსტიტუტები დაიხურა, რაც დამატებით ტვირთად დააწვა ქალებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის იმ კვლევის თანახმად, რომელშიც 30 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ქალები — განსაკუთრებით კი, დედები — COVID-19-ის დროს მნიშვნელოვნად მეტ დროს ხარჯავდნენ ბავშვების მოვლასა და საშინაო საქმეებზე, ვიდრე პანდემიამდე, რაც პირდაპირ კავშირშია მათი კეთილდღეობის შემცირებასთან. მრავალ ქალს იქამდეც მორგებული ჰქონდა ოჯახზე მთავარი მზრუნველის როლი, ხოლო პანდემიამ შეასუსტა მხარდაჭერის ის საშუალებები, რომლებიც მათ ადრე ანაზღაურებადი სამსახურისა და საშინაო საქმეების დაბალანსებაში ეხმარებოდა.

პანდემიის დაწყების მერე მრავალმა ქალმა აღმოაჩინა, რომ საშინაო საქმეები დაემატა, რამაც პირადი და კარიერული ცხოვრების შეთავსება კიდევ უფრო გაართულა.

ფოტო: Getty Images

ზუსტად ეს გამოცადა სარამ, როდესაც 2020 წლის მარტში ნიუ-იორკის სკოლები პირველად დაიხურა. "თავდაპირველი ინფორმაციით, სკოლები აპრილის ბოლომდე დაიხურებოდა. ასე რომ, ეს გახდა ჩემი მიზანი: მიაღწიე იქამდე და კარგად იქნები", — იხსენებს ბრუკლინში მცხოვრები 40 წლის სარა. რეალურად კი მისმა 6 და 9 წლის შვილებმა საკლასო ოთახებში დაბრუნება პანდემიის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ შეძლეს და ამ პერიოდის განმავლობაში სარას ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა.

2020 წლის აპრილში ცხოვრებაში პირველად მას შფოთვა დაეწყო. დიდი ტექნოლოგიური კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობის პარალელურად შვილების დისტანციურ სწავლებასთან გამკლავების ზეწოლამ სარა გადატვირთა. მას არ შეეძლო დაეძინა, მუდმივად ნერვიულობდა და თავს დეპრესიულად გრძნობდა. ყველაზე რთული მისთვის იმასთან შეგუება აღმოჩნდა, რომ ამოცანებს სათანადოდ ვერ უმკლავდებოდა, რადგან საქმის ხარისხიანად შესასრულებლად საკმარისი დრო არ ჰქონდა.

პანდემიის 6 თვის თავზე ნათელი გახდა, რომ ცვლილებები იყო საჭირო. სარას ადვოკატი ქმარი მასზე ბევრად მეტს გამოიმუშავებდა — ასე იყო ყოველთვის, 2008 წლიდან მოყოლებული, როცა დაქორწინდნენ. 2020 წლის აგვისტოში წყვილმა ერთობლივად გადაწყვიტა, რომ სარა სამსახურს დატოვებდა და დიასახლისი გახდებოდა. "მანამდე წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავდა გადაწვა. ახლა კი ეჭვგარეშე ვიცი", — აცხადებს სარა.

სარას გამოცდილება გამონაკლისი ნამდვილად არაა. გასული წლის სექტემბერში, როდესაც პანდემიამ ძალა მოიკრიბა, აშშ-ში 860 ათასზე მეტმა ქალმა შეწყვიტა მუშაობა, რაც კაცების ანალოგიურ მაჩვენებელზე 200 ათასით მეტია. ერთ-ერთი აღრიცხვის მიხედვით, გასული წლის თებერვლიდან სექტემბრამდე აშშ-ში 900 ათასმა დედამ და 300 ათასმა მამამ დატოვა სამსახური.

კარანტინის დროს ქალებმა დაკარგეს წვდომა სოციალურ ცხოვრებაზე, რაც ემოციური და ფიზიკური სტრესისგან გათავისუფლების ერთ-ერთი საშუალებაა. ნათელია, რომ დამატებითი საშინაო ვალდებულებები ტვირთად დააწვა იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც საკმარისად დატვირთულები იყვნენ სამუშაოსა და საოჯახო საქმეების შეთავსებით.

რა იქნება ამ ყველაფრის საფასური?

სამუშაო პირობების ექსპერტები ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად სახავენ იმას, რომ დასაქმებულ ქალთა გაუარესებულმა მენტალურმა ჯანმრთელობამ, შესაძლოა, მომავალ თაობებს ამბიციური პროფესიული მიზნების დასახვის სურვილი გაუქროს — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ოჯახის შექმნა სურთ. ამან კი, თავის მხრივ, შრომის ბაზარზე ანაზღაურების და დაწინაურების თვალსაზრისით არსებული უთანასწორობა შეიძლება გააძლიეროს.

სამსახურში უსამართლობის განცდამ, შესაძლოა, ქალების მომავალ თაობებში კარიერული მოტივაცია შეასუსტოს.

ფოტო: Getty Images

სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს მართლაც ლეგიტიმური საზრუნავია. ამერიკული მედიაკომპანიის, CNBC-ისა და გამოკითხვებზე ორიენტირებული ორგანიზაციის, SurveyMonkey-ის კვლევის თანახმად, პანდემიის დროს მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ქალების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს კარიერული თვალსაზრისით "ძალიან ამბიციურად" ახასიათებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების კვლევითი ბიუროს მონაცემები აჩვენებს, რომ პანდემიის პირველი 12 კვირის განმავლობაში COVID-19-ის პირობებში შვილებზე ზრუნვის ვალდებულების გამო 4.8%-ით გაიზარდა უმუშევრად დარჩენილი 25-44 წლის დედების რიცხვი. აღსანიშნავია, რომ პროცენტული მაჩვენებელი კაცების იმავე ასაკობრივ ჯგუფში არ შეცვლილა.

გარდა ამისა, შემაშფოთებელია ისიც, თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს გენდერულ თანასწორობაზე ჰიბრიდული ტიპის სამუშაო პროცესმა. კვლევებმა აჩვენა, რომ პოსტპანდემიურ სამყაროში ქალები უფრო ხშირად იმუშავებენ სახლიდან, ვიდრე კაცები. ამასთან, არსებობს მტკიცებულებები, რომ სახლიდან მომუშავე ადამიანებს დაწინაურების ნაკლები პერსპექტივა აქვთ მათთან შედარებით, ვინც უშუალოდ ურთიერთობს მენეჯერებთან. "ქალები ამბობენ, რომ შრომობენ ისევე ხარისხიანად და ისევე ბევრს, მაგრამ რადგან სახლიდან მუშაობენ, მათი დაწინაურება ნაკლებად სავარაუდოა", — აცხადებს კროპი, — "ეს უდიდესი დემოტივატორია".

ლონდონში დაფუძნებული ქცევითი ჯანმრთელობის კლინიკის, Soke-ის ზრდასრულთა თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი, დინ ნიკოლსონი ვარაუდობს, რომ უსამართლობის განცდამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ქალების სამუშაო პროცესში ჩართულობაზე. "როდესაც სამართლიანობის სასწორი სამსახურში ჩვენს საწინააღმდეგოდ არის გადახრილი, ეს ყოველთვის იწვევს ნეგატიურ განწყობას არა მხოლოდ ორგანიზაციის მიმართ, არამედ ჩვენი თავის, გაწეული შრომისა და ღირებულების იერარქიულ კიბეზე კუთვნილი ადგილის შეფასების დროსაც", — განმარტავს ის.

პანდემიის გამო ოჯახური ცხოვრების ხელშემწყობი ინსტიტუტები დაიხურა, რაც დამატებით ტვირთად დააწვა ქალებს.

კროპის თქმით, ქალი კადრების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად ორგანიზაციებმა უნდა გაითავისონ, რომ სამუშაო სივრცის ძველებურად მართვის პრაქტიკა აღარ არის მიზანშეწონილი. მენეჯერებმა ფუნდამენტურად უნდა შეცვალონ კომპანიების სტრუქტურა, რათა ხელი შეუწყონ სამართლიანობასა და თანაბარ შესაძლებლობებს. ეს ნიშნავს თანაბარ ანაზღაურებას, თანასწორუფლებიანობას დაწინაურებისას და გამჭვირვალობის კულტურის შექმნას, სადაც ყველა — დედები, მამები თუ დაუოჯახებელი თანამშრომლები — თავს დაფასებულად იგრძნობენ და შეეძლებათ მიაღწიონ მაქსიმალურ პროფესიულ პოტენციალს სახლის საქმეების მოგვარების პარალელურად.

სტივ ჰეტფილდი, სამუშაო სივრცის განვითარების ექსპერტი, აღნიშნავს, რომ დედები — განსაკუთრებით, მაღალი თანამდებობის მქონეები — მნიშვნელოვან მისაბაძ მაგალითებს წარმოადგენენ. "იმ გარემოებათა ეფექტმა, რასაც ისინი ახლა განიცდიან, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მომავალ თანამშრომლებზე. შესაბამისად, ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათ დასაქმებულების მოთხოვნილებების უზრუნველყოფა შეუძლიათ", — აღნიშნავს ჰეტფილდი.

ამის გათვალისწინებით, ჰეფზი პემბერტონი, ლონდონში მდებარე საკონსულტაციო კომპანიის, Equality Group-ის დამფუძნებელი, ხაზს უსვამს მენეჯერების ფორმალური წვრთნის საჭიროებას. მისი თქმით, მიზნისთვის შესაფერისი სამუშაო ადგილის შექმნის ინიციატივა უნდა მოდიოდეს დამსაქმებლისგან და არა დასაქმებულისგან. "ეს აბსოლუტურად გადამწყვეტია, რათა თავიდან ავიცილოთ გადაწვის რისკი", — აცხადებს ის.

თუმცა სამსახურის დატოვების ზღვარზე მყოფი ჯია ამტკიცებს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს როგორც სამუშაო ადგილზე, ასევე სახლში. "ჩემთვის პანდემიის გამო ნათელი გახდა ის, რომ ყველას გვიწევს შევასრულოთ კუთვნილი როლი, რათა არსებულ დისბალანსს მოვერგოთ. ეს დისბალანსი კი იქმნება მაშინ, როდესაც სტერეოტიპული გენდერული როლები ბრმად არის დაცული", — ამბობს ის, — "დიახ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ლოგიკურია, რომ ქალმა ითავოს შვილებზე ზრუნვა და ამის გამო ანაზღაურებად სამუშაოზე უარის თქმა მოუწიოს. თუმცა, ჩვენ უნდა დავაფასოთ, რად უჯდება მას ამ გადაწყვეტილების მიღება. ახლა 2021 წელია. არადა, ხანდახან მიჩნდება კითხვა, 1950-იან წლებში ხომ არ ვართ".