28 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფორმულას დამფუძნებელი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი ფულის მითვისებაში დაადანაშაულა და ამ საქმეზე საინტერესო დეტალების გასაჯაროებაც დააანონსა. საუბარია ქოლ ცენტრების საქმეზე, სადაც თაღლითური საქმიანობის მსხვერპლი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები არიან.

ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაზე პროკურატურამ 21 ოქტომბერს ოფიციალური განცხადება გააკეთა. უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეებმა ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს და დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

პროკურატურის თანახმად, დანაშაულის სქემა ასეთი იყო:

2015 წელს, საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეებმა, პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. უწყება ამბობს, რომ ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს 6 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი.

პროკურატურის ინფორმაციით, ქოლ-ცენტრში ოპერატორებად დაასაქმეს უცხო ენის მცოდნე ადამიანები და მათი სამიზნე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები იყვნენ.

უწყება ამბობს, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა, რომლის საშუალებითაც თაღლითურად მოპოვებული თანხები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ანგარიშებზე თავსდებოდა.

კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

"ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე", — აცხადებენ უწყებაში.

როგორც პროკურატურა ამბობს, შემდეგ ეს თანხები თავსდებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხოეთში დაფუძნებული კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც ფიქტიური დანიშნულებით, თითქოსდა გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე.

უწყების ინფორმაციით, ამ სქემით მათ 9 490 991 ევროს, 716 642 დოლარისა და 218 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

ამ განცხადებაში პროკურატურამ თქვა ისიც, რომ საქმეზე შვიდი ადამიანი დააკავეს და ექვსს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით წარედგინა, რაც თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება მეშვიდე დაკავებულს, უწყებაში აცხადებენ, რომ ის საექსტრადიციო პატიმრობის მიზნით დააკავეს.

ამავე თემაზე კიდევ ერთი ბრიფინგი უწყებაში გუშინ, 28 ოქტომბერს გაიმართა, მათივე თქმით, საქმეზე საზოგადოების დამატებით ინფორმირებისა და ევროჯასტის განცხადებაზე გამოხმაურების მიზნით.

უკვე ამ ბრიფინგზე გავიგეთ, რომ დაკავებულია 11 ადამიანი და მათ შორის ისრაელში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის რამდენიმე ხელმძღვანელიცაა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ჩატარებული ღონისძიება მაღალ დონეზეა შეფასებული ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის, ევროჯასტის განცხადებაში.

პროკურატურის ამ ბრიფინგს წინ უძღოდა პრემიერმინისტრის განცხადება, სადაც ღარიბაშვილმა დანაშაული თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავუთ კეზერაშვილთან დააკავშირა და თქვა, რომ მას აღნიშნული ქოლ ცენტრები უკრაინაშიც ჰქონდა.

"ამ ქოლ ცენტრების უკან, სავარაუდოდ, დგას ბატონი კეზერაშვილი. მას აღნიშნული ქოლ ცენტრები ჰქონდა უკრაინაშიც. მე მგონი, ახლაც აქვს. აქაც ჰქონდა მცდელობა და რეალურად ის გამოძიება, რომელიც თქვენ ნახეთ, ჩვენს პროკურატურასთან ერთად ჩართულია გერმანიის პროკურატურაც. ძალიან მალე თქვენ კიდევ საინტერესო დეტალებს გაიგებთ", — განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

ღარიბაშვილი ქოლ ცენტრების ამბავს დღის ბოლოსაც დაუბრუნდა. მან იმედის ეთერში დანაშაულებრივ სქემაში ისევ კეზერაშვილი დაადანაშაულა.

"ეს არ არის ჩემი პოზიცია და ჩემი მოსაზრება ან ინფორმაცია, არამედ ეს არის უცხოური მედიასაშუალებების მიერ გამოძიებული, დადასტურებული მათ შორის ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში, რომ ამ ქოლ ცენტრების უკან, ამ დანაშაულებრივი სქემის უკან დგას ბატონი კეზერაშვილი. კეზერაშვილი რომ ცნობილი კრიმინალი და დამნაშავეა, ყველას კარგად მოგვეხსენება. თუნდაც რად ღირს ის ფაქტი, ამაზე ამაზრზენი რა შეიძლება გააკეთო, მტერი უნდა იყო, როცა საკუთარი ჯარის ბიუჯეტს გაფლანგავ", — ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, როცა მინისტრად დაინიშნა, განვლილი პერიოდების ფინანსურ ანგარიშგებას გაეცნო და აღმოაჩინა, რომ მილიარდზე მეტი დებიტორული დავალიანება არსებობდა მანამდე, რაც შემდეგ ჩამოწერეს. ის ფიქრობს, რომ ეს უსამართლოდ მოხდა და ამაში "ძალიან სერიოზულ" კითხვების ნიშნებს ხედავს.

"ამას გარდა, 300 მილიონი დებიტორული დავალიანება დამხვდა, რაც ნიშნავს, რომ ამდენი ასეულობით მილიონი იყო გადარიცხული კეზერაშვილის მინისტრობის დროს ფიქტიური კონტრაქტის საფუძველზე ოფშორულ კომპანიებში, თითქოს შეიარაღების შესყიდვაზე, თითქოს ვითომ ტრენინგის ჩატარებაზე ჯარის წვრთნებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენს ჯარს არც შეიარაღება მიგვიღია, არც ტრენინგი და ეს არის დადასტურებული გამოძიების მიერ. სასამართლომ ასეთ ერთ-ერთ საქმეზე უკვე მიუსაჯა კეზერაშვილს", — განაცხადა მან.

კითხვაზე, რეალურია თუ არა პერსპექტივა, რომ ქოლ ცენტრების საქმეზე სამართლებრივი შედეგი დადგეს კეზერაშვილისთვის, ის პასუხობს, რომ საქმე გამოძიებას უნდა მიანდონ და "თავს შეიკავებს ზედმეტი კომენტარის გაკეთებისგან".

"მე არცერთი ადამიანის მიმართ არაფერი სუბიექტური არ გამაჩნია, არც კეზერაშვილის, არც სააკაშვილის, არავის მიმართ. მე ვლაპარაკობ საქმეზე, დანაშაულზე, კრიმინალზე, ეს ჩემი ვალდებულებაა, — ირწმუნება ღარიბაშვილი.

უცხოურ მედიაზე საუბრისას, ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, შვედურ მედიას, Dagens Nyheter-ს გულისხმობს. გამოცემამ ქოლ ცენტრების საქმეზე გამოძიება 2020 წლის მარტში ჩაატარა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა უკრაინაში, Milton Group-ის ოპერაცია შიგნიდან, მამხილებლის დახმარებით გამოიძიეს, რომელიც კრიმინალურ ორგანიზაციაში მუშაობს. თვეების განმავლობაში მამხილებელი Dagens Nyheter-ს ყოველდღიურად აწვდიდა ინფორმაციას. გამოძიების თანახმად, მასალა უშუალოდ Milton Group-ის კლიენტთა მონაცემთა ბაზებიდან მოდის და ავლენს მეთოდებსა და შიდა სისტემებს, ასევე, 1 000-ზე მეტ მსხვერპლს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.

Dagens Nyheter-მა წყარო აღჭურვა ფარული კამერით, რომელიც ოფისში ყოველდღიურ საქმიანობას აფიქსირებდა.

"ოფიციალურად კომპანია მონაცემთა პროგრამირებასთან და ფინანსურ სერვისებთან მუშაობს. ასობით ტელემარკეტინგი ზის გვერდიგვერდ და მთელ მსოფლიოში ახალ მსხვერპლს ურეკავენს. ისინი გვთავაზობენ მომგებიან ინვესტიციებს კრიპტოვალუტებსა და აქციებში.

ყველაფერი პროფესიონალურად სტრუქტურირებულია, სატელეფონო და კლიენტების მართვის თანამედროვე სისტემებით. ყოველთვიური ბონუსი აქვთ იმ თანამშრომლებს, ვინც წარმატებას მიაღწევს. მათ კი, მიზნებს ვერ ასრულებენ, სამსახურიდან უშვებენ.

ყველაფერი ჰგავს თანამედროვე, კარგად მართულ გაყიდვების კომპანიას — იმ დიდი განსხვავებით, რომ მათი პროდუქცია არ არსებობს.

ყველაფერი ყალბია", — ვკითხულობთ ჟურნალისტურ გამოძიებაში.

გამოძიებაში საქმესთან ქართულ კავშირებზეცაა საუბარია. თუმცა OCCRP-ს თანახმად, მათ ვერ არ აღმოაჩინეს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ რომელიმე ყოფილი მინისტრი ქოლ ცენტრის სქემაში მონაწილეობს. ელექტრონულ წერილში კეზერაშვილმა საგამოძებო მედიას განაცხადა, რომ არასდროს სმენია და არ იცოდა Milton Group-ის საქმიანობის შესახებ, მაგრამ დაადასტურა, რომ ის იყო დავით თოდუას ბიზნესპარტნიორი.

გამოცემის თანახმად, ბიზნესმენ დავით თოდუას ოჯახი საქართველოდან ისრაელში წავიდა, როდესაც ის 11 წლის იყო. თუმცა OCCRP წერს, რომ მას კავშირები აქვს თავის სამშობლოში ცნობილ ძალიან ბევრ პოლიტიკურ ფიგურასთან.

"ყველაზე მეტად აღსანიშნავია, რომ მისი ბიზნესპარტნიორი ორ უკრაინულ კომპანიაში არის დავით კეზერაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი სააკაშვილის დროს.

თოდუა და კეზერაშვილი არიან უძრავი ქონების და სამშენებლო კომპანიის, Project Partners-ის თანამფლობელები. ეს კომპანია დაფუძნებულია Milton Group-ის მეზობენ შენობაში. მისი ხელმძღვანელია გია გეწაძე, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში", — ვკითხულობთ გამოძიებაში.

მანამდე მთავარი არხის ეთერში არხის გენერალურმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა სქემაზე, რომლის თანახმად ის კომპანიები დაადგინეს, რომლებიც თაღლითური სქემით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსავალს ითვისებენ. გვარამიას ინფორმაციით, ეს ფული ქრთული ოცნების შავ ყულაბაში აკუმულირდება. ოპოზიციური არხის საუბრობს 60 მილიონ დოლარზე, საიდანაც პარტიის წევრები ფინანსდებიან.

მთავარი ახრის თანახმად, ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ვინც ხელისუფლების პირველი პირების უკანონო შემოსავალს აკონტროლებს, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. საქმეში მთავარი ფიგურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილია, პირამიდის მწვერვალში კი — ივანიშვილი.

გვარამიას თქმით, ყველაზე დაბალი რგოლი ქოლცენტრებია, "სადაც, როგორც წესი, სტუდენტები არიან დასაქმებული, რომლებიც უცხოელებს ურეკავენ და მოტყუებით და სხვადასხვა დაპირებით ფულს თავიანთ ანგარიშებზე არიცხვინებენ".

პროკურატურის განცხადებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მხილების მიზნით, გერმანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით გამოძიება გრძელდება.