საქსტატმა 2020 წლის ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ეკონომიკის წლიური ვარდნა 6,8% იყო. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ 2020 წელს ეკონომიკა 6,2%-ით შემცირდა.

სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს მიმდინარე ფასებში გამოხატული ეკონომიკის ზომა 49,27 მილიარდი ლარი იყო, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4 255 დოლარს გაუტოლდა.

საქსტატის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8,1%), განათლება (8,6%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (12,4%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (2,3%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (2,8%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (2,6%). რაც შეეხება კლებას, ეკონომიკა შემცირდა შემდეგ სექტორებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-44.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (-23%), დამამუშავებელი მრეწველობა (-7.1%), მშენებლობა (-8%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-4.7%).

გასული წლის ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებლები მიმდინარე წლის ზრდის მონაცემებზე მნიშვნელოვნად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ წელს ეკონომიკა მართლაც აღდგენის რეჟიმშია, ე.წ. საბაზისო ეფექტმა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე დამატებითი გავლენა მოახდინა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4,5%-ით შემცირდა, მერე კვარტალში 29,9%-ით გაიზარდა, ხოლო მესამე კვარტალში 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას ეჭვი არ ეპარება, რომ მიმდინარე წელი ორნშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება.