სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საქართველოს ტერიტორიაზე გადმოჰყავთ. უწყების ცნობით, გუშინ, 15 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში ბესტაევს ინსულტი განუვითარდა.

"გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების დღიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანასთან დაკავშირებით, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი. გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება ცხელი ხაზის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში იღებდა ინფორმაციას", — აცხადებენ უწყებაში.

სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებაზე და მათ ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

გენადი ბესატაევი საოკუპაციო ძალებმა 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს. მიმდინარე წლის 2 მარტს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.