ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა წლის ტოლერანტობის ქომაგები გამოავლინა. ღონისძიებაზე წარადგინეს საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე მომზადებული წიგნები. დაჯილდოვებზე სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ისაუბრა უმცირესობათა შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის შემთხვევებზე.

"მიმდინარე წელი საკმაოდ მძიმე იყო როგორც დაძაბული პოლიტიკური გარემოს ისე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. მათ შორის, უმცირესობათა მიმართ არსებული შეუწყნარებლობის თუ დისკრიმინაციის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს კორონავირუსის პანდემიის მასშტაბები და მისი გავლენა ცალკეული ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე", — განაცხადა ლომჯარიამ.

ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ ტოლერანტობის ქომაგები შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა:

  • პიროვნება — ექიმი, არასამთავრობო ორგანიზაცია ჯენერეიშნ აის ხელმძღვანელი და სომხური თემის აქტივისტი მარი მიქოიანი;
  • საჯარო მოხელე — საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე;
  • სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს დამსახურებული წევრები — პედაგოგი და ეზიდური თემის აქტივისტი ლილი საფაროვა და პროფესორი, საერთაშორისო ფონდ ლეას და ებრაელ ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი მარინე სოლომონიშვილი.

რაც შეეხება რელიგიათა საბჭოს, მან ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო შემდეგ ნომინაციებზე გაანაწილა:

  • პიროვნება — ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რან გიდორი;
  • ორგანიზაცია — სოლიდარობის თემი, რომელიც ხელს უწყობს სოლიდარობის პრაქტიკის დამკვიდრებას აჭარის რეგიონში;
  • პოლიტიკოსი/საჯარო მოხელე — საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე.

აღსანიშნავია, რომ ტარიელ ნაკაიძემ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესა და საქართველოში ტოლერანტული კულტურის გამოწვევებზე პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.