კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კულტურის სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა. ასე ეხმაურება კოალიცია დღეს კულტურის სამინისტროს ბრიფინგზე მთავარი არხის და TV პირველის ჟურნალისტების არშეშვებას.

"მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს", — აცხადებს კოალიცია.

კოალიცია აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამთავრობო უწყებები მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენენ.

დღეს კულტურის სამინისტროს ბრიფინგზე მთავარი არხისა და TV პირველის ჟურნალისტები არ შეუშვეს. ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის უფროსები აცხადებენ, რომ სამინისტროს პრესსამსახურს მათი ჟურნალისტებისთვის არ განუმარტავს, რა გახდა ბრიფინგზე დასწრებაზე უარის თქმის მიზეზი.