TV კავკასია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან გამოძების დაწყებასა და იმ პოლიციელების იდენტიფიცირებას ითხოვს, ვინც, მათივე განცხადებით, საფრთხე შეუქმნა ტელევიზიის ოპერატორებს. საქმე ეხება 29 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოპერატორები შეუძლოდ გახდა.

"საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაზიანდა ტელეკომპანია კავკასიის ოპერატორი, ნიკოლოზ კოკაია. მან გადაღებისას გონება დაკარგა. მიზეზი გახდა ახლო დისტანციიდან ე.წ. წიწაკის სპრეის შესხმა. გონების დაკარგვამდე ოპერატორს კამერა ჩართული ჰქონდა და კამერის ლინზაზე ცხადად ჩანს შხეფები.

ასევე, მეორე ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ახლო დისტანციაზე ასხამს აქციის მონაწილეების, მათ შორის ჩვენი ოპერატორის მიმართულებით სითხეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ჩარევის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოგვიანებით, იმავე აქციაზე მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა პოლიციელმა, რისი კვალიც მას სხეულზე აშკარად აღენიშნება. ჩვენს მიერ ეს პოლიციელი იდენტიფიცირებულია ვიდეოკადრებზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.

კავკასიის ცნობით, პოლიციელების მხრიდან საფრთხე შეექმნა მათ კიდევ ერთ ოპერატორს, გივი მჭედლიშვილს. ამ შემთხვევაში მიზეზი არა სავარაუდოდ წიწაკის სპერი, არამედ პოლიციელის მხრიდან ჟრნალისტურ საქმიანობაში ხელის ფიზიკური ძალის გამოყენებით შეშლას.

"ის აქციის გადასაღებად ავიდა ქვის მაღალ კედელზე. ერთ–ერთმა პოლიციელმა სცადა არა მხოლოდ მისთვის ხელშეშლა გადაღებაში, არამედ კედლიდან მისი ჩამოგდება, რითაც საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", — წერს TV კავკასია.

მომხდარის გამო ტელეკომპანია სახელმწიფო უწყებებისგან რეაგირებას ითხოვს:

  • პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის სავარაუდოდ უკანონო გამოყენებისა და ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რასაც ტელეკომპანიის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება;

  • ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო გამოძიება დაიწყოს საქართველოს პროკურატურამ და დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება;

  • ყველა იმ ფაქტზე, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა წარმოადგენს აშკარა უხეშ დისცილინურ გადაცდომას, შსს-ს გენერალურ ინსპექციისგან მოვითხოვთ პოლიციელთა მიმართ დაიწყოს დისციპლინური წარმოება და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება;

  • მოხდეს იმ პოლიციელების იდენტიფიცირება სახელით და გვარით, ვინც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ტელეკომპანია კავკასიის ვიდეოოპერატორს, ხელი შეუშალა მათ საქმიანობაში და საფრთხეში ჩააგდო მათი სიცოცხლე.

დღეს, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ამის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა სასამართლოსთან. სადაც სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ადგილზე იყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, რა დროსაც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა, მათ შორის ოპერატორები.