კანადაში ეგრეთ წოდებული გარდაქმნის თერაპია აიკრძალა. ამ დრომდე, ქვეყანაში "მკურნალობის" მსგავსი მეთოდის გამოყენება პიროვნების სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შესაცვლელად არ იკრძალებოდა. ახალმიღებული კანონის მიხედვით, ნებისმიერი ასაკის პირზე, მისი თანხმობით ან თანხმობის გარეშე, მსგავსი პროცედურის ჩატარება დასჯადი გახდება.

"გარდაქმნის თერაპია" იმ არასწორ წარმოდგენას ემყარება, რომლის მიხედვითაც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შეცვლა და "განკურნება" შესაძლებელია — თუმცა, ამ საზრისს ამერიკისა და ევროპის კონტინენტებზე ავტორიტეტული სამედიცინო ასოციაციები არ იწყნარებენ. ამის მიუხედავად, მსგავს პროცედურებს ზოგიერთი ლიცენზირებული კლინიკაც კი დღემდე ატარებს. მაგრამ პრაქტიკა ყველაზე გავრცელებული მაინც რელიგიურ ორგანიზაციებშია.

"ყოფილი გეი ადამიანები ამტკიცებენ, რომ ცვლილება შესაძლებელია", — ორგანიზაცია გეი და ყოფილი გეი ადამიანების მშობლებისა და მეგობრების ბანერი.

ფოტო: The Progressive

კანადის სენატის ცნობით, ქვეყანაში მიღებული ახალი კანონით "'გარდაქმნის თერაპიის' ჩატარება, პოპულარიზება და დარეკლამება" დანაშაული ხდება. დანაშაულად განიხილება "გარდაქმნის თერაპიის" შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებაც. ამასთან, ზრდასრული პირი ვერც იმას შეძლებს, "ბავშვს კანადა იმ მიზნით დაატოვებინოს, რომ მას 'გარდაქმნის თერაპია' საზღვარგარეთ ჩაუტაროს".

"გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურია: ჩვენმა მთავრობამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც 'გარდაქმნის თერაპიის' ამაზრზენ და დამამცირებელ პრაქტიკას კრძალავს", — დაწერა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, ტვიტერზე, — "ლგბტქ2 კანადელებო, ჩვენ ყოველთვის მხარს დაგიჭერთ თქვენ და თქვენს უფლებებს".

"ლგბტქ2" კანადის მთავრობის მიერ მიღებული აკრონიმია, სადაც ციფრი 2 "ორ სულზე" მიუთითებს — "კულტურულად განსაზღვრული იდენტობა, რომელსაც ადგილობრივები იყენებენ იმ პირის აღსანიშნად, ვისი გენდერული იდენტობა, სულიერი იდენტობა და/ან სექსუალური ორიენტაცია მოიცავს კაცის და ქალის სულებსაც".

კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო, ტორონტოს პრაიდზე.

ფოტო: Mark Blinch / AP

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს "გარდაქმნის თერაპიის" წინააღმდეგ მსოფლიოში ასობით რელიგიურმა ლიდერმა გაილაშქრა. ისინი პატიებას ითხოვდნენ იმ რელიგიური სწავლებებისთვის, რომლებმაც ლგბტქ ადამიანებს ზიანი მიაყენა.

"გარდაქმნის თერაპია" უკვე აკრძალულია აშშ-ის 20 შტატსა და ასზე მეტ რაიონში. პოსტპანდემიურ პერიოდში მსგავსი პრაქტიკის აკრძალვა იგეგმება გაერთიანებულ სამეფოშიც. აქ, 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მონაწილეთა 5 პროცენტს უნდა გაევლო, 2 პროცენტს კი უკვე გავლილი ჰქონდა "გარდაქმნის თერაპია". მსგავსი სერვისების ნახევარზე მეტი რელიგიური ორგანიზაციების მიერ იყო შეთავაზებული.