კიმ კარდაშიანმა იურისტის გამოცდა ჩააბარა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა კალიფორნიის შტატში ადვოკატად მუშაობის შესაძლებლობას.

კიმმა ინსტაგრამის მეშვეობით გვამცნო, რომ გამოცდის ჩაბარება მეოთხე ცდაზე შეძლო. ახალ ფოტოში ის ლურჯ კაბაში გამოწყობილი სარკეში იხედება, რასაც გამოცდის ჩაბარების შესახებ ვრცელი ტექსტი ახლავს.

"როცა სარკეში ვიხედები, ნამდვილად ვამაყობ იმ ქალით, რომლის გამოსახულებასაც ვხედავ. ვინც ჩემი იურიდიული სწავლების შესახებ არ იცის, შევახსენებ, რომ ეს ჩემთვის მარტივი არ ყოფილა", — წერს კიმი.

კარდაშიანმა აღნიშნა, რომ იურისტის გამოცდის ერთ-ერთ მცდელობაზე COVID-19-ით იყო ინფიცირებული. თუმცა ახლა ეს გამოცდა გადალახულია და კიმს კიდევ ორი გამოცდის ჩაბარება სჭირდება, რათა ადვოკატობა შეძლოს.

კიმმა მადლობა გადაუხადა იმ იურისტებსა და პროფესორებს, რომლებიც გამოცდისთვის მომზადებაში დაეხმარნენ და მოტივაციაც მისცეს. კიმმა პოსტში თავისი მამა, რობერტ კარდაშიანიც, ახსენა, რომელიც ცნობილი ადვოკატი იყო. "ვიცი, რომ მამაჩემი ძალიან იამაყებდა და აღფრთოვანებული იქნებოდა იმის გაგებით, თუ რა გზა ავირჩიე", — წერს კიმი.

ფოტო: Twitter

კიმ კარდაშიანი პოსტში არ ახსენებს, თუ რამდენი ქულა მიიღო ადვოკატის გამოცდაზე. როგორც ვიცით, პირველ მცდელობაზე გამოცდის ჩასაბარებლად 560 ქულა იყო საჭირო, კიმმა კი 474 დააგროვა. კარდაშიანის შედეგებზე კომენტარი არც მისმა გამომცდელებმა გააკეთეს, რადგან ინდივიდუალური შედეგები კონფიდენციალურია.