პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაზე 81 მომხრე და 7 წინააღმდეგი იყო.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც წინასაახალწლო პერიოდში, 22 დეკემებერს, დააინიცირეს დეპუტატებმა — გურამ მაჭარაშვილმა, რატი იონათამიშვილმა, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ.

კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 11 მუხლში ცვლილებას ითვალისწინებს და ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს და დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებს. კონკრეტულად, კანონის 35-ე მუხლს, რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის წესს ეხება, ემატება მე-13 პრიმა პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ მოსამართლეობის კანდიდატი კონკრეტულ კონკურსში ვერ დააგროვებს ხმების საკმარის რაოდენობას, საბჭოს მინიმუმ 3 წევრს ექნება უფლება იგივე კანდიდატი სხვა თანამდებობის შესარჩევ კონკურსში განიხილოს.