ბეჭდების მბრძანებელი უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა. ჩვენც დიდი ხანია, შუახმელეთში სხვადასხვა სახით — ფილმებითა და წიგნებით — ვმოგზაურობთ და იქაური ისტორიებიც ბავშვობისდროინდელი ზღაპრებივით ნაცნობია. ამ ყველაფრის შემქმნელი ინგლისელი მწერალი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი კი ფენტეზის ჟანრის უპირობო ღმერთია. ტოლკინმა უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ლიტერატურაზე, არამედ პოპკულტურაზე, ენაზე და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე. თუმცა, ასეთი პოპულარობის მიუხედავად, ცნობილ მწერალზე რამდენიმე საინტერესო ფაქტი შეიძლება არ იცოდეთ.

1. ტოლკინს სამსახიობო ნიჭიც ჰქონდა

როგორც ლინგვისტი და ძველი ინგლისურისა და ძველი ნორდიკული ლიტერატურის სპეციალისტი, ტოლკინი ოქსფორდის უნივერსიტეტში ასწავლიდა 1925 წლიდან 1959 წლამდე. იგი ძალიან შრომისმოყვარე პროფესორი იყო — წელიწადის განმავლობაში 70-დან 136-მდე ლექციას ატარებდა, მაშინ, როცა კონტრაქტით მხოლოდ 36 მოეთხოვებოდა. თუმცა, უფრო საინტერესოა, როგორ ატარებდა ლექციებს — როგორც მისი ერთ-ერთი სტუდენტი იხსენებდა, ტოლკინს აუდიტორიის ვიკინგების სახლად გადაქცევა შეეძლო. იგი აკადემიური პირის სტერეოტიპს ამსხვრევდა — წვეულებებზე პოლარული დათვის ფორმით ჩნდებოდა, მეზობელს ანგლოსაქსი მეომრის კოსტიუმში გამოწყობილი ნაჯახით მისდევდა და მაღაზიაში საფასურს ყალბი კბილებით იხდიდა.

2. მწერალს თავისი ფანების უმეტესობაზე მაინცდამაინც კარგი წარმოდგენა არ ჰქონდა

ფოტო: Getty Images

ტოლკინი საკუთარ თავს, პირველ ყოვლისა, მკვლევრად მიიჩნევდა და მხოლოდ მას შემდეგ — მწერლად. ჰობიტი და ბეჭდების მბრძანებელიც უფრო მისეული მითის შექმნის მცდელობა იყო და ამ ნაწარმოებების წარმატებას გასაღებს ვერაფრით უძებნიდა. მეტიც, წლების განმავლობაში უარყოფდა და აკრიტიკებდა თავისი ტექსტების ადაპტაციებს, რადგან მიაჩნდა, ისინი ეპიკურობას ვერ ასახავდნენ. სკეპტიკურად იყო განწყობილი ბეჭდების მბრძანებლის ფანების მიმართაც და ფიქრობდა, რომ მკითხველები ნაწარმოებს სათანადოდ ვერ აფასებდნენ. ეს სკეპტიციზმი ალბათ კიდევ უფრო გაუმძაფრდებოდა, საკულტო ფილმების სერიასა და მის ფანდომს რომ მოსწრებოდა.

3. ტოლკინს თავისი ძირითადი სამუშაო უყვარდა

მწერლისათვის ფენტეზის წერა მხოლოდ გატაცება იყო. ტოლკინის აზრით, თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომები მხოლოდ სამეცნიერო ტექსტები იყო, მათ შორის ბეოვულფის კრიტიკა, სერ გავეინი და მწვანე რაინდის თანამედროვე თარგმანი და შუაინგლისურის ლექსიკონი.

4. მწერალი ნამდვილი რომანტიკოსი იყო

16 წლის ასაკში ტოლკინს თავისზე სამი წლით უფროსი ედით ბრეტი შეუყვარდა. მომავალი მწერლის მეურვე, კათოლიკე მღვდელი შიშობდა, რომ თავისი აღსაზრდელი პროტესტანტს ხვდებოდა, ამიტომ ბიჭს ედითთან კონტაქტი 21 წლის ასაკამდე აუკრძალა. ტოლკინი დამორჩილდა და ედითს მხოლოდ 21-ე დაბადების დღის შემდეგ, ვიადუკზე შეხვდა. ბრეტმა, რომელიც ამ დროისთვის სხვა კაცზე იყო დანიშნული, ნიშნობა ჩაშალა და კათოლიკე გახდა. წყვილმა მალევე იქორწინა და მთელი ცხოვრება ერთად გაატარა. ტოლკინის მითითებებისამებრ, თავისი და ედითის საფლავის ქვაზე სახელები "ბერენი" და "ლუთიენი" წერია — მწერლის ფიქციური სამყაროს ორი შეყვარებული პერსონაჟის.

5. ტოლკინს კ. ს. ლუისთან უცნაური ურთიერთობა აკავშირებდა

ფენტეზის ჟანრის კიდევ ერთი შედევრის, ნარნიის ქრონიკების, ავტორს, კ. ს. ლუისს, რომელიც ასევე ასწავლიდა ოქსფორდში, ხშირად მოიხსენებენ ტოლკინის საუკეთესო მეგობრად, თუმცა, ამ ორს რეალურად ბევრად რთული ურთიერთობა აკავშირებდა. თავდაპირველად ისინი ნამდვილად ახლო მეგობრები იყვნენ, თანაც იმდენად, რომ სწორედ ტოლკინმა დაარწმუნა ლუისი, ქრისტიანობას დაბრუნებოდა. თუმცა, გავრცელებული ცნობით, ედითი მათ მეგობრობაზე ეჭვიანობდა. მოგვიანებით, ორი მწერლის ურთიერთობა გაცივდა, როცა ტოლკინის აზრით ლუისმა "ანტიკათოლიკური მიდრეკილებები" გამოავლინა პირად ცხოვრებაში (იმ დროისთვის მას რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა განქორწინებულ ამერიკელთან). მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ ისინი ძველებურად ახლოს აღარ ყოფილან, ტოლკინი მაინც ნანობდა დაშორებას. როცა ლუისი გარდაიცვალა, ბეჭდების მბრძანებლის ავტორმა მის შვილს წერილი მისწერა: "თავს ბებერი ხესავით ვგრძნობ, რომელიც ნელ-ნელა ყველა ფოთოლს კარგავს. ისეთი გრძნობაა, თითქოს ფესვების სიახლოვეს ცულის ჩაქროლება გესმის".

6. ტოლკინი კლუბების დიდი მოყვარული გახლდათ

ჯ. რ. რ. ტოლკინი, ოუენ ბარფილდი, ჩარლზ უილიამსი და კ. ს. ლუისი

როგორც ჩანს, აკადემიურ პერსონალთან ურთიერთობა მწერალს სასწავლებელში არ ჰყოფნიდა, ამიტომ არაერთ ლიტერატურულ თუ სამეცნიერო კლუბში იყო გაწევრებული. მოგვიანებით მან ასევე დააფუძნა ვიკინგების კლუბი, ოქსფორდში ყოფნისას კი ინკლინგები, კიდევ ერთი ლიტერატურული გაერთიანება შექმნა, სადაც კ. ს. ლუისიც მონაწილეობდა.

7. ბრძოლის სცენების ინსპირაცია ტოლკინის გამოცდილებაც იყო

მწერალი პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი იყო და საფრანგეთში ბრიტანეთის საექსპედიციო ძალის მე-11 ბატალიონში მეორე ლეიტენანტადაც მსახურობდა. იგი ასევე მომსწრე იყო ომის რამდენიმე ყველაზე სისხლიანი შეტაკებისა, მათ შორის, სომის ბრძოლის. მორდორისკენ ფროდოსა და სემის მოგზაურობის ინსპირაცია ნაწილობრივ იყო სანგრებში ყოფნის ტოლკინისეული გამოცდილება. სწორედ ამ დროს დაავადდა იგი და შინ დაბრუნება მოუხდა. მოგვიანებით მწერალი ასევე იხსენებდა, რომ ომში თავისი ახლო მეგობრებიდან ერთის გარდა ყველა დაკარგა, რაც მას ტრაგედიის მასშტაბს აგრძნობინებდა. ამიტომ, ეს მოგვიანებით ავტორის ნაწერებშიც აისახა.

8. ტოლკინი ენების გამოგონებით ერთობოდა

ფოტო: Haywood Magee / Picture Post / Hulton Archive / Getty Images

როგორც უკვე ვთქვით, ბეჭდების მბრძანებლის შემქმნელი ლინგვისტი იყო და ენებთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. რა გასაკვირია, რომ ტოლკინის გატაცება ახალი ენების შექმნა იყო — თავის მიერ შექმნილი ენებიდან ნაწილი ხომ შუახმელეთის ამბებშიც გამოიყენა. გარდა ამისა, ამ გამოგონილ ენებზე შექმნა სიმღერები და ლექსები. ამასთან, მწერალი უკვე არსებული, მაგრამ დავიწყებული ენების, მაგალითად შუასაუკუნეების უელსურის და ლომბარდიულის აღდგენითა და განახლებითაც იყო დაკავებული. ტოლკინის ლექსი BagmÄ“ BlomÄ (ხეების ყვავილი) მთელ ათასწლეულში გოთურ ენაზე დაწერილი პირველი ტექსტია.

9. ტოლკინის ნაშრომების დიდი ნაწილი მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა

მწერლების ნაყოფიერებას უმეტესად მათ ცხოვრებაში შექმნილი ნაშრომებით ზომავენ, თუმცა, ტოლკინის შემთხვევაში ასე არაა. ავტორის მიერ დაწერილი სხვადასხვა სახის ტექსტები დარედაქტირდა, გადამუშავდა, შეგროვდა და რამდენიმე ტომად გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ. გამოცემებს უმეტესად მწერლის შვილი, ქრისტოფერი ხელმძღვანელობდა. სიკვდილის შემდეგ დაბეჭდილი უამრავი წიგნიდან ყველაზე ცნობილები სილმარილიონი, ჰურინის შვილები და შუახმელეთის ისტორიაა.

10. ნაცისტების სიძულვილის გამო მწერალს თავისი ნაწარმოების გერმანულად თარგმნა არ სურდა

ტოლკინის აკადემიური საქმიანობა, რომელიც ძველნორდიკული და გერმანიკული ისტორიის, ენისა და კულტურის გაცოცხლებას ემსახურებოდა, ნაცისტურ ელიტაში აღფრთოვანებას იწვევდა, რადგან ტოტალიტარული სახელმწიფოს ლიდერები ანტიკური გერმანიკული ცივილიზაციით გატაცებულები იყვნენ. თუმცა, ჰიტლერი და ნაცისტური პარტია ტოლკინში მხოლოდ ზიზღს იწვევდა. იგი ჰობიტის გერმანულად თარგმნაზე უარის თქმასაც აპირებდა, როცა გერმანელმა გამომცემელმა, ნაცისტური კანონმდებლობის შესაბამისად, მას თავისი "არიული წარმომავლობის" დამტკიცება მოსთხოვა. ამის ნაცვლად, ტოლკინმა გამომცემელს მწვავე ტექსტი მისწერა, სადაც "ნანობდა, რომ ებრაელი წინაპრები არ ჰყავდა". მწერალი თავისი შვილისთვის მიწერილ წერილში ჰიტლერს "პატარა ოხერ უვიცადაც" მოიხსენებდა.