სერიალების მოყვარულების პარიზული ვოიაჟი გრძელდება. ნეტფლიქსმა თავისი პოპულარული რომანტიკული კომედიის, Emily in Paris-ის მე-3 და მე-4 სეზონები დაამტკიცა. სეზონების გადაღებები, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება და წლის მომდევნო სეზონზეც გაგრძელდება. გადასაღები მოედანი ძირითადად ისევ პარიზი იქნება, თუმცა, ვესტუმრებით სხვა ადგილებსაც, მათ შორის, ლონდონს.

Emily in Paris-ის მეორე სეზონი სულ ცოტა ხნის წინ, 22 დეკემბერს გამოვიდა და სტრიმინგ პლატფორმაზე მსოფლიოში 10 ყველაზე პოპულარულ სერიალს შორის მოხვდა; მხოლოდ 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე, 94 ქვეყანაში მას 107,6 საათის განმავლობაში უყურეს. ამასთან, სერიალის პირველი სეზონიც დაუბრუნდა მსოფლიო ათეულს.

ფოტო: Netflix

ახალბედა პარიზელი ემილი კუპერი ნეტფლიქსის მაყურებელმა 2020 წლის შემოდგომაზე გაიცნო. პერსონაჟმა ორიგინალური ჩაცმულობის გამო მოდის მოყვარულებისგან მალევე დაიმსახურა ახალი ქერი ბრედშოუს წოდება (მით უმეტეს, რომ სერიალი დარენ სტარმა გადაიღო, რომელიცSex and the City-ის შემქმნელიცაა).

სერიალის სიუჟეტის მიხედვით, ემილი ჩიკაგოდან პარიზში გადადის სამუშაოდ და ახალ ცხოვრებას იწყებს. მისი მარკეტინგული სტრატეგია წარმატებას აღწევს, თუმცა გამოწვევები მის პირად ურთიერთობებში არ წყდება.

Emily in Paris-ის პირველი სეზონის გამოსვლიდან 28 დღეში სერიალს 58-მა მილიონმა მომხმარებელმა უყურა. პრემიერის კვირასვე ნეტფლიქსის სენსაციად ქცეულმა პროდუქტმა ყველაზე ყურებადი სერიალების ათეულში უკან ჩამოიტოვა გრეის ანატომია და კრიმინალური აზროვნება. ემის დაჯილდოებაზე ემილი პარიზში ორ ნომინაციაშიც იყო წარდგენილი.

ასეთი პოპულარობისა და წარმატების მიუხედავად, სერიალი სტერეოტიპიზაციის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს, მათ შორის, ყველაზე ბოლოს — უკრაინის კულტურის მინისტრმა.