რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვს სჭირდება "რკინა-ბეტონის გარანტიები", რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატოს წევრები. ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რიაბკოვის თქმით, ამ საკითხზე შეთანხმებას და პროგრესს ვერ მიაღწიეს. თავის მხრივ ვენდი შერმანი ამბობს, რომ არ აპირებენ ნატოს ღია კარის პოლიტიკის შეცვლას და რუსეთის მოთხოვნები ვაშინგტონისთვის მიუღებელია.

"ჩვენ მოგვბეზრდა ცარიელი საუბრები, სანახევრო დაპირებები, არასწორი ინტერპრეტაციები, რაც ხშირად ხდება დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დროს. ჩვენ არ ვენდობით მეორე მხარეს. ჩვენ გვჭირდება რკინა-ბეტონის, იურიდიულად წონადი გარანტიები, არა დაპირებები, არამედ გარანტიები, სიტყვებით "უნდა", "ვალდებული ვართ", არ გავხდეთ ნატოს წევრები", — განაცხადა რიაბკოვმა პრესკონფერენციაზე.

დღეს, 10 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს შეხვდა. თითქმის 8-საათიანი შეხვედრის შემდეგ მათ ჟურნალისტებთან ისაუბრეს. ორივე მხარე თანახმაა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, თუმცა კომენტარებით ცხადია, რომ ისინი შორს არიან შეთანხმების მიღწევისგან.

შერმანის თქმით, შეხვედრაზე გულწრფელად და პირდაპირ ისაუბრეს და ეს იყო დისკუსია ერთმანეთის უკეთ გასაგებად. მისივე თქმით, ეს არ იყო ის, რასაც მოლაპარაკებებს ეძახიან. თავის მხრივ რიაბკოვიც ამბობს, რომ შეხვედრა რთული, პროფესიონალური და კონკრეტული იყო. მისივე თქმით, აშშ სერიოზულად მიუდგა რუსეთის მოთხოვნებს.

რიაბკოვმა თქვა, რომ რუსეთს უკრაინზე თავდასხმის გეგმა არ აქვს და აღნიშნა, რომ დასავლეთს შანტაჟისა და სანქციების გარდა არსენალში არაფერი დარჩა. შერმანმა კი განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია რუსეთის მოთხოვნები ნატოს გაფართოების შეჩერებაზე და არ მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ისევე, როგორც ნატოზე, ნატოს გარეშე.

ამავე თემაზე: