საქართველოს დემოკრატიული ინიციტივის (GDI) ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა მოსამართლე მანანა კობახიძის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე. ამ მოთხოვნით ორგანიზაციამ სასამართლოს გასული წლის 22 სექტემბერს მიმართა.

GDI-ს მოთხოვნის საფუძველი გახდა სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გავრცელებული ფარული ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც კობახიძემ აიისას საქმის განხილვისას კონსულტაცია საპატრიარქოს წარმომადგენელთან გაიარა. უფრო ზუსტად, მას დაურეკა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და აცნობა, რომ საპატრიარქო აიისას პროდუქციაზე წმინდანებად შერაცხული დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამოსახვას დაუშვებლად მიიჩნევს და დაინტერესებულია, როგორ დაიცვას ეკლესიამ საკუთარი პოზიცია. ჩანაწერების მიხედვით, მოსამართლემ პროტოპრესვიტერს უპასუხა, რომ პიროვნულად იზიარებს ეკლესიის პოზიციას, თუმცა ეთიკის ნორმიდან გამომდინარე საჯაროდ ამაზე ვერ ისაუბრებს.

GDI-ში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნის არდაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას ახდენს სასამართლოს ავტორიტეტზე და მისდამი საზოგადოებრივი ნდობის ხარისხზე.

"სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა, აიისას საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე მანანა კობახიძის შესახებ ე.წ. სუს-ის კრებსებიდან გავრცელებულ ინფორმაციას არ მიიჩნევს სარწმუნოდ/ავთენტურად, შესაბამისად უარს ამბობს მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე. მაშინ, როდესაც, სასულიერო პირი მოსამართლესთან კომუნიკაციის ფაქტს საჯაროდ ადასტურებს, ხოლო, ამავე ინფორმაციის თანახმად, მანანა კობახიძე გენერალური პროკურატურისგან აღნიშნული ფაქტის შესახებ სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. GDI მიიჩნევს, რომ სასამართლოს პასუხი უკანონო, ფორმალისტური და დაუსაბუთებელია", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

GDI-ის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება იმ არგუმენტს დააფუძნა, რომ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა არ დასტურდება, თუმცა ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს არადამაჯერებელი არგუმენტია. GDI-ში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარეს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმაზე, გავრცელებული ინფორმაცია რამდენად ქმნის საკმარის საფუძველს მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შესატანად.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმალისტური პასუხი დაყენებულ შუამდგომლობაზე აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების თაობაზე. ხოლო ამავე პერიოდში მანანა კობახიძის არჩევა მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ, დამატებით მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო არაა მოწოდებული, დაიცვას საკუთარი ავტორიტეტი, შეინარჩუნოს საზოგადოებაში ნდობა და მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

აღსანიშნავია, რომ მანანა კობახიძის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების გარდა GDI აიიისას საქმეზე მის აცილებასაც ითხოვს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამ საკითხის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

გაიგე მეტი: