პირველად ისტორიაში, ამერიკელმა ქირურგებმა ადამიანს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორისგან გული გადაუნერგეს. ამის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს, მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლამ გაავრცელა.

ოპერაცია პარასკევს ჩატარდა და ეს პირველი ნათელი მაგალითია, რომ ცხოველის გულის გადანერგვა შესაძლებელია, ნათქვამია განცხადებაში.

პაციენტი 57 წლის დევიდ ბენეტია. მერილენდის მკვიდრს ახლა ყურადღებით აკვირდებიან, რათა დადგინდეს, როგორ მუშაობს მისი ახალი ორგანო.

"ეს არ იყო დიდი არჩევანი. მოვკვდებოდი, ან ამას გავაკეთებდი. მე მინდა ვიცოცხლო. ვიცი, რომ ეს სიბნელეში გასროლას ჰგავს, მაგრამ ეს ჩემი ბოლო არჩევანია", — თქვა მან ოპერაციამდე ერთი დღით ადრე. ბენეტმა, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვე საწოლში მიჯაჭვულმა სიცოცხლის დამხმარე აპარატზე გაატარა, დასძინა: "მოუთმენლად ველი, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ საწოლიდან ავდგები".

სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ ახალი წლის ღამეს ოპერაციისთვის გადაუდებელი ნებართვა გასცა, როგორც ბოლო მცდელობა პაციენტისთვის, რომელიც ჩვეულებრივი ტრანსპლანტაციისთვის არ იყო განკუთვნილი.

"ეს იყო უმნიშვნელოვანესი ოპერაცია და ერთი ნაბიჯით გვაახლოებს ორგანოების დეფიციტის კრიზისის მოგვარებასთან. ჩვენ სიფრთხილით ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ასევე ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ეს მომავალში მნიშვნელოვან სიახლეებს მოგვიტანს", — თქვა ბარტლი გრიფიტმა, რომელმაც ქირურგიულად გადანერგა ღორის გული.

ბენეტის დონორი ღორი გენურად მოდიფიცირებული იყო. მან გენეტიკური რედაქტირების პროცედურა გაიარა, რათა დაეკარგა გენი, რომელიც გამოიმუშავებს კონკრეტულ შაქარს, რაც სხვაგვარად გამოიწვევდა ძლიერ იმუნურ პასუხს და მოხდებოდა ადამიანის სხეულის მიერ ორგანოს უარყოფა.

გენური მოდიფიცირება შეასრულა ბიოტექნოლოგიურმა ფირმა Revivicor-მა. ეს კომპანია მონაწილეობდა გასული წლის ოქტომბრის ოპერაციაში, რა დროსაც ქირურგებმა გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი ადამიანზე წარმატებით გამოსცადეს.

ასევე: ღორის თირკმელი უკვე ორ ადამიანს მიუერთეს — მეთოდი წარმატებით მუშაობს

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 110 000 ამერიკელი ამჟამად ელოდება ორგანოს გადანერგვას და ყოველწლიურად 6 000-ზე მეტი პაციენტი იღუპება, სანამ ისინი მიიღებენ კონკრეტულ დახმარებას.

დღეს ღორის გულის სარქველები ფართოდ გამოიყენება ადამიანებში. ასევე, დამწვრობის შემთხვევაში გამოიყენება ღორის კანი. ღორები იდეალურ დონორებს წარმოადგენენ მათი ზომის, სწრაფი ზრდისა და გენეტიკური თანხვედრის გამო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.