2022 წელი ცოტა ხნის წინ დადგა, მაგრამ Apple-ის მომავალ აიფონებზე საუბარი უკვე დაიწყო და მეტიც, DylanDKT ტვიტერზე ამტკიცებს, რომ iPhone 14 Pro ხაზს ერთი ეკრანში ამოჭრილი მრგვალი წინა კამერა ექნება, ხოლო Apple-ის Face ID-ისთვის განკუთვნილი ყველა სენსორი, კუნძულის მაგივრად, ეკრანქვეშ მოთავსდება.

ეს ინფორმაცია შესაძლოა სავსებით მართალი აღმოჩნდეს. ამის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს უკვე საუბრობდა ეფლის ყველაზე ავტორიტეტული ინფორმატორი, მინგ-ჩი კუო. მისი თქმით, iPhone 14 Pro და 14 Pro Max hole-punch კამერას მიიღებენ.

iPhone X 2017 წელს გამოვიდა და Apple-მა ცვლილება თავის კუნძულში პირველად შარშან, iPhone 13-ების ხაზში შეიტანა. გასულ წელს გამოსული iPhone 13-ების კუნძულის ზომამ მცირედით დაიკლო.

Face ID-ის ეკრანის ქვეშ გადატანა გონივრული ნაბიჯი იქნება რადგან ამით მისი IR სკანერები არ დაზარალდება. წინა კამერების შემთხვევაში დანაკარგი დიდია, ტექნოლოგია ახლა იხვეწება მისი ეკრანქვეშ მოთავსება ჭკვიანური ნაბიჯი ნამდვილად არ იქნებოდა.

Apple ამ გზით უკვე თამამად გაუწევს კონკურენციას ანდროიდ სმარტფონებს, რომლებიც კამერებისთვის განკუთვნილი პატარა ხვრელებით დიდი ხანია იწონებენ თავს. სიმართლე რომ ვთქვათ, Apple-ის კუნძული უშნოდ გამოიყურებოდა და მის გაუმჯობესებაზე ეფლს ნამდვილად უნდა ეზრუნა.

აქვე, უნდა ითქვას ისიც, რომ ამ სიახლესთან ერთად გაჩნდა მოლოდინი, რომ Apple თავის Touch ID-ის დააბრუნებდა და ეკრანქვეშ განალაგებდა, თუმცა მინგ-ჩი კუოს თქმით, ეს 2023 წლამდე მაინც არ მოხდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.