1991 წლის 25 დეკემბერს, 19:32 საათზე, საბჭოთა დროშა კრემლიდან დაეშვა და მისი ადგილი თეთრ, ლურჯ და წითელ ჰორიზონტალურ ზოლებში გადაწყვეტილმა რუსულმა რევოლუციამდელმა დროშამ დაიკავა. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო, მაგრამ ის წითელ მოედანზე შეკრებილი რამდენიმე უცხოელისა და ომის გაბრაზებული ვეტერანის გარდა არავის უნახავს.

ეს ვიცი, რადგან უცხოელები ჩემი ცოლი და შვილი იყვნენ, რომლებიც ღამის ცის ფონზე დროშის აღმართვას მხიარული შეძახილით შეხვდნენ და დროც დაინიშნეს. იმ დღეს, 30 წლის წინ, მიხეილ გორბაჩოვმა, საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა ლიდერმა, ხალხს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა და გადადგა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვიყავი იმ წუთებში წითელ მოედანზე, ჩემს ოჯახთან ერთად.

იმ საღამოს The Times-ისთვის საბჭოთა სახელმწიფოს ნეკროლოგი დავწერე: "უტოპიურ დაპირებაში ჩასახული და 1917 წლის დიდი ოქტომბრის რევოლუციის ძალადობრივი აჯანყების შედეგად დაბადებული კავშირი, 1991 წლის დეკემბრის ბოლოს საზარელ სიბნელეში, იდეოლოგიისგან განძარცვული, დაცალკევებული, გაბანკროტებული და მშიერი, დაინგრა, მაგრამ ამ დანგრევაშიც კი ის შემაძრწუნებელი იყო".

ბევრი დასავლელის მსგავსად, იმ დროს მეც ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, რომ კომუნიზმის კოლაფსი სტაბილური დემოკრატიზაციის პროცესს მისცემდა დასაბამს — ეს იქნებოდა "ისტორიის დასასრული", როგორც ასე დასამახსოვრებლად და ნაადრევად უწოდა მას ფრენსის ფუკუიამამ. მაგრამ ის რუსული ხმები, რომლებიც ჩემამდე მოდიოდა, ნაკლებად იმედისმომცემი იყო. "საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებთან განშორება რთული და ხანგრძლივი იქნება", — აფრთხილებდა მკითხველს სამთავრობო ყოველდღიური გაზეთი, Izvestia. საბჭოთა სახელმწიფომ ხალხს თავისუფლება წაართვა, მაგრამ მისცა რაღაც სხვა: ზესახელმწიფოს მოქალაქეობის სიამაყე — ძალა, — წერდა Izvestia, — რომელიც "ნაციონალიზმის თანასწორი" და "მილიონობით ფანატიკური მხარდამჭერის გამაერთიანებელი" იყო.

საეჭვოა, რომ ვლადიმერ პუტინის მთავრობა დეკემბრის ბოლოს ამ მოვლენის წლისთავს აღნიშნავდა, როდესაც Memorial International, რუსეთში ყველაზე ცნობილი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია დახურეს ან როდესაც კრემლმა, ევროპის დასაშანტაჟებლად, სამხედრო ნაწილები შეიყვანა უკრაინის საზღვართან, რათა დასავლეთს მისი მეზობელი ქვეყნისგან თავი შორს დაეჭირა. მაგრამ ეს ქმედებები Izvestia-ს წინასწარმეტყველების სამწუხარო დადასტურება კი იყო.

Memorial გვიანდელ 1980-იან და 1990-იან წლებში დაბადებული იმედის ნაყოფი იყო — ორგანიზაცია, რომელიც სტალინისტური წმენდებისა და შრომითი ბანაკების მსხვერპლთა აღმოჩენასა და დახმარებაზე იყო ორიენტირებული. თავდაპირველად მისი საქმიანობა მთავრობამ აღიარა და მიიღო, შემდეგ კი მის არსებობას, უბრალოდ, ითმენდა, რადგან კრემლი სულ უფრო და უფრო რეპრესიული ხდებოდა. საბოლოოდ კი ის პუტინმა იმ სამოქალაქო ორგანიზაციების ნაგავსაყრელის გზას გაუყენა, რომელთაც "უცხოეთის აგენტების" და "ტერორიზმის მხარდამჭერების" იარლიყები მიეწებათ. ბრალდებებს საბჭოთა კავშირისთვის ნიშნეული ამბივალენტურობა ახასიათებდა — Memorial სხვა არაფერი იყო, თუ არა ადგილობრივი პასუხი საბჭოთა რეპრესიულ ტერორიზმზე.

ის გარემოება, რომ Memorial სწორედ მაშინ დაიხურა, როდესაც მასობრივად დაიწყეს რუსული შენაერთების გადასროლა უკრაინის საზღვართან, შეიძლება არ იყო გამიზნული ქმედება, მაგრამ უდავოა, რომ ეს საკმაოდ საეჭვო დამთხვევაა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პუტინმა საგრძნობლად განამტკიცა თავისი ძალაუფლება, როცა კონსტიტუციური ცვლილებით საშუალება მიეცა, სიცოცხლის ბოლომდე იყოს ხელისუფლების სათავეში, დააკავა ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და გააძლიერა ანტიდასავლური რიტორიკა.

გამძაფრებულ აგრესიას დაემთხვა ჯო ბაიდენის თეთრ სახლში შესვლა — რამაც წერტილი დაუსვა იმ აბსურდულ პატივისცემას, რომელსაც დონალდ ტრამპი პუტინის მიმართ იჩენდა — და ანგელა მერკელის, ანუ იმ ადამიანის გადადგომას, რომელმაც რუსეთის მიმართ ევროპული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში არსებითი როლი შეასრულა.

რუსეთის ყოფილი დიპლომატის, ვლადიმერ ფროლოვის თანახმად, 2021 წლის დასაწყისიდან კრემლი დასავლეთის მიმართ ახალ სტრატეგიაზე გადაეწყო, რომელსაც მან, ნახევრად ირონიულად, Détente 2.0 უწოდა. რუსულ ვებსაიტზე, Coltra.ru, ფროლოვი აღნიშნავს, რომ ახალი მიდგომის მიზნებია დასავლეთთან ურთიერთობის რუსეთისთვის სასარგებლო პირობებით სტაბილიზება — ამ მხრივ, უკრაინის ნეიტრალიტეტი მთავარი მიზანი გახლავთ — და ის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მოსკოვმა ისეთივე გეოპოლიტიკური სტატუსი მოიპოვოს, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვთ.

ფროლოვის მტკიცებით, ცვლილებებს მიღმა დგას პუტინის რწმენა, რომ დასავლეთთან დაახლოების მცდელობა და ადამიანის უფლებების დასავლური ღირებულებების დამკვიდრება მხოლოდ და მხოლოდ ძირს უთხრის რუსულ სახელმწიფოებრიობას. ამასთანავე, კრემლს სჯერა, რომ 30 წლის წინანდელი სიტუაციისგან განსხვავებით, დღეს შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები დასუსტდნენ და მზად არიან ჩინეთისკენ მისაბრუნებლად; რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი რუსეთთან დაძაბულობის განსატვირთად ფასსაც გადაიხდიან. სიტყვები, "ჩვენი სტრატეგია ისაა, რომ რუსეთი ყოველთვის მართალია", ახალ ხედვას გამოხატავს, წერს ფროლოვი.

თუ ეს მართლაც ასეა და პუტინსა და მის გარემოცვას ამის სჯერათ, მაშინ, შესაძლოა, თავი ჩიხში მოიმწყვდიონ. დღევანდელი რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირი. მისი ეკონომიკა გაცილებით უფრო დაუცველია დასავლური სანქციების მიმართ. შეერთებულ შტატებსა და მის მხარდამჭერებს, თავიანთი შიდა პრობლემების მიუხედავად, მისთვის გაცილებით მეტი ეკონომიკური ზიანის მიყენება შეუძლიათ. რუსეთი ვერც ინფორმაციას და ვერც თავის საზოგადოებაზე დანარჩენი სამყაროს გავლენას ვერ აკონტროლებს ისე, როგორც ამას საბჭოთა კავშირი აკეთებდა. ისევე, როგორც მსოფლიოს უდიდესი ნაწილი, რუსებიც ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით იღებენ და შედარებით თავისუფლადაც მოგზაურობენ.

მეტიც, პუტინის რუსეთი მოკლებულია იდეოლოგიურ საფუძველს, რომელსაც საბჭოთა კავშირი თავის ლიდერებს ერთპიროვნული ძალაუფლების შესანარჩუნებლად სთავაზობდა. ის ებღაუჭება დემოკრატიულ ნორმებს და მაინც არღვევს მათ იმ ფარდის უკან, რომელიც რუსების უმეტესობისთვის გამჭვირვალეა. და იმისდა მიუხედავად, რომ მრავალი რუსი, შეიძლება, იზიარებდეს პუტინის პრეტენზიას უკრაინასთან განსაკუთრებული ნათესაური კავშირის თაობაზე, დარწმუნებით არ შეიძლება იმის თქმა, თუ როგორი რეაქცია ექნებათ მათ უკრაინაში აშკარა სამხედრო შეჭრაზე.

მაგრამ დასავლეთმაც უნდა აღიაროს, რომ რუსეთის მუქარები და მოთხოვნები ბოლომდე ცარიელი არ არის და რომ სამხედრო პასუხის გამორიცხვით მას რუსეთის მიმართ ნაკლები ბერკეტი აქვს. და მაინც, არსებობს გზები, რომელთა მეშვეობითაც შეერთებულ შტატებს სიტუაციის განეიტრალება რუსეთთან იმ აბსურდული ოფიციალური შეთანხმების დადების გარეშე შეუძლია, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარებს.

30 დეკემბერს 50-წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენის, ასევე პუტინის სპიკერებმა განაცხადეს, რომ მათ კვლავ გაცვალეს მკაცრი მუქარები. მაგრამ ის ფაქტი, რომ მსგავსი ზარი დეკემბერში ორჯერ განხორციელდა და რომ უახლოეს მომავალში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და რუსეთსა და ნატოს შორის უსაფრთხოების თაობაზე დიალოგების გამართვა იგეგმება, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია. ეს კრიზისის დიპლომატიურ ენაზე გადაყვანას მოასწავებს და იმას აჩვენებს, რომ დასავლეთი მზადაა, რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები სერიოზულ საკითხად აღიაროს.

ვაშინგტონს ასევე შეუძლია, რომ უკრაინას დაძაბულობის განსამუხტად ზომების მიღებისკენ მოუწოდოს. RAND კორპორაციის წარმომადგენელმა, სემუელ ჩარაფმა წამოაყენა იდეა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა წააქეზოს კიევი, რათა ამ უკანასკნელმა ექვსი წლის წინანდელი მინსკის მეორე შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება დაიწყოს. შეთანხმების თანახმად, უკრაინას უნდა გადაეცა გარკვეული ძალაუფლება აღმოსავლეთ უკრაინის აჯანყებულთა ხელში მოქცეული ტერიტორიებისთვის — რაც, ფაქტობრივად, მათი განსაკუთრებული სტატუსის აღიარებას უდრის — იმის სანაცვლოდ, რომ რუსული შენაერთები უკან დაიხევდნენ საზღვრიდან. ის, რომ უკრაინას ამ შეთანხმების პირობების შესრულება არ სურს, რასაკვირველია, გასაგებია, მაგრამ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმამ, შესაძლოა, არსებული დაპირისპირება დიპლომატიით ჩაანაცვლოს.

ზესახელმწიფოობა, როგორც ეს 30 წლის წინ Izvestia-მ აღნიშნა, მოსაშორებლად რთული ჩვევაა და დასავლეთის ვალია, პუტინი იმპერიული ილუზიებისგან განძარცვოს. თუმცა პუტინის პოზიციის ბლეფად შერაცხვა სარისკო ნაბიჯი იქნება, გვაფრთხილებს ფროლოვი და ობამას ადმინისტრაციის პრინციპს იხსენებს — "ზესახელმწიფოები ბლეფზე არ მიდიან".