კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პრეზიდენტს მოუწოდებს ვეტო დაადოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. გარდა ამისა, ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილისგან ითხოვენ კანონპროექტი პარლამენტს შესაბამისი, მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს. საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტმა 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით დაამტკიცა.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ცვლილებები ასუსტებს ინდივიდუალურ მოსამართლეებს და საპირისპიროდ, აძლიერებს შიდა კლანურ გავლენებს.

"ის წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებასთან — ჩატარდეს მართლმსაჯულების ძირეული რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლოს შესაქმნელად და მის მიმართ ნდობის აღსადგენად. ცვლილებები კიდევ უფრო აძლიერებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ინდივიდუალურ მოსამართლეებს ამ ინსტიტუტის ძალაუფლების მიმართ მეტად მოწყვლადს ხდის", — წერია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

მათი განცხადებით, მსგავსი ცვლილებები შემდგარი დემოკრატიის ქვეყნებშიც საყოველთაო განხილვის შედეგად უნდა მიიღებოდეს, მით უმეტეს საქართველოში, "სადაც სასამართლო სისტემისადმი ნდობა უკიდურესად დაბალია".

ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ ცვლილებების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც მოსამართლის მივლინების ვადა 1-დან 2 წლამდე იზრდება.

"ცვლილებების შედეგად, უქმდება ის პოზიტიური საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც 2012 წლის შემდგომ მივლინების წესების რეგულირებას მოჰყვა. როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში მივლინება ურჩ მოსამართლეთა დასჯის ეფექტიან მექანიზმად გამოიყენებოდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით საკანონმდებლო გარანტიების გაუარესებით მოქმედი ხელისუფლება მოსამართლეთა სამართავად იმავე მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას ცდილობს, რომლის აღმოსაფხვრელადაც სულ რამდენი მე წლის წინ თავადვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები", — ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე შეფასებით, ცვლილებები აფართოებს მივლინების საფუძვლებს და "მოსამართლის ნებართვის გარეშე (ფაქტობრივად, იძულებით) მისი სხვა სასამართლოში მივლენა შესაძლებელი ხდება ისეთი ზოგადი მოტივით, როგორიცაა მართლმსაჯულების ინტერესი".

არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა ეხება ცვლილებების იმ ნაწილსაც, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის უფლება უკვე ზედიზედ ორჯერ იქნება შესაძლებელი.

"იმ პირობებში, როდესაც კრიტიკის მთავარი საფუძველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული კორპორატივიზმისა და კლანურობის პრაქტიკაა, ასეთი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობის ერთი და იმავე პირების მიერ განგრძობადად დაკავების დაშვება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია", — აცხადებენ ორგანიზაციები.

აღსანიშნავია, რომ კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ცვლილებების დამტკიცებამდე, ჯერ კიდევ 28 დეკემბერს მიმართა პარლამენტს და განხილვის შეჩერება მოითხოვა.

ნახეთ, რას გულისხმობს ცვლილებები: